მიხა ხელაშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება

პოეტმა მიხა ხელაშვილმა მხოლოდ 25 წელი იცოცხლა. შვილის გაუსაძლისი მონატრებით “მეგობართან” თხოვნით მისული  პოეტი საკუთარ დაბადების დღეზე ღალატით მოკლეს.

ირაკლი ყალიჩავამ დიდებულ პოეტზე არაჩვეულებრივი ამბავი გავიზიარა:

“ერთხელ მეც დავიკარგები,
სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით
შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს,
ბოლოს მეც დავმიწდებია.
მიხა

ჯერ ერთმა გამოტოპა არაგვი და ტყიანს შეეფარა, ცოტა ხანში მეორე კაციც გამოჩნდა, იმანაც აჩქარებით გადმოიარა მდინარე და მომლოდინეს შეუერთდა.
-წინ წავალ, მოშორებით მომყევი !-უთხრა პირველმა და სწრაფად შეუყვა ჩარგლის უკანა გორს.
წინ მიხა მიდიოდა, ასიოდე მეტრის დაშორებით ლევანი მიჰყვებოდა, მიხა ისე იცნობდა ყველა ბილიკს, თვალდახუჭული ივლიდა, ლევანი კი უცხოდ იყო ფშავში. გორაზე ასულები კორომს შეეფარნენ და ცეცხლი დაანთეს, სველი ტანსაცმელი გაიშრეს.
-ხავაზურო, თუ დაგვრჩა რამე გავკენკოთ, საღამოზე კი ხინკალი ჩემზე იყოს!-თავმოუბრუნებლად გასძახა მიხამ მეგობარს და ცეცხლს ფიჩხი დაამატა.
-ხმიადი და ყველი დაგვრჩა, რაღა გადაგვირჩებოდა ორ, ნადირივით დამშეულს!-ღიმილით გაეპასუხა ხავაზური.
-აი, დედასა, ფშავში ძმობილი მშიერი უნდა დამიდიოდეს?!-თავი გააქნია მიხამ.
ხურჯინზევე გაეშალა ხავაზურს, რაცა ქონდათ, და იქვე არყიანი მათარა მიეგორებინა პატარა ყანწურით.
აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს,
გამოსროლილი მტრებისა.
ჩაიმღერა მიხამ და ქვემოთ, ჩარგლის ჭალისკენ გაიხედა.
-მაიტა მაგ ლექსს ნუღარ დამძახი, ორი კვირაა, აგიჩემებია!-მოიღრუბლა ხავაზური.
-ჩვენს დღეში მყოფებისთვის ეგ გრძნობა და ფიქრი გვერდზე მყოფია, ძმისავ.
-მოდი, პირი გავიმწაროთ, ეგა სჯობს!- უპასუხა ლევანმა და ყანწურა არყით შეუვსო, – მასპინძელი შენა ხარ და შენ გეკუთვნის პირველი სადღეგრძელო!
-დედის სიკვდილის მერე ჩემს კუთხეში არა ვყოფილვარ, ლევანო, ჩემებმა მომიკლეს დედა, მაგრამ სისხლი არ ამიღია, ჩემს ტყვიას მე მაგათ სისხლში არ გავრევდი, ეგრე იარონ სირცხვილიანებმა, აქედან გადაკარგეს ეგენი, ზოგი – სად და ზოგი – სად, მაგათ ისიც ეყოფათ, სანამ ცოცხალი ვარ, მშობელ კუთხეში რომ ვერ გაიჭაჭანებენ, მაგრამ მე ჩემს კუთხეზე ნაწყენი არა ვარ, ფშავიდან დაწყებულ საქართველოს გაუმარჯოს, ჩემო ლევან, არ კი გეწყინოს, კახელო!- გაუღიმა და დაცლილი ყანწი გადააწოდა.
