ფოლკლორისტის, პოეტისა და მთარგმნელის ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა. დედა მის მშობიარობას გადაყვა, მამა 1937 წლის რეპრესიებმა იმსხვერპლა, და 13 წლის ასაკში გარდაეცვალა…
„ჩემი წუთისოფელი“ – ასე ჰქვია მის ავტობიოგრაფიულ წიგნს, სადაც პოეტი საკუთარი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ამბავს იხსენებს.
“არტ ინფო” გიზიარებთ ერთ-ერთ მოგონებას, რომელსაც შემოქმედმა „ცარიელი ოთახები“ უწოდა:
“- გაიტანეთ!
დაიწყო გაზიდვა. შემზარავად მიტორტმანობდნენ კარადები, დივნები, ცარიელი სავარძლები. კედლებს აწყდებოდნენ, აქეთ-იქით, ფხაჭნიდნენ, კაწრავდნენ კიდეებით, თითქოს კვალის დატოვება სურდათ. უზარმაზარ სპარსულ ხალიჩებს ბოლოები ჩამოსთრევდათ, იატაკზე დაყრილ ნივთებს ედებოდნენ, ებღაუჭებოდნენ რკინის მოაჯირსა თუ რიკულებს, არ ეთმობოდათ აქაური სიმყუდროვე. მამას ძველი საკრავების კოლექცია უცებ უცნაურ ორკესტრად იქცა: ერთმანეთთან შეუწყობელ ხმებს გამოსცემდნენ თარი თუ ქამანჩა, ჭუნირი თუ ჭიანური, სტვირი თუ ჭიბონი, დაირა თუ დიპლიპიტო… ტყავისპალტოიანთა უხეში ტორებისგან თითქოს სტკიოდათ რაღაც. ჩვენი სასტუმრო ოთახის დაცარიელებულ კედლებს აწყდებოდა მათი მგმინავი ხმები, რომლებიც კედლებიდან ასხლეტილნი შუა ოთახში განაგრძობდნენ რხევას თუ თრთოლვას. ეს იყო მათი ბოლო კონცერტი ამ დარბაზში. მათი გედის სიმღერა.
მომხვდურ ყაჩაღებს ყველაზე ვაჟკაცურად ჩვენი ლომებიანი ბუფეტი დახვდა. იდგა მყარად და შეურყევლად, როგორც სალი კლდე. ეჭიდებოდნენ აქეთ-იქიდან, იჭიფხებოდნენ, ლამის უკნიდანაც გასდიოდათ ქარები, მაგრამ ძვრას ვერ უშვრებოდნენ, ადგილიდან გატოკებაც კი ვერ შესძლეს მისი.
ჩვენები მას ბუფეტს ეძახდნენ, ჩემთვის კი მთელი სახელმწიფო იყო. უზარმაზარ ქვედა განყოფილებას თავზე მარმარილოს დიდი ფილა ედო, რომლის კიდეებზეც იწვა ორი ფაფარაშლილი ლომი. მათ ზურგზე ედგათ მეორე სამსართულიანი განყოფილება, ჩუქურთმებითა და ჯიღა-გვირგვინით დამძიმებული. მუქი იყო, თითქმის შავი, გოროზი და დარბაისელი. მის ღირსებას ის ლომები იცავდნენ. ავები იყვნენ. იმათ პირში თითი რომ ჩაგედო, აუცილებლად მოგაჭამდნენ.
– ამას რაღას ერჩით, თქვე უღმერთოებო, ეს ხომ ვახტანგისა არ არის, იმის ცხონებული მეუღლის მზითევია!- შეჰღაღადა ფოფოდიამ, – თანაც ხომ ხედავთ, რომ ვერ ერევით?!
ამ სიტყვებმა თითქოს უფრო მეტად გაამწარა ყაჩაღები. ტვინის ერთადერთ ხვეულში აზრისმაგვარი რამ გაეკლაკნათ და მიხვდნენ, რომ ამ ბუფეტის დაშლა და ნაწილ-ნაწილ გატანა შეიძლებოდა. ასეც მოიქცნენ. სართულ-სართულ დაანაწევრეს და ასე დაშლილი შეალაგეს სატვირთო მანქანის ძარაზე, რომელზედაც ტევა აღარ იყო. ჩემი ამაყი ლომები კი იღლიებში ამოიდეს და კიბეზე ჩააძუნძულეს.
