ნუგზარ ყურაშვილის საგანგებო მიმართვა

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი ათასობით ერთგულ მაყურებელს საგანგებო განცხადებით მიმართავს. ის მადლობას უხდის იმ დიდი თანადგომისა და სიყვარულისთვის, რასაც მათგან  ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში გრძნობს:

“იმ ხალხს მოგესალმებით, რომლებიც ამ მძიმე დროს გვერდში მიდგახართ.

ცოტა შორიდან მინდა დავიწყო – როცა “ცხელი ძაღლი” განაწილდა, რეჟისორმა, ცხონებულმა ზაზა ურუშაძემ უჩა ზერაგიას როლი შემომთავაზა, თან მითხრა, იცოდე, ამ როლით შეიძლება მაყურებელს თავი შეაძულო, მაგრამ ღირსო. ვუპასუხე, რატომ ცდილობ ჩემი თავის მაყურებლისთვის შეძულებას-მეთქი და ძალიან საინტერესო როლიაო. ერთი პერიოდი ვიუარე, მაგრამ რა ვიცოდი, თუ ეს ჩემთვის არმოსაწონი როლი, რა თქმა უნდა, თქვენი, ჩემი გვერში მდგომი ხალის დამსახურებით, გახდებოდა ჩემი სიცოცხლის მშველელი, როგორც ახლა მიდგახართ მხარში.

ძალიან ვცდილობ ცრემლები შევიკავო, მაგრამ, სადმე თუ გამოჟონა, უნდა მომიტევოთ. რა გავაკეთე პრინციპში თქვენთვის? რომ თქვენ ასე სიყვარულით დამიდექით გვერდში. რა ვიცოდი, თუ ეს როლი უჩა ზერაგია, ყველასთვის საძულველი ადამიანი  ასეთი საყვარელი გახდებოდა. იგორ გიორგაძემ დღე და ღამე უნდა ილოცოს ამ როლზე, თქვენზე, თქვენ შეძელით უდიდესი სითბოს გამომჟღავნება. ვინც ამ თანხას რიცხავთ ჩემთვის და გინდათ, რომ გადამარჩინოთ, ხომ ვიცი, რომ შეძლებული თითქმის არც ერთი არ არის, იმიტომ რომ სულ ახალგაზრდები ხართ. ვიცი ქართულადაც ეს სიტყვა, მაგრამ “ბალეშიკები” ხართ.

ცრემლები ვერ შევიკავე, როცა ვნახე, რომ ვიღაცას 50 თეთრი ჰქონდა გადარიცხული, ბავშვი იქნებოდა ალბათ.  დამცირებად კი არ მიმიღია, პირიქით, ჩემო კარგებო, ეს არის თქვენი ჩემდამი დაფასება. მაინც ვერ ვგებულობ ასეთი რა დავიმსახურე, მაგრამ დავიმსახურე ალბათ, რადგან ასე გამოეხმაურეთ ჩემს გასაჭირს.

არ ვიტყვი და გულს არ აგიჩუყებთ, რომ ვაიმე, დავიღუპე, არ არის ასე. ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, მკურნალობის სტადიაშია. ერთი ოპერაცია გავიკეთე, თურქეთში ანალიზები გავიკეთე, ახლა ქიმიებზე ვარ, სისუსტე მაქვს, ქიმია ძაან მურტალი რამეა.  სუსტად ვარ, სახლიდან არ გავდივარ.

სიტყვებიც კი არ მყოფნის მადლობისთვის. როგორ სწრაფად გამომეხმაურეთ ჩემო კარგებო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

როცა იტყვიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფრის საშუალება არ არის, ახალგაზრდები გარბიან საზღვარგარეთ, არსადაც არ გარბიან და ასეთი ქვეყნიდან არსად არ უნდა გაიქცე. ჩვენ გვყავს ხვალინდელი თაობა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დამეხმარეთ და გვერდში დამიდექით. მთავრობაც მეხმარება, მერიაც მეხმარება, სამინისტროებიც მეხმარებიან, მაგრამ თქვენმა დახმარებამ მოლოდინს გადააჭარბა. ასე თუ გიყვარდით, მე არც მეგონა. ასეთ ქვეყანაში მართლა ღირს ცხოვრება და არსად გაქცევა არ არის საჭირო. დადგება როდესმე, ჩემო კარგებო, თქვენთვისაც კარგი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ ამაში.  გული მიჩუყდება შიგადაშიგ და არ მინდა სუსტი გამოვჩნდე, იმიტომ, რომ ჩემი უჩა ზერაგია არ იყო სუსტი და ბოლოს მინდა ვთქვა, რადგან თქვენ მოგოწონთ ძალიან ეს სიტყვა: არ შევეცი ყველაფერს, ოღონდ ჯანმრთელად ვიყოთ და თქვენნაირი ხალხი არსებობდეს ქვეყანაზე. თქვენ გაიხარეთ, ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. არ დავიღლები მადლობის თქმით. თქვენს მშობლებს ვენაცვალე, ასეთი გაზრდილები რომ ხართ და ასეთი გვერდში დგომა რომ შეგიძლიათ. იცოცხლეთ და გაიხარეთ.”

დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩაურიცხოთ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი:
GE35BG0000000586323082