13 მარტი, 2024

სანდრო ელოშვილის ძალიან კარგი წერილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ძალიან კარგ წერილს გვიზიარებს, რომელიც თბილისსა და თბილისელებზეა:

“მთელი ბავშვობა მესმოდა რომ თბილისელები ამპარტავანი ადამიანები იყვნენ, ზემოდან უყურებდნენ სხვა ქალაქის თუ რეგიონის მაცხოვრებლებს და ამიტომაც ვერ “გვიტანდნენ” ვერსად…
ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ… ასეც იყო და ისეც…
ახლა ეს ყველაფერი გაქრა, აღარც “ყავა”-ს გვეძახიან სხვაგან და ჩვენი თბილისური სეპარატიზმიც ნელ-ნელა მინელდა… სწორეცაა, ასეც უნდა იყოს! არც მაშინ და არც ახლა თავი ვინმეზე მეტად, ვინმეზე უპირატესად არ მიმაჩნდა… მთელი ჩვენი “მინუსი” ის იყო, რომ უბრალოდ “ვიჩემებდით” ამ ქალაქს!
და რა იყო ეს ყველაფერი? რა ჰქონდა ამ ქალაქს ისეთი რასაც ვერავის ვუყოფდით? არავისთვის გვეთმობოდა?!
ამ ფოტოზე რუსთაველის გამზირია… 40 ნომერი… სადაც დავიბადე და გავიზარდე… “ლუქსის” ეზოს ეძახდნენ.
ახლა სხვაგან ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მაქვს აქ სახლი, ამ ადგილას გავლაც კი ცუდად მხდის… როგორც გალაკტიონი იტყოდა “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული…”
იმ თბილისს და იმ თბილისელობას ასე რომ გვაძახებდნენ თუ ვიძახებდით, ვერც აგვიხსნიან და ვერც ჩვენ ავხსნით რითი იყო გამორჩეული! იმიტომ კი არა, რომ არ იყო… უბრალოდ სიტყვით არ ითქმება… არ აიხსნება…
თუ არ გიგრძვნია, როგორ ავხსნა რომ შეიძლება გენატრებოდეს ნაწვიმარ რუსთაველზე, მორყეული ფილებიდან ამოსხმული ტალახიანი წყლით დასველება?
ვის მოვუყვე რომ შემოდგომით, ჭადრებიდან ჩამოცვენილი ოქროსფერი ფოთლების შეგროვება და შემდეგ ჰაერში აყრა ისე უხდებოდა ამ ქუჩას, როგორც ახალ წელს, 12 საათზე შამპანურის გახსნა?
როგორ გადმოვცე, რომ დილაობით, ხშირად, პირველ სკოლაში მიმავალი, გზას დავიგრძელებდი, რუსთაველის მაგივრად ზუბალაშვილების ქუჩაზე ავიდოდი, რომ სასამართლოს კუთხეში, ბესიკის ვიწრო აღმართზე, სარდაფში არსებული “ბულკების” საცხობიდან გამოსული ტკბილი სურნელი ხარბად ჩამესუნთქა თუ ჩამეგემოვნებინა…
თუ არ გაგიგონია, როგორ გითხრა როგორი იყო “ლაღიძის წყლებში” მოლოდინის ხმა, რომელსაც რკინის გრძელი კოვზი გამოსცემდა, “ნაღები-შოკოლადის” მორევის დროს?!
როგორ დაგანახოთ რომანტიკა მანქანის ქვეშ შევარდნილი ბურთის გამოღებაში? კედელზე თეთრი აგურით მიწერილ ძმაკაცების სახელებში? ოთხი ცარიელი ბოთლის ერთ ლიმონათში გადაცვლაში?! ტროლეიბუსის უკანა კარებიდან უფასოდ ჩამოსვლაში? ზოოპარკში წყლის “ტრუბით” გადაძრომაში?
