20 აგვისტო, 2021

ძალიან საინტერესო ისტორია თამარ მეფეზე

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეფეზე – თამარზე და მის განსასვენებელზე არაერთი ისტორიაა ცნობილი.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ძალიან საინტერესო ამბავს გვიზიარებს:

“1195-1220 წლებს შორის ბეზანსონის მთავარეპისკოპოსს ამედე დეტრემლეს რაინდმა დებუამ შემდეგი შინაარსის ლათინური წერილი გაუგზავნა:

„ღირსსა, ქრისტეს მიერ მამასა და მეუფეს ამადეოს, ღვთის განგებით ბეზანსონის არქიეპისკოპოსს, მორჩილი მსახური გ.დებუა, ამინ… გადავწყვიტე, მოკლედ გაუწყოთ აღთქმული ქვეყნისა და მასზე მიმდებარე სხვა მხარეთა შესახებ დარხეული ხმები… გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეოგნებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, აიღეს 300 ციხე-სიმაგრე და 9 დიდი ქალაქი; ამათაგან უმტკიცესნი ხელუხლებლად დატოვეს და თვითონ დაიკავეს, დანარჩენნი კი ნაცარტუტად აქციეს. დასახელებულ ქალაქთაგან ერთ-ერთი, ევფრატზე მდებარე, ურწმუნოთა ქალაქებს შორის ყველაზე ცნობილი და დიდი იყო. მბრძანებელი ამა ქალაქისა-ბაბილონის სულთანის ძე ზემოხსენებულმა ქრისტიანებმა შეიპყრეს და თავი მოკვეთეს, თუმცა იგი მათ აურაცხელ ოქროს აღუთქვამდა. კიდევ რა უნდა ვთქვა დაწვრილებით? ისინი რომლებიც მოვიხსენიე, მოვლენ წმინდა იერუსალიმის გასათავისუფლებლად და დაიმორჩილებენ ურწმუნოთ, სახელგანთქმული მათი თექვსმეტი წლის მეფე მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებულობით, რწმენით კი არა. ამ ახალგაზრდას მიაქვს დედამისის-უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან თამარს მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად.“

XX საუკუნის 70-იან წლებში მკვლევარი ვასილ ჩაჩანიძე ვატიკანში ცნობილ მეცნიერს მიხეილ თარხნიშვილს შეხვდა, მან მკვლევარს თამარ მეფის ცხედრის იერუსალიმში გადასვენების მეტად საინტერესო ამბავი მოუყვა. თარხნიშვილის თქმით, ვატიკანის ფონდებში იყო მეტად იშვიათი საბუთი, რომლის ავტორის, უცნობი ფრანგი რაინდის გადმოცემით მონღოლების შემოსევის წინა პერიოდში საქართველოდან იერუსალიმში გადაუსვენებიათ თამარ მეფის ცხედარი და მეფის ნეშტთან ერთად საქართველოს სამეფო სასახლის განძიც წაუღიათ. ცნობის მიხედვით ქართველთა ლაშქარს, რომელიც მიასვენებდა თამარის ცხედარს, მიუძღოდა ახალგაზრდა უფლისწული, როცა ლაშქარი ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიას მიადგა, მათ ევროპელი რაინდები შეეგებნენ, ქართველ უფლისწულს მიუსამძიმრეს სამშობლოში დამდგარი ავბედითობა და დიდებული ქართველი მეფის ცხედარი საპატიოდ გააცილეს თავიან ტერიტორიაზე. ქართველთა ჯარმა უხიფათოდ მიაღწია იერუსალიმს და თამარ მეფის ცხედარი ქართველთა მონასტერში დაკრძალა…

დანარჩენი ჩემს წიგნში: “ქართველები მსოფლიო ისტორიაში”. ტომი მე-15. ფოტოზე: თამარი და შოთა რუსთაველი. გიორგი ერისთავი. ხელოვნების სასახლის კოლექცია.”