31 იანვარი, 2024

ბუბა ხოტივარის საოცარი წერილი თენგიზ აბულაძეზე

რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა კოლეგას თენგიზ აბულაძეს და მის გენიალურ “ნატვრის ხეს” არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა:

“შემთხვევით წავაწყდი თენგიზ აბულაძის ასჯერ ნანახ ფილმს „ნატვრის ხე“. ისევ ვნახე ფრაგმენტი ფილმისა, სადაც გედია პირველად დაინახავს მარიტას…
მარიტა ღიმილით შეხედავს გედიას, გედიას კი სახეზე ღიმილი გაეყინება…
სრულყოფილებას დაინახავს, მომაჯადოვებელ სრულყოფილებას…
მარიტას ცხენი ბურუსიდან გამოდის, გედიას პატარა ბიჭი ეჭიდავება. გედიას ის ცალი ხელით უჭირავს, ბავშვი ფართხალებს და კისკისებს, გედია კი ვეღარაფერს ვეღარ ხედავს…
გედია მონუსხული დგას და უყურებს სასწაულს…
რა იყო ასეთი ეს ლიკა ქავჟარაძე, პირდაპირ წარმოუდგენელია! მართლაც ზეციური სილამაზე…
როგორი დამაჯერებელია სოსო ჯაჭვლიანი, როგორი გაოგნებული სახე აქვს, თითქოს არც კი იჯერებს, რომ მართლაც ანგელოზს უყურებს…
სილამაზის დამნახავი გედია შექმნა სოსო ჯაჭვლიანმა. გედია, სავსე შინაგანი კეთილშობილი ენერგიით. ასე შესრულებას დიდი ოსტატობა უნდა – მართლა უნდა გრძნობდე სილამაზეს…
რა სცენაა! რა ფილმებს იღებდნენ ადრე!”