22 მარტი, 2024

სამარცხვინო ქმედება მუხრან მაჭავარიანის მიმართ

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პოეტს მუხრან მაჭავარიანს სრულიად დაუმსახურებლად არაერთხელ ატკინეს გული.

მისი მეუღლე ლამარა ბოკერია 90-იანი წლებიდან ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს უდიდესი ტკივილით იხსენებდა:

“1994 წელს, იმ შავბნელ დროს, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ, როცა ჩვენი ოჯახი აწიოკებული, დათრგუნვილი, უიმედო და უსახსრო იყო, ჩვენ სოფელში წავედით…

სოფელში რომ ჩავედით, ჩვენი სახლის კარი მოღიავებული დაგვხვდა, ფანჯრები ჩამტვრეული, ოთახებში მუხრანის ხელნაწერები ეყარა, ზედ ტალახიანი ნაფეხურები ეტყობოდა… მუხრანი გაფითრებული ძლივს ჩამოჯდა კიბეზე, გული ცუდად გაუხდა… მე ვამშვიდებდი, მაგრამ მასზე უარესად ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე…
იმ წელს შვიდი თვე ვიყავით არგვეთში, სრულიად უსახსროდ, ნახევრად მშივრები… რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნებს ვყიდდით, მაგრამ არავინ ყიდულობდა…
ბოლოს ძველ ნაჩუქარ შამპანურებსა და კონიაკებს მივადექით, ვყიდდით ჩალის ფასად და იმით ვირჩენდით თავს…”