-ეგრე იყოს, საქართველოს და ჩვენს ბელადს გაუმარჯოს, კარგი იყო, არ გასულიყო ქვეყნიდან, მაგრამ ეგრე ჯობდა, ალბათ!-ლევანმაც დაცალა და იქვე მიაგდო დაცლილი სასმისი.
-უნდა ვიჩქაროთ, ნელა ჩავიდეთ სოფლისკენ და საღამოს პირზე ლუკასთან მივიდეთ, მელოდება!
ლუკა მარცვალიშვილი ცეცხლს მიშტერებული იჯდა, თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, ორი წლის წინ მისთვის მიხას დაჭერა ან მკვლელობა რომ შეეთავაზებინათ, მაგის მთქმელს იქვე დაახლიდა ტყვიას, მაგრამ ეს ორი თვეა, ვერაფრით ამოიგდო ეს აზრი თავიდან, ცალკე – კომისარი და ცალკე – ვახტანგი ყოველდღე ამას ჩასძახებდნენ, ვახტანგი – განსაკუთრებით, დღე არ გავიდოდა არ გაეხსენებინა, ჭურღულია გენდობაო. ეგ პირსისხლიანი ძაღლისშვილი, ჯერ ეგაა მოსაკლავი, ნეტავ, მაგის სიკვდილისთვის იძლეოდნენ ჯილდოსო, გაიფიქრა.
ცხენი, შაშხანა და მაუზერიო, ფული ფულადო, ცალკე მიხას მკვლელობისთვის სახელი გაუვარდებოდა, მაღაროსკარის მილიცია კი არა, შეიძლება, თბილისშიც გადამიყვანონო, ფიქრობდა. ვინ შემარჩენსო, გაიფიქრა, თუმცა იქვე უკუაგდო ეგ აზრი, ვინღა დარჩა მიხას მეგობრებიო, მისი ბელადი, მისი დაუნდობელი ძმაკაცებით, დიდი ხანია, გასულია ქვეყნიდან და სისხლის ამღებიც აღარავინააო, და სითამამე ემატებოდა.
გარსევანაშვილს გაენდო, ეგ მაინც ყველაფერზე წამსვლელია, ერთი ლუკმა რომ მიუგდო, დანას გამოუსვამს ყელში, ვისაც გინდა, მაგრამ არაა სანდო.
მიხას შემონათვალი ერთი თვის წინ მოუვიდა, იანვარ-თებერვალში ამოვალ ფშავში და მელოდებოდეო. ყოველდღე ელოდება იმის მერე, ყოველდღე წმინდავს შაშხანას და ტყვიას უცვლის, რატომ შვრებოდა ამას, თვითონაც ვერ ხვდებოდა. იარაღს ღალატი არ უყვარსო, გაეფიქრებოდა, ვისთვის ამზადებდა, ვერ ხვდებოდა, რომელი მტერი ლუკას ყავდა, რომ იარაღი სულ მზად ჰქონოდა.
სახურავზე ხმაური გაისმა, კენჭის დავარდნას ჰგავდა, ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ისე იჯდა ცეცხლს მიშტერებული, კიდევ რომ გაისმა ხმაური, აიხედა და წამოდგა, უკანა კარის მხრიდან მოდიოდა ხმა, იარაღი აიღო მაინც და ნელა გამოაღო კარი, სახლს უკან მდგარ პანტასთან ორი სილუეტი შეამჩნია და დაფრთხა, სანამ იარაღის გადატენვას შეეცდებოდა, ერთი სილუეტი გამოეყო ხეს და სიცილით წამოვიდა.
-მიხა!-ისე ამოაძახა, თითქოს, გული ამოაყოლა.
-დაუშვი, ლუკავ, მე ვარ!- მონატრებული ხმით თქვა მიხამ და მეგობარს გადაეხვია, – მოდი, ლევან, ლუკა ჩვენია!-დაუძახა იქვე მდგომ ხავაზურს.
ლევანი მოახლოვდა და ლუკას ხელი ჩამოართვა, სახეში ჩახედა და უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ისეთი ცივი და სველი ჰქონდა ლუკას ხელი, რომ ლევანს მოეჩვენა, გველს ხომ არ შევეხეო.
