პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ბიბლიოგრაფი ლევან თაქთაქიშვილი ივანე ჯავახიშვილის უცნობ ფოტოს გვიზიარებს:
“ეს ფოტო ივანე ჯავახიშვილისა თუ გინახავთ?
ბრწყინვალე ფოტოა. დააკვირდით სახის ყოველ ნაკვთს, მოკუმულ მუშტს. რაღაცას განიცდის, არადა განსაცდელი ბევრი ჰქონდა ფოტოს გადაღების დროს: ან შინაური და ან გარედან! და დასრულდა მისი ტანჯვა – გაუჩერდა გული ლექციაზე !
კონსტანტინე გამსახურდიას ნატვრა იყო, ლოგინში არ შეხვედროდა სიკვდილს, ივანესავით ფეხზე მდგარი მინდა შევხვდეო, ძალზე ცუდად რომ იგრძნობდა თავს, წამოაყენებინებდა ზვიადს თავს და მაგიდასთან მისული კალამს იღებდა… მაგრამ სიკვდილი ეთამაშებოდა მას – მიდიოდა!
ივანეს არ ეთამაშა, ვერ აკადრა! მივიდა და … წაიყვანა. ისიც წაჰყვა! მისი ბოლო სიტყვა იყო “მონგოლი”. ალბათ სიკვდილს ასე მიმართა!”