13 იანვარი, 2024

უცნობი სიახლე თამარ მეფეზე 

თამარ მეფეზე უცნობ სიახლეს  არაბული ეპიკური პოემის – ალ ჰიმმას მიხედვით ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე გაგვაცნობს:

“არაბული ეპიკური პოემის – ალ ჰიმმას მიხედვით, თამარმა მოაკვლევინა მისი თანამედროვე პატრიარქი…

ცნობა სადავოა და უკრიტიკოდ არაა მისაღები, შეიძლება ვიმსჯელოთ, რის საფუძველზე გაჩნდა იგი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როგორც დავითს, თამარსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა ეკლესიასთან და არაა ისე ლამაზად საქმე, როგორც ,,წმიდათა ცხოვრებანი” ყვებიან.

თამარს იმდენად სძულდა, დიახ, სძულდა პატრიარქი – მიქაელ მირიანის ძე, რომ ამ უკანასკნელის სიკვდილის მერეც კი ვერ აპატია და არ იგლოვა, რაც ეპოქისთვის წარმოუდგენელი მოვლენა იყო, მით უმეტეს, რომ თამარს ძალიან შემბრალე გული ჰქონდა და სამღვდელოების მიმართ, ფანატიკური პიეტეტი.

მეფობის დასაწყისშივე თამარმა მოიწვია დიდი საეკლესიო კრება და თავის საეკლესიო მოკავშირეებთან: ნიკოლაოზ გულაბერისძესთან, ანტონ საღირისძესთან და ანტონ გლონისთავისძესთან ერთად შეეცადა დაემხო საძულველი პატრიარქი, მაგრამ ვერ შეძლო, მიქაელი ძალიან ძლიერი ფიგურა იყო, რომელიც კათალიკოსობის გარდა ჭყონდიდელ/მაწყვერელ/სამთავნელობასაც ფლობდა. თუკი ჭყონდიდელი ადრე მეფის თვალი იყო ეკლესიაში, პატრიარქისაგან მისი უზურპაციით ჭყონდიდლობა იქცა ეკლესიის თვლად სახელმწიფოში.

თამარის ეს სიძულვილი პატრიარქისადმი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა, არაბული ალ ჰიმმას მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, პატრიარქი თამარმა მოაკვლევინა. ქართული წყაროები, ცხადია, არაფერ მსგავსზეც კი არ მიანიშნებენ და სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა, მაგრამ ,,ალ ჰიმმას” ცნობა პატრიარქის მოკვლაზე ლოგიკურად აკავშირებს ერთმანეთთან ქართული წყაროების ცნობებს – ჯერ პატრიარქის დამხობის წარუმატებელ მცდელობას თამარის მხრიდან, შემდეგ კი მის სიკვდილს და მისი გლოვის უარყოფას სამეფო კარისაგან.

წარმოუდგენელია, რომ თამარმა მიქაელის სიკვდილის მერეც არ შეწყვიტა მისი სიძულვილი და სამეფო კარმა იგი არ იგლოვა, რაც გაუგონარი შემთხვევა იყო,
თამარს, საერთოდ, იოლად შეეძლო პატიება, ეკლესიის მსახურთა მიმართ კი მას ფანატიკური პიეტეტი გააჩნდა, მაშ, რა იყო ის დანაშაული, რასაც ასეთი გულის პატრონი თამარი ადამიანს სიკვდილის მერეც ვერ პატიობდა ?

თამარის საქმროს შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა პატრიარქის პოზიციას ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ეკლესიის მამამთავარი არ ყოფილა, მიქაელ კათალიკოს/ჭყონდიდელ/მაწყვერელ/სამთავნელი გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ იყო ყველაზე ძლიერი ხელისუფალი და როგორც ჭყონდიდელი, იგივე იყო ,,მამა მეფისა”, მით უმეტეს, ობოლი მეფე ქალისათვის, ამიტომაც თამარის გათხოვება და მისი ბედის განკარგვა უპირველესად სწორედ ხელთა შინა მისთა იყო, რასაც კარგად მიხვდა თამარის ხელის მაძიებელი შარვანშა და კათალიკოსი მოისყიდა თამარზე ზეწოლისთვის, მაგრამ ეს ქორწინება თამარმა ზიზღით უარყო.

თუ ეს ნამდვილად ასე მოხდა, ჩანს, პატრიარქი მიქაელი მართლაც კაი ძალი ნაძირალა ყოფილა და თამარს ჰქონდა უფლება მისგან თავი გაყიდულად ეგრძნო, თამარის ნების საწინააღმდეგოდ, პატრიარქი მიქაელი იყო გიორგი რუსთან უიღბლო ქორწინების მხარდამჭერიც, ,,მართლმადიდებლობისათვის რუსისა”, რომელმაც თამარს დიდი უბედურება მოუტანა, წყაროები მიქაელს ამ ქორწინების მხარდამჭერთა შორის ხაზგასმით იხსენიებენ, მოკლედ, თამარს საკმარისი მიზეზი ჰქონდა პატრიარქ მიქაელ მირიანის ძის სიძულვილისთვის.

აქ ჩანს თამარის ერთი სახასიათო შტრიხიც, ,,ლაღი და უკადრი” ქალი ძალიან მწვავედ რეაგირებდა საკუთარი ქალური ღირსების შელახვაზე, მან მთელი არსებით შეიძულა თავისი ბოროტი მამინაცვალი, რომელმაც მას უბედური ქორწინება აიძულა ,,მართლმადიდებელ” გიორგი რუსთან.”