7 იანვარი, 2024

გია მურღულიას უძვირფასესი სიტყვები

გია მურღულიას წერილები ათასობით ადამიანისთვის გამორჩეულად ძვირფასია.

ფილოლოგი ერთგულ მკითხველს ამჯერად საშობაო წერილს უზიარებს:

“მრავალი წლის წინ და დღეს დაიბადა ის, ვინც სამყაროსა და თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.
მან გვაგრძნობინა და გვასწავლა, რომ ცხოვრებაში არ არსებობს სიყვარულზე დიდი, მნიშვნელოვანი და მშვენიერი მეგზური და ის ყოველწამიერად უნდა იმარჯვებდეს ადამიანის გულსა და გონებაში.
დაიბადა მარადისობაზე ადრე და 25 დეკემბერს.
გაჩნდა ღვთის სიტყვად და ბაგის ბინადრად.
საუკუნეებია ტანჯავენ მტარვალები და ემსახურებიან ანგელოზები.
ის ჯვარს აცვეს, მაგრამ მაინც გაიმარჯვა ორივე სოფელში.
ყოველ დილას თვალის გახელა, ბავშვისა და მოხუცის გაღიმება, მიჯნურთა ამბორი, კაცის მოვალეობის აღსრულება მისი დაბადებაც არის.
ბეთლემის მისტერია მუდმივად ქმნის ისტორიას.

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ძვირფასებო.
დაე, იესო, რომელიც ერთხელ მოვიდა, არასდროს წასულიყოს საქართველოდან და თითოეული ჩვენგანის გულებიდან.

ეს ჩემი ადრინდელი ლექსია – ყოველ თქვენგანს ჰქონდეს საჩუქრად და სახსოვრად.

“მზე ულოცა მეკვლემ ბერსა
ოცდახუთსა დეკემბერსა.
კნინდებოდა ბევრი ლოცვა,
ლოცულობდა ბერი როცა.
უღიმოდა ვარდი ეკლებს –
ქრისტეს სახე ჰქონდა მეკვლეს.
მთელი წუთისოფლის მნათი
ამშვენებდა კედელს ხატი.
შესცქეროდა ქრისტეს ქრისტე,
სული მიფრინავდა ცისკენ.”

იესო მაშინ იბადება, როდესაც შენ გესმის მისი.
შენს ცხოვრებაში ეს შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს, ბრძნულს, მომხიბვლელს, სასარგებლოსა და აუცილებელს დაინახავ მასში.
რასაც დაინახავ, ვერც დაივიწყებ ვერასდროს.
ის თავს არ გაძალებს, მაგრამ ზუსტად იცის, როგორი შეიძლება იყო, თუკი მის გზას გაჰყვები.
ღმერთი ადამიანი გახდა, რათა მისთვის განღმრთობის უფლება და ძალა მიეცა.
ის მოვიდა, რათა ხელმეორედ შეექმნა კაცი, რომელმაც საკუთარი თავის ძიებაში საკუთარი თავი დაკარგა.
მან უარი თქვა შურისძიებაზე და ადამიანს სიყვარულისკენ მოუწოდა საყოველთაო მშვიდობისა და ჰარმონიისთვის.
იორდანე განიწმინდა უფლის ნათლისღებისას.
სასწაულს აზრი მიეცა, როდესაც იესო სჩადიოდა.
ისეთი სიტყვა დატოვა, სიცოცხლეს რომ სიკვდილს ამარცხებინებს.
ყველას თავისთან მოუხმო და თავადაც მივიდა ყველასთან – საკუთარი ფეხით, სულით თუ წიგნით.
ვერავინ იტყვის, რომ ის არ ჩანს – ყველგან არის, სადაც მისი სახელით თუნდაც სამი კაცი შეიკრიბება.
ის ბავშვიც არის და მოხუციც, ჯანმრთელიც და დავრდომილიც, ბედნიერიც და სევდიანიც, ყოვლისშემძლეც და ნებაყოფლობითი მორჩილიც, მხსნელიც და ჯვარზე გაკრულიც – ის ღმერთია, რომელმაც დამდაბლება ისურვა სამყაროს ასამაღლებლად.
არაფერია იესოს დაბადებასა და აღდგომაზე უფრო დიდი იმედი – სიკვდილი თავზარდაცემული და დამარცხებული კანკალებს მის წინაშე.
ბავშვმა მკითხა ერთხელ:
“აბა, ვინ მოგვერევა მე და იესოს?”
– ვერავინ და ვერაფერი, პატარავ – მისი გაღიმება უძლეველია.”