1 ივლისი, 2023

თამარ მეფის უნიკალური ორდენი საქართველოშია

თამარ მეფის უნიკალური ორდენი საქართველოშიათამარ მეფის უნიკალური ორდენი საქართველოშია.

სასიხარულო ინფორმაცია ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ გაგვიზიარა:

“მოგეხსენებათ, რომ მაის-ივნისში გოეთეს ინსტიტუტში გამოფენა მოვაწყვეთ “გრაფი შულენბურგი და საქართველოს პირველი რესპუბლიკა”. მისმა ძმის შვილიშვილმა, შტეფან გრაფ ფონ დერ შულენბურგმა თბილისში ჩამოიტანა და გამოფენილი იყო ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგის “თამარის ორდენი”, რომელიც შეძენილი იქნა ელენე დარიანის წიგნის გამოსაცემად შეგროვებული ფულის დარჩენილი ნაწილიდან (აქვე კიდევ ერთხელ მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველა შემომწირველს) ჩვენი მუზეუმისთვის და დღეიდან ლიტერატურის მუზეუმში იქნება დაცული.

ეს ორდენი ორმაგად ძვირფასია, რადგან ასეთი ადრეული ეგზემპლარი ამ ორდენისა აქამდე საქართველოში არ გვქონდა და ის საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე დიდი დამსახურების მქონე გერმანელი დიპლომატის შულენბურგის ნაქონია.

თამარ მეფის ორდენი / Der Orden der Königin Tamar(a) 1916 წელს დაწესდა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარეზე მებრძოლი საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ, როგორც საპატიო და სამახსოვრო ნიშანი ქართული ლეგიონის წინაშე დამსახურებისათვის, რომელიც 1917 წ. გადაკეთდა ჯილდოდ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებისათვის მათი ღვაწლის აღსანიშნავად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში.

ვარსკვლავის ფორმის ნიშანი ოსმალური სამხედრო მედლის მიბაძვით იყო გაკეთებული. ამ მედალს, რომელიც სულთან მეჰმედ V-მ დააწესა 1915 წ., გერმანელები „რკინის ნახევარმთვარეს“, ბრიტანელები კი „გალიპოლის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ.
„ორდენს“ ვარსკვლავის ფორმა ჰქონდა, რადგან ჯვრის ფორმა მაჰმადიანთათვის მიუღებელი იქნებოდა (შეგახსენებთ, რომ ქართული ლეგიონი ოსმალეთის იმპერიაში იყო დაარსებული და მასში ქართველი მუსლიმებიც იყვნენ).

„ორდენი“ მიღებულ იქნა გერმანიის გენერალური შტაბის პოლიტიკური სექციის თანხმობით და ქართული კომიტეტის მიერ გაიცემოდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, პეტრე სურგულაძემ პირველი ორდენი გადასცა გენერალფელდმარშალ ჰინდენბურგს. ორდენი მიიღეს ასევე ლუდედენდორფმა, ლოსომ, შულენბურგმა, გალენმა და ლეგიონის დაშლის შემდეგ ლეგიონის ყველა წევრმა.

ორდენი დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, განსაკუთრებით 1918 წ. კავკასიაში მყოფ გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური მისიის წევრთა შორის.

რადგან სოციალისტები ორდენებს ცუდი თვალით უყურებდნენ და განსაკუთრებით იმის გამო, რომ ორდენი დაარსებული იყო „ნაციონალისტური“ ქართული კომიტეტის მიერ (უნდა ითქვას, რომ 1918 წ. მთავრობა დიდი ხალისით ურიგებდა ცარისტულ გიორგის ჯვრებს წარჩინებულ ქართველ სამხედროებს), საქართველოს სამხედრო სამინისტრო ძლივს დაითანხმეს, ორდენი, როგორც სამახსოვრო ნიშანი, მიენიჭებინა ყველა იმ გერმანელი სამხედროსათვის, ვინც საქართველოში იყო 1918 წ. დეკემბრისათვის. რადგან საქართველოს სახელმწიფოს ორდენების დამზადების ფული და დრო არ ჰქონდა, გერმანელებს მხოლოდ სიგელები დაურიგეს, მათ კი თვითონ უნდა შეეკვეთათ ოქრომჭედელთან და ეყიდათ გერმანიაში თავიანთი ჯილდო. ამის გამოც არსებობს ორდენის სხვადასხვანარი გაფორმება, ღარიბულიდან ძალიან მდიდრულამდე.

თამარ მეფის ორდენი, რომელიც, გერმანელი დიპლომატის ვიპერტ ფონ ბლიუხერის თქმით, „თავისი სიდიდითა და მდიდრულობით ყველა გერმანულ სამხედრო დეკორაციას ჩრდილავდა“, საქართველოს ისტორიაში პირველი ორდენი იყო.”

tamar-mefis-orde.jpg