-დროზე შევიდეთ, არ გვნახოს ვინმემ!- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ლუკამ.
-ორი საათია, აქაურობას ვზვერავ, არავინაა მომსვლელი, შიში ნუ გაქვს, შენ ხინკალი გვაჭამე, შეპირებული ვარ ლევანს და პირობა არ დამარღვევინო!-სიცილით ეუბნებოდა მიხა და თან იარაღს იხსნიდა.
მარცვალაშვილი ცომის მოზელას შეუდგა, მიხა ხორცს კეპავდა.
-მე ხინკლის მოხვევის არაფერი გამეგება და, თუ გინდათ, ცეცხლს მივხედავ!-გაიხუმრა ლევანმა.
-ეგეც საქმეა!-გამოსძახა მიხამ, – ლუკავ, არაყი თუ არ გაქვს, წყალშია ეს ჩვენი შრომა ჩაყრილი, ხო იცი?!
-არაყი იმდენი მაქვს, მთელ საფშავლოს ეყოფა, ორნახადიცა მაქვს, მოგიხდებათ ნამგზავრებს !- ხასიათზე მოსულიყო ლუკაც.
ხინკალი ჩაყარეს და ცეცხლს მიუსხდნენ.
-ლუკავ, – თავააუღებლად თქვა მიხამ, – ბალღი უნდა ვნახო, უნდა მომიხერხო, აგერ ორი წლის ხდება და მე ერთხელ ვნახე დურბინდით შორიდან, მომიხერხე ეგ საქმე და რა გინდა, მთხოვე.
ლუკამ ფიჩხს წკნელი ატეხა, ნერვიულად შეატრიალა ხელში, შუაზე გადატეხა და ცეცხლში შეაგდო, მერე თავი გააქნია და მიხას შეხედა.
-არ გამოვა, ძმაო, და ნურც აიჩემებ, იქაურობას სულ უთვალთვალებს ვიღაც, მილიცია და კომკავშირლები თუ არა, ვინმე მეზობელი მაინც იქნება მოყურადებული. დღეს და ხვალ ეგ საქმე არ გამოვა, დარჩი ერთი ორი კვირა და ვნახოთ!-იქვე გულში გაიფიქრა, ორ კვირაში ან ისე გადავწყვეტ, ან – ასე, დრო მაინც მაქვს მოსაფიქრებლადო.
გარეთ ძახილი გაისმა, მიხას არც აუწევია თავი, ხავაზურს ხელი მაუზერისკენ გაექცა და უნებურად ამოწია.
-ნუ გეშინიათ, ლევანია ჩვენი, გარსევანაშვილი!-თქვა ლუკამ და კარის გასაღებად წამოდგა.
-შენი არ ვიცი და მე ეგ შენი ლუკა და ჩემი სეხნია დიდად არ დამეხატა გულზე!-ჩაიბურტყუნა ხავაზურმა და იქვე მდგომ ხეს მხრით მიეყუდა.
– ლუკა ნაცადი მყავს, ეგ ლევანი კიდევ დიდი ვერაფერი შვილია, მაგას ვინ მისცა სროლის გამბედაობა!-ჩაიცინა მიხამ.
-შენ კარგად მოგეკიდა ეგ მყრალი არაყი, მე ცოტას ვსვამდი და მაგათი გადახედვები არ გამომპარვია, არ არიან ეგენი სანდო ხალხი, სადაც არ ელოდები, იქ გიღალატებენ, დამიჯერე, დღესვე წავიდეთ კახეთისკენ და იქ გადავიზამთროთ, გაზაფხულზე ისევ გადმოვიდეთ, გაფოთლილ ტყეში მაინც გვექნება თავშესაფარი!
-ლევან, მე შვილი უნდა ვნახო, ამისთვის გადმოვედი, ვახტანგი დასდევს თურმე დედუნას და ეს ყველაფერი უნდა გავარკვიო, არც სიზმარი მასვენებს და…!-არ დაამთავრა მიხამ სათქმელი.
