18 აპრილი, 2024

ბესიკ ხარანაული: „ჰეი, საქართველო!”

პოეტი ბესიკ ხარანაულის უმნიშვნელოვანესი მიმართვა საქართველოს – “ჰეი, საქართველო, ბევრს ელანდები შენ უსაქართვლოდ“

„შეიძლება იყოს კაცი
ღატაკი და უსახლკარო,
მაგრამ არასდროს იფიქრებს:
საქართველო – უსაქართვლოდ!
შეიძლება იყოს კაცი,
ბოროტი და უსამართლო,
მაგრამ არასდროს იფიქრებს:
საქართველო – უსაქართვლოდ!
შეიძლება ადრე მოკვდეს,
შეიძლება დიდხანს გაძლოს,
მაგრამ არასდროს იფიქრებს:
საქართველო – უსაქართვლოდ!
მაშ, ვინ არის, ვინ აჭორებს,
შორს ცხოვრობს თუ ჩვენში სახლობს,
მაშ, ვისი ოცნება არის
„საქართველო – უსაქართვლოდ!“
მე ჩემზე ვერ წარმოვიდგენ
და სხვას როგორ დავაბრალო,
მაგრამ ეჭვი რაკი ითქვა,
ჩანს, რომ აზრი დაწანწალებს,
ქართველები – უსახლკაროდ,
საქართველო – უსაქართვლოდ!
მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა,
ან ვის უნდა შევუთვალო,
მაგრამ რაკი აზრი არის,
ჩანს, ვიღაცა კიდეც სწყალობს,
ჩანს, ვიღაცას ძლიერ უნდა
საქართველო – უსაქართვლოდ!
არსაიდან არმოსული
არსად წავა არასა-დროს,
არ იქნება უვაზოდ და
არ იქნება უთავთავოდ,
არასოდეს არ იქნება
საქართველო – უსაქართვლოდ!
რასაც არ აქვს დასაწყისი,
იმას არ აქვს დასასრული.
აქ მოზილა თიხა ღმერთმა,
აქ ჩაუდგა ადამს სული,
სამოთხე ამ მიწაზეა
და ედემიც თვალს აქ გტაცებს,
და მხოლოდ აქ ეძახიან
კარგ ხალხს
ქრისტეს თიხის კაცებს…
და ამ აზრსა ნაბოროტალს,
არც მივიტან გულთან ახლოს,
არასოდეს არ იქნება
საქართველო – უსაქართვლოდ!
როგორც მზე და
როგორც მთვარე,
და როგორც მე –
უსახლკარო,
არასოდეს არ იქნება
საქართველო – უსაქართვლოდ!“