10 დეკემბერი, 2023

ტარიელ ხარხელაურის საუკეთესო წერილი

ყველაზე გულწრფელი და ყველაზე მართალი პოეტის ტარიელ ხარხელაურის წერილი, რომელიც მის გარდაცვლილ შვილს – 23 წლის ბექას ეძღვნება:

“ჩემო ბექა!

ჩემი ფიქრი შენს გარშემო ბრუნავს, შენთან ათენ-აღამებს, შენს სუნთქვას აყურადებს, შენით ივსება და იცლება, მხოლოდ შენზე ფიქრს შეუძლია ჩემი კუთვნილი სამზეოს გალამაზება.
მხოლოდ შენზე მუდმივად ფიქრმა შესძლო ჩემი ტკივილის ამღერება. აღარც შენი ნაადრევად გასვლა მიკვირს ამ წუთისოფლიდან. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ შენ ოცდასამი წელი სრულად იცხოვრე, სავსემ იცხოვრე. სიმღერაც შეგეძლო, სიყვარულიც. კაცობა იყო შენი ძლიერი ქედის საზიდი. შენ ფერებს ჩვენნაირთა ცრემლი არსად წაადგება, მაგრამ გვაპატიე, თუ ხანდახან მაინც, უშენობით მოგვრილმა სევდამ მოგვინედლოს ამქვეყნიური მტვერით მინაქრული თვალები.

მზე რომ ამოდის, ასე მგონია უფრო ნათელია, რადგან შენი განუმეორებელი ღიმილით შეივსო.

ქარი რომ ბორგავს, შენი ხასიათია, მარად მოძრავი, დაუდგრომელი.

წვიმა, წვიმაც კი განსაკუთრებულად მეჩვენება – თითქოს უფრო ძლიერად წვიმს, რადგან წვიმის წვეთების ხმაურში, შენს სიმღერას შენეული კაცური ხმით ვისმენ.

ამიტომაც არის, რომ უფრო ძნელად დასაჯერებელი გამიხდა დრო – რომელი უფრო ნამდვილი დროა, მე რომ ვცხოვრობ და განზომილებადია, თუ დრო – შენ რომ ცხოვრობ და განუზომელი.
ყოველშემთხვევისათვის, მე აქედან ასე მეჩვენება…”