-ორ თვეს გთხოვ, მიხავ, გული მეც ცუდს მიგრძნობს, გადავიდეთ კახეთს, ჩვენს ძველ ბინებში დავდგეთ, იქ ხალხიც გვიცნობს და გვეხმარება, მილიცია და ჩეკაც არ გველოდება იქ, მეტი გასაქანი გვექნება!-ადგილს ვერ პოულობდა ხავაზური.
-მისმინე, ლევან, ახლა ერთ რამეს გეტყვი და არ გამიჯიუტდე, შენ წადი კახეთში, მატნის თავში, ჩვენ ძველ ბინებში სადგომი მოამზადე, ათ დღეში მეც გადმოვალ, სიტყვას გაძლევ, არ დაგაღალატებ, ჩვენს ძმობას გაფიცებ, არ შემეწინააღმდეგო, ნაფიქრი მაქვს ამაზე!-ქვემოდან ამოხედა მიხამ.
-მეხუმრები?-თავი გააქნია ლევანმა, – შენ ძალიან კარგად იცი, მე აქედან წამსვლელი არა ვარ უშენოდ.
-წახვალ!
-არ წავალ!
-ასე სჯობს, რა აზრი აქვს ერთად ყოფნას, შენ რომ წახვალ, ბინის ამბავი მოგვარებული იქნება და საქმე – წინ წაგდებული, ათ დღეში გადმოვალ, გეფიცები.
-მპირდები?!
-სალოცავებს გეფიცები.
ხავაზურმა თავისი ბარგი წამოკრიფა, იარაღი აისხა და ნაბადი მოიგდო.
-რაც აქ საგზალია, სულ წაიღე, მე ლუკასთან ჩავალ ამაღამ ისევ და შენ გზაში დაგჭირდება!-უთხრა მიხამ.
თვალზე ცრემლი მოადგა ლევან ხავაზურს, ხელგაშლილები წავიდნენ ერთმანეთისკენ და მაგრად გადაეხვივნენ. მიხასაც თვალები აუწითლდა.
-წადი, სანამ ქალებივით ავტირებულვართ!-გაეცინა მიხას და ოდნავ უბიძგა ხელი.
ხავაზურმა ოციოდ მეტრი გაიარა, გაჩერდა და მოიხედა.
-ჰა?-თან თავი გაიქნია დაბლისკენ.
-არა მეთქი, ათ დღეში!-დაუძახა მიხამ.
ყოველ ას მეტრში ჩერდებოდა ხავაზური, მოხედავდა გორის თავზე მდგარ მიხას და ერთმანეთს ხელს უქნევდნენ, სანამ არაგვის ჭალაში არ ჩაიმალა.
ტაბლასთან მჯდომ მიხას ხელში ფანდური ეჭირა და დაბალ ხმაზე უკრავდა, ნაარყალს გონება აღარ უჭრიდა და არც დაკვრა გამოსდიოდა, ლევან გარსევანაშვილი კიდევ არაყს უმარჯვებდა, ლუკა მარცვალაშვილს შაშხანისკენ გაშტერებოდა თვალი. არა, აქ არ გამოვაო, ფიქრობდა გულში, იქნება, ხევგაღმა, საბძელში გავიყვანო, იქ მოსახერხებელიაო.
-ლუკავ, ბალღის ამბავზე რა გამიგე?!-ოდნავ ენაარეულად ჰკითხა მიხამ.
-ჰა, ხო, ბალღისა? ხვალ ან ზეგ მოხერხდება, მიხავ, მიდი, კიდევ გადაჰკარ, ბალღებისა დავლიოთ!-აჩქარებით უთხრა ლუკამ და არაყი მიუწია შეცვლილი და უფრო დიდი ჭიქით.
მიხამ სასმისი აიღო, არც დაუხედავს ჭიქისთვის.