იტალიური ეზოები, საერთო სამზარეულოები თუ დერეფნის ბოლოში საპირფარეშოები, ხის მოყანყალებული შუშაბანდები, “ბესედკაში” დატოვებული ნარდი და კარტი, მეზობელსა და მეზობელს შორის საზიაროდ გაჭიმული სარეცხი თოკები, დილას ნაყიდი “ბანკაზე” ქაღალდ გადაფარებული მაწონი, შუადღეს რომელიმე ბავშვის სახლში მთელი ეზოს პატარების შეყრა და დიდ ტაფაში შემწვარი კარტოფილის თითებით ჭამა, ზაფხულში გვიანობამდე გარეთ ყოფნა, დედას თუ მამას ასჯერ გამოძახილზე, ასჯერ რომ შეეხვეწები… აუ, გთხოვ, ცოტაც ვიქნები რა!.. ვის დავაჯერო რომ ერთად აღებულ ყველა ფულს და ოქროს მირჩევნია?!
ამიტომ არც არასდროს მითქვამს, ახლა მომინდა უბრალოდ…
“მიმინოში” რომ ეკითხებიან ბუბას, ხომ გახსოვთ?
კარგია ახლა ალბათ მთებშიო და “დიდი არაფერიო” – პასუხობს… ეგრეა, ახსნასაც არ აქვს აზრი და პასუხიც ასეთია!
ჩვენც თითქოს კინოში ვცხოვრობდით, ყველაფერი უბრალო, ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მაინც სხვანაირი, განსაკუთრებული… სხვა კადრით და სხვა რაკურსით დანახული!
მეგობრებს უბან-უბან ვეძებდით…
გამარჯობა ბიძია, იმის სახლი ხომ არ იცი? ის სახლშია, ხომ არ იცით?
და ძმაკაცთან უბანში არ მისულხართ? ძმაკაცი რომ სახლში არ ყოფილა და მის უბნელებთან, სრულიად უცხო ხალხთან გაგიტარებია დღე, ისე თითქოს მათი ოჯახის წევრი იყავი…
დენის ან წასვლა ან მოსვლა რაღა იყო… მაგრამ რომ მახსენდება როგორი ჟრიამული ისმოდა ხოლმე… გინდა ახლოდან, გინდა შორიდან!
ვუყურებ ამ ფოტოს, მერე მახსენდება ბოლოს რომ რუსთაველზე გავიარე…
ჩვენი “არკის” გვერდზე, სადაც ადრე “ლუქსი” იყო, ახლა რომ აზიური ღამის კლუბია…
იმის ქვემოთ “ცეკავშირის” მაღაზია იყო და ულვაშებიანი უშანგი უგემურ ჩებურეკებს ყიდდა… იქაც ღამის კლუბია, იქაც აზიური…
თეატრი იყო… ახლა სავაჭრო ცენტრია…
ნოტების მაღაზია იყო… სავაჭრო ცენტრია…
ფოსტა იყო, გადახვიდოდი და უცხოეთში მყოფ მეგობარს დაურეკავდი…
“ალო, გესმის?! გილოცავ! როგორ ხარ? მეც კარგად! მეტი ფული არ მაქვს, მერე დაგირეკავ…”
როგორ მახსოვს ჩემი თენგული რომ მეტყოდა ხოლმე “ბიჭო, ცოტა ფული მიდევს, წამო იმას დავურეკოთ, მოვიკითხოთ…”
კაჭოს ეზოში ფეხბურთი მაზიანზე… ნაყინზე, ხანდახან ხინკალზე…
არაფერი აღარ არის… ოღონდ ეს არაფერი უფრო ლამაზია, უფრო მომხიბვლელი, უფრო “ლაქშერული”
სწორეცაა…. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რაღა დროს უშანგის ჩებურეკები და “კოკა კოლას” გარე ბუტკებია, სადაც მილენა იჯდა ზამთარ-ზაფხულ, სიცივეში და გულით თუ თხოვდი ერთ ღერ სიგარეტს გაჩუქებდა… მის ფეხებთან ანთებულ “პლიტასთან” მითბებოდი და გემრიელად გაეხვეოდი კვამლში…
კინოში ვცხოვრობდით… სევდიან მელოდრამაში…
იმასაც ვგრძნობდით, მთავრდებოდა და არ გვეთმობოდა…
ჩვენ სხვისი არ გვშურდა, არც სხვა ქალაქი და სხვა ქუჩა გვინდოდა… ჩვენი გვქონდა და ჩვენი გვიყვარდა… ამიტომ გვეძახდნენ ალბათ ამპარტავნებს, ამიტომ მიაჩნდათ რომ ვინმეს ზემოდან ვუყურებდით…
ახლა ასე აღარაა…
ახლა ეს ყველაფერი გაქრა.”