29 დეკემბერი, 2023

წარმოუდგენელი ღირებულების დოკუმენტი საქართველოზე

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე ჩვენი ევროპული ისტორიის დიდებულ ამბებს გვიზიარებს:

“ჩვენი ევროპული ისტორიის რამდენიმე დიდებულ ფურცელს წარმოგიდგენთ.
1.
ეს წარმოუდგენელი ღირებულების დოკუმენტია, მე-12-საუკუნის დასავლეთ ევროპელ, ფრანგ ბერზე, რომელიც ათონის ქართველთა მონასტერში ემსახურება ქართული კულტურის აღმავლობას.
ფრანგი ბერის – იანიკ მორფიტის ქართული აღაპი, იგი ათონის ქართველთა მონასტერში შევიდა მაშინ, როცა ბერძნებს ქართველთა მონასტერი სასტიკად ჰქონდათ შევიწროებული, ერთგული სამსახურისთვის მთავარმამა პავლე ქართველმა თავისი ხელით გაუჩინა აღაპი იანიკს:
,,თუესა დეკენბერსა ლ, დღესასწაულსა წმიდისა…. (ვერ ვკითხულობ) განვუწესეთ აღაპი ესე ძმასა ჩუენსა იანიკსა მორფიტიან ყოფილსა, მრავალთა ჟამთა მსახურებისათვის და შემდგომად სიკვდილისა მისისა პერპერა მ (40) [დაგუიტევა]. აღესრულებოდეს ყოვლითა გულმოდგინებითა”.
ამალფიელმა ბენედიქტელებმა ათონზე მონასტერი დაარსეს სწორედ ქართველთა დახმარებით, კარგადაა ცნობილი ლეო რომაელის და გაბრიელ ქართველის ლეგენდად ქცეული მეგობრობაც, ევროპელი ბერები მეგობრობდნენ ქართველ ათონელებთან გიორგი მთაწმინდელის დროსაც
იანიკი ერთადერთი დასავლეთ ევროპელი ბერი არ იყო, რომელიც ქართულ საძმოში ჩაირიცხა, ბალავარიანის ძველ ფრანგული თარგმანის ანალიზიდან ირკვევა, რომ ქართველთა მონასტერში უნდა ყოფილიყო სხვა ფრანგი ბერიც, რომელმაც ქართველ ბერთან ერთად ძველ ფრანგულად თარგმნა ბალავარის და იოდასაფის სიბრძნე, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია ძველი ფრანგული ლიტერატურის განვითარებაში.
1204-წელს მთელი ათონის მთიდან მხოლოდ ქართველთა მონასტერი შევიდა ევქსრისტიულ კავშირში პაპ ინოკენტი მესამესთან, ამაზე თვით ბერძნული წყაროები წერენ (გრიგოლ იკოდომოპულოსი, დიმტრიოს ოჰრიდელი…), რის გამოც ბერძნებმა ქართველ ათონელებთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს, მაგრამ ქართულ ეკლესიას ქრისტიანულ დასავლეთ ევროპასთან კავშირი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვიდრე ბიზანტიასთან.
2.
გიორგი მთაწმინდელის თარგმანი, გადაწერილი მისი უახლოესი მოწაფის – გიორგი მცირე ჴუცესმონაზონისაგან, ხაზგასმულ მონაკვეთში გვხდება კათოლიკურად მიჩნეული სწავლება სულიწმიდის ძისგან გამომავლობაზე, ,,სული წმიდა მამისაგან და ძისა არა შექმნით, არცა დაბადებით, არამედ გამოსვლით”, არშიაზე კი მე-19-საუკინის მინაწერი – ,,არა და ძისა”, საიდანაც კარგად ჩანს თუ როდის გახდა მიუღებელი საქართველოში ,,ფილიოქუე”, რომელიც გვხდება სხვა, მე-12-3-საუკუნის ხელნაწერებშიც, ზოგიერთი ალბათ გაიხსენებს, რომ ფილიოქუე აღმოსავლეთის მამებთანაც გვხდებოდა ადრე, მაგრამ ეს დემაგოგიაა, რადგანაც იმ რელიგიურ კონტექსტში, რომელშიც გიორგი მოღვაწეობდა, ფილიოქუეს მხარდაჭერა ნიშნავდა ერთადერთ რამეს – მხარდაჭერას რომის ეკლესიისა, და მართლაც, გიორგი არც მალავდა, რომ სამოციქულო რწმენის სისავსით დამმარხელი მხოლოდ რომის ეკლესია იყო. ანდერძში გიორგი ამ სწავლებას მართალ აღსარებას უწოდებს და სიამაყით შენიშნავს, რომ ის რომაელთა წიგნიდან თარგმნა.
გიორგი ჴუცესმონაზონი წერს, რომ გიორგის, როგორც საქართველოს ეკლესიის მთავარი ავტორიტეტის შრომები გადაიწერეს მრავალ მონასტერში, გიორგის მოწაფეები იყვნენ თვით ჭყონდიდელი, ქუთათელი და კათალიკოსიც კი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ,,ფილიოქუე” სხვა ძველ ქართულ ხელნაწერებშიც გვხდება, ზოგ ხელნაწერში სწორედ ის ადგილია გადაფხაჭნილი, სადაც სულიწმიდის ძისგან გამომავლობაზეა ლაპარაკი, ძირითადად ეს ჩასწორებები ეკუთვნის მე-18-9 საუკუნეებს.
ყველაფერი ზემოთქმული ნიშნავს შემდეგს – როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და ძლიერი იყო და ეთქმოდა თავისი ანგარიშგსაწევი სიტყვა, მისი სიტყვა იყო თავისთავადი და არა ისეთი, როგორიც ბერძნებისა და რუსებისა.
3.
მე-13-საუკუნის უნიკალური ქართული დოკუმენტი (გოლგოთის სვინაქსარი), სადაც ქართველ ბერებს აღაპებში შეტანილი აქვთ ჯვაროსანთა მოსახსენებლები, და ეს მაშინ, როცა დანარჩენი მართლმადიდებლური სამყარო დასავლეთ ევროპასთან უკვე განხეთქილებაში იყო:
,, ჯუარო პატიოსანო შეიწყალე ძმაჲ ჩუენი ჯოფრე ფაუსათ”.
,, ქრისტე ღმერთო შეიწყალე ძმაჲ ჩუენი გჳილიამ პატერა და დედაჲ და მამაჲ მისი”.
ჯვრის მონასტრის სახარების მინაწერი:
,, ქრისტე ღმერთო შეიწყალე ძმაჲ ჩუენი პერ მარტინე და პერ გონსალ”.
“უფალო ღმერთო, შეიწყალე ძმანი ჩუენნი კონდოფრე და კოსტანტინე და ბოტიერ…”
ტამპლიერთა კომანდორის აღაპები:
(1),,ჯ[უ]არო პ[ა]ტიოსანო ადიდე და შ[იეწყალ]ე სირ პერ კუმანდური ტაძრელთა
(2) შეიწყ[ა]ლე ძმაი პერი ტაძრელთაი
(3) ქ[რისტ]ე ღ[მერთ]ო დაიც[ე]ვ ძმაი ჩ[ვე]ნი პერია და შ[ე]უნ[დვენ] ც[ოდვა]ნ[ი] მისნი”.
ძველი საქართველოს კულტურულ სახეს განსაზღვრავდა საზღვარგარეთის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მონასტერი – ათონის ივერონი, იერუსალემის ჯვარი და შავმთის სვიმონ საკვირველმოქმედის მონასტერი, ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში – მე-12-13 საუკუნეებში, როცა დადგა არჩევანი, ან ბიზანტია, ან დასავლეთ ევროპა, სამივე მათგანმა გადაჭრით აირჩია დასავლეთ ევროპული სამყარო.
დიგიტალური ასლის დამზადებისათვის ძალიან მადლიერი ვარ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გულისხმიერი თანამშრომლების.”