პოეტმა გიზო ნიშნიანიძემ თბილისის კოლორიტს ნიაზ დიასამიძეს ულამაზესი ლექსი უძღვნა:
“ნიაზას გაუმარჯოს, ბიჭებო, დიასამიძეს
და იმის ხარივით ბულდოგს,
ყველა სახლს და ქუჩას, ყველა მერცხლის ბუდეს,
სადაც ჩვენი მუდამ ბუდობს…
ჩიტივით ჭამდა და ჩიტივით სვამდა,
მგონი ჩიტი იყო თვითონაც…
ფიროსმანის იყო ჯიშის და ჯილაგის,
ეს კაცმაც იცოდა თვითონაც.
ვერავინ იტყოდა ნიაზზე უკეთესად,
ვერავინ დაუკრავდა როიალზე,
ვერავინ ფიქრსაც ვერ გაბედავდა
უფრო მოხდენილსა და შნოიანზე.
“სკაპენის იონები” ნიაზას იონებთან
სახსენებლადაც კი არ ღირს,
რას არ იტყოდა, რას არ იგონებდა,
კაცი არ იტყოდა მის ძვირს.
ერთმა მეზობელმა, ქათამი დამიკალიო,
ხელში შეაჩეჩა დანა,
ყვავიო 300 წელს ცოცხლობსო თურმეო,
ზედვე დააყოლა თანაც.
რის ხახამი იყო, კაი ხამი იყო,
ქათმის დაკვლა რა იცოდა,
იქნება ქათამიც ცოცხლობსო მაგდენ ხანს,
ვაცადოთ, ნუ დავკლავთო, ბიცოლა…
ერთხელ ამხანაგი რომ ვეღარ იშოვნა
ხოჭო გამოიჭირა, გამოაბა ფეხზე კოჭა ძაფი
და მასთან გაატარა კვირა,
სუფრა გაუშალა, მოქაჩა თავისკენ,
შენს მოსვლას გაუმარჯოსო, მერე გაუშვა
და კვლავ ღვინით დალოცა, შენი წასვლის იყოსო.
ამან კი გაუშვა, მაგრამ ის ხოჭო წავიდა რო?
იდგა და ულვაშებს აცმაცუნებდა,
თან ხელებს იფშვნეტდა, ვინ არისო, ჯო,
დოსტია, დუსტია თუ კაცი ცდუნება…
კაცთან კი არა, ხესთან ნახავდა
ნიაზა საერთო ენას,
თუ რამე დააკლო, თავის თავს დააკლო,
ისე კი მოგეცათ ლხენა.
წლისთავზე ერთმა ხისტვინამ ბრძანა:
ნიაზმა შეაწუხაო ქალაქი…
ქაჯმა ქაჯური იცის შესანდობარიც,
სახეში გვესროლა ტალახი.
ავდექი, მის სიტყვას სიტყვა შევაგებე,
წასულზე არ ითქმის ძვირი,
ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოთ,
ბიჭებო, არც როცა ყროყინებს ვირი…
ნიაზი თბილისს ისე უხდებოდა,
როგორაც ნიავი დილის –
მე დავავიწყდები,
შენ დაავიწყდები,
ის არ ავიწყდება თბილისს!
იქნება ვიჩქარეთ ხელების დაბანა,
იქნება არ მივეცით გზა-შარა
ისინი გაცვითა, გარიყა თბილისმა,
შალა და მაინც ვერ წაშალა.
“მე თბილისის მოტრფიალე ვარ,
უბერებელ მტკვარს გავცქერი კვლავ
სულ არ მინდა ცხოვრების გზა ნაქარგი,
ფიროსმანის შესანდობარს ვსვამ,
ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე,
მაპატიოს ჩემმა თბილისმა.”
ნიაზმა იმღერა ეს გედის სიმღერა,
ეს ბედის სიმღერა დედისთვის იმღერა,
დედა კალერიას, და უფრო დიდ დედას
თბილისს პატიება სთხოვა,
თუმცაღა არ ჰქონდა სული წაწყმედილი,
არც დიდი ცოდვების გროვა,
შენ დედაქალაქო, დედაო თბილისო,
იმ ბიჭს ხომ შენ ასვი აიაზმა,
ცოდვა თუ მიგიძღვის რაიმე ნიაზთან
პირიქით, შეგინდოს ნიაზმა!”