16 იანვარი, 2024

ძალიან საინტერესო ამბავი ნიკოლოზ წულუკიძისგან

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე არაერთი უცნობი და საინტერესო ამბით ანებივრებს ქართული ხელოვნების მოყვარულებს.

ამჯერად იგი უნიჭიერეს ნიკო ნიკოლაძეზე გვიყვება:

“ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში რომ წავიდა სასწავლებლად, 1 თვე ისწავლა პეტერბურგში, მერე აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა და გამოაგდეს პეტერბურგიდან. მამას ვერ უმხელდა, უნივერსიტეტიდან გაგდებული რომ იყო, მოაგროვა ფული და პარიზში წავიდა სასწავლებლად. ჩავიდა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში ჩააბარა, 1 წელი ისწავლა და იქიდანაც წავიდა. ციურიხში გადავიდა, იქ გერმანულად გააგრძელა სწავლა, მერე ჟენევაში ჩავიდა, იქ ფრანგულად გააგრძელა სწავლა. მამამ რომ ჰკითხა, რატომ დადიხარ უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტშიო, სწავლის ხარისხი არ მაკმაყოფილებსო. რომელ ქვეყანაშიც ჩადიოდა, იმ ენაზე სწავლობდა და იმ ენაზე წერდა კვლევებს.

პირველი ქართველი იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც გადაწყვიტა დისერტაცია დაეწერა მშვიდობაზე და პირველად ფრანგულად ჟენევაში დაწერა დისერტაცია განიარაღებაზე.

მარსელ დეპრე იყო მისი მეგობარი, რომელმაც სთხოვა, იქნებ ჩამოხვიდე პარიზში, ეიფელი გვყავს მოწვეული, კოშკი უნდა დავდგათ, პარიზი უნდა გავანათოთ და კონსტრუქცია არ გვაქვს, ღილაკს თითი რომ დავაჭიროთ და პარიზი განათდესო.  ჩავიდა ნიკო ნიკოლაძე, 6 თვე იმუშავა, დააჭირა ღილაკს თითი და პარიზი განათდა. იგივე მეთოდით ქუთაისიც განათდა და ამისთვის ფული მიტროფანე ლაღიძემ გამოყო.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეიფელს შეუკვეთა ხიდი – ბაკურიანში რომ მიდიხართ ბორჯომიდან, შემდეგ კი იგივე კონსტრუქციითა და იდეით თეთრი ხიდი გააკეთა.”