22 იანვარი, 2024

ნანა ფაჩუაშვილისა და გოგი ხარაბაძის საოცარი ისტორია

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მსახიობებს ნანა ფაჩუაშვილსა და გოგი ხარაბაძეს ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტიდან არ უყვარდათ ერთმანეთი – გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

ნანა ფაჩუაშვილი:

“მქონდა ცუდი ურთიერთობა გოგი ხარაბაძესთან. ინსტიტუტიდანვე არ გვიყვარდა ერთმანეთი და ეს ბოლომდე გაგრძელდა. პარტნიორები ვიყავით – ლენინს თამაშობდა,  კრუპსკაია ვიყავი, ტიტუს ანდრონიკუსს თამაშობდა, მისი უშუალო პარტნიორი ვიყავი, ბევრი როლი გვქონდა, როდესაც ერთად ვიყავით. სცენაზე არაფერი, მაგრამ გამარჯობას არ ვეუბნებოდით ერთმანეთს.

ეკლესიაში მოხდა ჩვენი შერიგება. ქაშუეთში ვიყავი და გოგი რომ შემოვიდა, არ მომეწონა, ძალიან ცუდად იყო, დასვეს სკამზე, ფერიც ძალიან ცუდი ჰქონდა. გოჩა კაპანაძეს ვუთხარი, წამოდი ერთი წუთით მეთქი, ხელი გავუყარე და გოგისთან მივედი: “გოგი, გამარჯობა” ვუთხარი. ცოტა კი გაუკვირდა, ამომხედა. “იცი რა, ახლა გოჩამ მითხრა, რომ 2-კაციანი პიესა აირჩია და მე და შენ უნდა ვითამაშოთ მთავარი როლები. შენ ხომ თანახმა იქნები?” გახარებულმა ამომხედა, “ნანა, როდის მითქვამს როლზე უარიო”. ამ დროს  გოჩა გაგებაში არ იყო. ისეთი ტყუილი მოვიგონე, იმიტომ რომ ის ცოტა კარგად გამხდარიყო. გოგი მისი შვილის გამო რომ არ იყო კარგად , ალბათ უფალმა გამაკეთებინა ეს ჟესტი.

გავიდა დრო და შვილი რომ დამეღუპა, გოგი მოვიდა ეკლესიაში.  ოღონდ ძალიან ცუდად იყო, წესიერად ვეღარც დადიოდა და თითქმის შემოიყვანეს, ოთარ შამათავას ეჭირა ხელში, წრე დაარტყა, მოვიდა ჩემთან და გამამხნევა… მას ჩაწვდა ჩემი საქციელი და მისგანაც სწორი სვლა იყო, რომ მოვიდა, ხელი მომკიდა, გამათბო და რომ წავიდა, რამოდენიმე ხნის შემდეგ კვლავ დამირეკა და მითხრა, მამა გიორგი ზვიადაძესთან მინდა მიგიყვანო, იმიტომ რომ შენ გამაგრდეო…

და ჩვენ ამდენი წლების შემდეგ გავუგეთ ერთმანეთს სუფთა ადამიანური თვისებების გამო, მანაც ახალგაზრდობაში წაიღო ის რაღაც ჩემგან, რაც არ მოწონდა და ასევე მეც…”