-კიდევ კარგი, ერთი ჩემფერა მაინც დადის მიწაზე და უშვილოდ არ წავალ ამქვეყნიდან, კარგი იქნებოდა, ბიჭიცა მყოლოდა, რომ გოდერძაულთა გვარის ჩემი შტოც გაგრძელებულიყო, მაგრამ, რაც არის, არის!-ერთი მოყუდებით დააშრო ჭიქა.
ნელნელა უმძიბდებოდა თავი და მკერდზე უვარდებოდა.
-მოისვენე, მიხავ, აგერ გაგიშლი საწოლს!-უთხრა ლუკამ და წამოიწია.
მიხა უცებ მოფხიზლდა, ყაჩაღის გუმანმა უკარნახა, რომ სახლში წოლა სახიფათო იყო.
-აქ არა, საფრთხეა მაინც, შენს საბძელში გავალ, თივა იქაა და ნაბადი კი მაქვს!- ამის თქმაზე წამოიწია, მაგრამ დაბარბაცდა, გარსევანაშვილი წამოვარდა და მხარში შეუდგა, კარებში როცა გაჰყავდა, ლუკას მოუტრიალდა.
-შაშხანა, შაშხანა წამოიღე!-წაისისინა და თვალით იარაღზე ანიშნა.
საბძელში ნამთვრალევი მიხას წყვეტილი სუნთქვა და ორი ადამიანის ჩურჩული ისმოდა.
-მიდი, ესროლე, რას გაიგებს!-ხმაჩაწყვეტით ეუბნებოდა გარსევანაშვილი.
-მე ვერ ვიზამ. მაგან იცის ჩემზე ყველაფერი, წეღან, წვერს რომ ვპარსავდი, მითხრა, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელიო, მერე თავისი სახეთქი ტყვია მომცა და მითხრა, როცა გადასწყვეტ, ეს მესროლე, უცებ მომკლავს და ვერაფერს გავიგებო.
-სად გაქვს ეგ ტყვია?
-აგერ, ჯიბეში.
-მომე.
მარცვალაშვილმა ერთხანს აფათურა ჯიბეებში ხელი და ბოლოს მიაგნო, შაშხანის თავწაფერადებული ტყვია ამოიღო და გარსევანაშვილს გაუწოდა, გარსევანაშვილმა ტყვია გამოაგდო შაშხანიდან და მეორეთი შეცვალა.
გადატენვის ჩხაკუნმა ორივეს ლამის გული ამოუგდო საგულედან.
-ჭრაქი აანთე და მომინათე!-ამოიხავლა გარსევანაშვილმა.
ლუკამ, ხელის კანკალით, ძლივს აანთო ჭრაქი და მიუნათა, მიხა გულაღმა იწვა, ცალი ფეხი მუხლში ჰქონდა მოკეცილი, ხელები კი – გაშლილი, გარსევანაშვილმა იარაღი მიუშვირა, ამ დროს მიხამ ძლიერად ამოისუნთქა და მიჩუმდა, ლევანს სახეზე ფერი დაეკარგა, ოფლმა დაასხა და ხელი აუკანკალდა, სანამ ლუკას მოხედავდა და რამეს იტყოდა, მარცვალაშვილმა ხელიდან იარაღი წაგლიჯა.
ღამის სიბნელე გასროლის ხმამ გახია, გაღმა-გამოღმა გორს მიეხალა და ჩაჩუმდა.
-წადი, ვახტანგს უთხარი, მაღაროსკარიდან მილიცია მოიყვანოს!-დაუყვირა კედელზე აკრულ გარსევანაშვილს მარცვალაშვილმა.
დილის ბინდში არაგვის პირზე ჭენებით მიჰყავდა მხედარს ცხენი მაღაროსკარისკენ.
„მრავალი წლის მერე, სრულიად დაბრმავებულ ხავაზურს რომ ხელაშვილს უხსენებდნენ, თვალებში ნათელი ჩაუდგებოდა და იტყოდაო, – იქ რომ ვყოფილიყავ, ვერაფერს დააკლებდნენო“.