უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია შოთა რუსთაველზე

შოთა რუსთაველზე უმნიშვნელოვანესი ინფორმაციას გვიზიარებს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე:

“შოთას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით არსებული დიდი გაურკვევლობის პირობებში, ვფიქრობ, კირაკოს განძაკეცის ეს ბრწყინვალე ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და არაა სათანადოდ გამოყენებული.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით, შოთა იერუსალემში უნდა ჩასულიყო დაახლოებით მე-12 საუკუნის 90-იან წლებში. სალადინის ბიოგრაფი ბაჰა ად დინი სწორედ ამ პერიოდისთვის ახსენებს ქართველთა მეფის ელჩის ვიზიტს სალადინთან, რომელმაც სულთანს ქრისტეს დატყვევებული ჯვრის (ძელიცხოვლის) სანაცვლოდ 200 ათასი ოქროს დინარი შესთავაზა (მინიმუმ, ნახევარ ტონა ოქროზე მეტი). არსებობს მოსაზრება, რომ იგი შესაძლოა სწორედ შოთა ყოფილიყო (საამისო არგუმენტები სხვა დროს განვიხილოთ).

კირაკოს განძაკეცი წერს, რომ თამარის მეფობისას სომხებსა და ქართველებს შორის წარმოიშვა სასტიკი უთანხმოება კალენდართან დაკავშირებით, აღდგომის აღსანიშნავად, საქმე სისხლიან დაპირისპირებამდეც მივიდა, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად თამარმა და ზაქარია მხარგრძელმა ასეთ გამოსავალს მიაგნეს: იერუსალემში, ქრისტეს საფლავში გაგზავნეს ,,ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ქართველი” და სომეხი, რათა ენახათ, თუ რა რიცხვში გარდამოდიოდა სასწაულებრივად წმინდა ცეცხლი ქრისტეს საფლავში, ბერძნული და ქართული კალენდრის, თუ ასტრონომ ირიონის სომხური კალენდრის მიხედვით.

ყველაზე ღირებული კირაკოს განძაკეცის ცნობაში არის ამ მოვლენის დაზუსტებული თარიღი – 640 წელი სომხეთა წელთაღრიცხვით, ანუ 1191-1192 წელი, დროის სწორედ ამ მონაკვეთში ჩადიან იერუსალემში ,,ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ქართველი დიდებული” და მისი სომეხი თანმხლები, ბაჰა ად დინის მიხედვით კი თამარის ელჩი სალადინს ეწვია ჰიჯრით 588 წელს, ჯუმადა ალ ავლის პირველში, ანუ სწორედ 1192 წელს (მაისში). წმინდა მიწაზე ჩასული პილიგრიმების მარშრუტში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა ჯვრის ქართველთა მონასტერს, ფრანგი, ესპანელი და სირიელი პილიგრიმებისთვისაც კი, რის გამოც აქაურ ქართულ აღაპებში ბევრი ფრანგული, ესპანური და არაბული სახელიცაა დაცული, ცხადია, შეუძლებელია წმინდა მიწაზე ჩასულ ქართველ დიდებულს გვერდი აეარა ჯვრის მონასტრისთვის. ჯვრის აღაპები და ფრესკული წარწერები გულისხმობენ, რომ ერთადერთი ქართველი დიდებული, რომელიც უშუალოდ უნდა ყოფილიყო იერუსალემში 1192-წელს, სწორედ შოთა მეჭურჭლეთუხუცესია.

ამგვარად, იერუსალემში ჩასულ შოთას შესაძლოა ჰქონოდა რამდენიმე მაღალი რანგის მინდობილობა, როგორც პოლიტიკური – სალადინთან მოლაპარაკებები, ისე კალენდარული.

კალენდარული საკითხები ამ ეპოქის ადამიანისთვის ზოგადად და მათ შორის ქარველთათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო (ტბელი აბუსერიძე ამ საკითხს საგანგებო ნაშრომს უძღვნის) და კირაკოსის ცნობა ამ ნაწილში დამაჯერებლობას არაა მოკლებული, მაგრამ სხვა მხრივ, თავის ფინალობაში მისი ცნობა პროპაგანდისტულია და ემსახურება სომხური ეკლესიის თეოლოგიური პოზიციების ლეგიტიმაციას, სწორედ ისე, როგორც ამავე ეპოქის ქართველი ისტორიკოსების პროპაგანდისტულ-აპოლოგიური ტექსტები სომხებთან დაკავშირებით.”