რეჟისორი თემურ ბაბლუანი არაერთი საოცარი ისტორიის მომსწრეა, თუმცა პარიზში მომხადრი ამბავი, რომელსაც “არტ ინფო” გაგიზიარებთ, მისთვის განსაკუთრებულია:
“ზაფხული იყო. ჩემები წასულები იყვნენ და მარტო ვიყავი სახლში. ერთი კაცი მყავდა შემჩნეული, დადიოდა წვერგაბურძგნული.
ერთხელაც ჩამოვჯექი, მომადგა და დგას. ფული უნდა. მათხოვარია. მივეცი ფული, მეგონა წავიდოდა და უცებ მესმის – “მადლობთ”. ქართველი ხარ? – ვეკითხები. ხმას არ იღებს. დაჯექი-მეთქი და დაჯდა. შეჭამ მეთქი რამეს? – არ იღებს ხმას. მოვატანინე საჭმელი, ეგრევე შეჭამა. რასაც გელაპარაკები, ხომ გესმის-მეთქი. არ იღებს ხმას. წავიყვანე იქვე საპარიკმახერო იყო და გავპარსე. გაპარსეს და ახალგაზრდა, გამხმარი, გაყვითლებული კაცი. ცოტა ისე ეცვა. მე სქელი ვარ და ჩემი ტანსაცმელი არ მოუვიდოდა. იქვე მაღაზიაში შარვალი ვუყიდე და ფეხსაცმელი. ავიყვანე სახლში, შედი-მეთქი, დაიბანე. დაიბანა. საროჩკა მქონდა დიდი, ის მივეცი. ზაფხული იყო. დაიძინე-მეთქი რა, აქ დარჩი. ვეუბნები, თუ ტელეფონზე გინდა დარეკვა თბილისში, საქართველოში, სადმე, დარეკე-მეთქი. არ იღებს ხმას. ერთი თქვა “მადლობთ”. რომ ველაპარაკები, ესმის, პასუხს არ მაძლევს, მაგრამ რაღაცეებს ასრულებს. მერე ვიფიქრე, ღამე არ ადგეს, თავში რაღაც არ ჩამარტყას-მეთქი, კარებზე სკამები ავაყუდე, თუ გააღებდა, გამეღვიძებოდა, მაგრამ არაფერი. დილას იჯდა საცოდავად. გაზი არ დატოვოს სახლში, არ რაღაცა და ვუთხარი, საღამოს მე მოვალ, აქ დამელოდე-მეთქი. მივეცი 5 ევრო. მოვედი საღამოს, იქ იყო. კიდევ ვაჭამე საჭმელი, კიდევ ვეკითხები, საიდან ხარ, რა გჭირს, ვერ არის საწყალი კარგად. გინდა ვიმღეროთ, მუსიკები მაქვს, მოგასმენინებ. არ აინტერესებს. ბოლოს ვუთხარი, აი, ფანქარი, ფურცელი, დაწერე რამე-მეთქი და დაწერა “დედა”. კიდევ დაწერე-მეთქი რამე და არაფერი არ დაწერა. მეოთხე დღე იყო, ვუთხარი, შეიძლება ვერ მოვიდე ადრე, ხელფასი მქონდა, აჰა, შენ 50 ევრო, გქონდეს, თუ რამე მოგინდება-მეთქი და უცებ დავინახე, რომ ამ ფულს მნიშვნელობა მისცა. და რომ მოვედი აღარ იყო, გაქრა და გაქრა. ვინ იყო, რა იყო, არ ვიცი – ერთი თქვა “მადლობთ” და მეორე დაწერა “დედა”.