დაიშალა, დაინგრა, დაიქცა ჩემი ზღაპრული სახელმწიფო, ჩემი ლომების იმპერია!
სატვირთო მანქანამ რამდენიმე რეისი შეასრულა. რეისებს შორის ტყავისპალტოიანი ყაჩაღები ისხდნენ დარჩენილ სკამებზე, ეწეოდნენ პაპიროსებს, აფერფლებდნენ იატაკზე და იქვე სრესდნენ ლანჩის წვერით.
დიდედა მამას სავარძელზე იჯდა მისვენებული და იქიდან ფეხს არ იცვლიდა. ესეც კაკლის სავარძელი იყო, ძველებური, ესეც ლომისთავებიანი სახელურებით. ეტყობოდა, რომ ფოფოდია ამ სავარძელს ცოცხალი თავით არავის გაატანდა. ეს სავარძელი მისთვის ვახტანგის სიმბოლოდ იყო ქცეული. ბევრჯერ მინახავს, როგორ ეალერსებოდა, კოცნიდა მის სახელურებს. ყაჩაღებმა ფოფოდიას გატოკება ვერ გაბედეს. არც უცდიათ. უკვე ნაწვნევი ჰქონდათ მისი კოპების რისხვა და უკმეხი მდუმარების გამგმირავი ძალა. როდესაც ყველაფერი გახვეტეს, შემობრუნდნენ და გაისმა ახალი, აქამდე არსმენილი იმპერატივი:
– ახლა ფული და ოქროულობა მოგვეცით!
– რაო? რას როშავთ, თქვე უნამუსოებო! რა უნდა ჩემი შვილის ოჯახში ფულსა და ოქროულობას. ვახტანგ კოტეტიშვილი მეცნიერია, ვაჭარი კი არ არის, რომ ნაარმალი ქონებით გამოეტენა მუთაქები. აბა, გაეთრიეთ აქედან, სანამ მთელები ხართ. რაც წახვეტეთ ამ წმინდა ოჯახიდან, იმას აღარ ჰკმარობთ, თქვე გათახსირებულებო! აგრემც ძმრად წარმოგდინდეთ ცხვირებიდან და ოხრად დაგრჩენოდეთ ნავახტანგარი ნივთები!
ეს ტირადა ისე წარმოთქვა ფოფოდიამ, რომ ერთხელაც არ გაუპარებია თვალი კედლის ღუმელისაკენ, რომლის თავზეც, თითქმის ჭერთან მიჩქმალულიყო პატარა ზარდახშა, დედაცემის ნამზითვარი ოქროს სამკაულებით. ისინი მიჩვეულები იყვნენ ნუსიას თლილ თითებს, ნატიფ ყელსა და სუსტ მაჯებს და ალბათ ვერაფრით შეეგუებოდნენ ჩეკისტების ცოლების გაქონილ ღაბაბებსა და კოტიტა კიდურებს.
ეს ძვირფასი სამკაულები ფოფოდიამ გადაარჩინა, მაგრამ დროებით, ვინაიდან შემდეგ, მთელი ჩემი მშიერი და უმწეო ბავშვობის განმავლობაში ლეილას დროდადრო გაჰქონდა ისინი სათითაოდ და გროშებად აძლევდა ვიღაც ჩარჩებს ხელის კანკალით, რათა ჩემთვის პური ეყიდა. ასე გვარჩენდა დედა ორ ობოლ პირმშოს საიქიოდან.
ეს, როგორც მოგახსენეთ, შემდეგ იყო. ახლა კი მე დავრბოდი დაცლილ, გაუკაცრიელებულ ოთახებში და შიშველი კედლები ტაშს უკრავდნენ ჩემი ფეხების ტყაპატყუპს.
მე მიხაროდა ეს ხალვათობა; და ისიც, რომ ჩემი დამშლელი იმ წამს არავინ იყო. სამი წელიც არ შემსრულებოდა. ბალღი ვიყავ და ეს სიცარიელე თავისუფლება მეგონა.”