პოეტი ნანა ცინცაძე ნამდვილად გამორჩეულია თავისი შემოქმედებით. ათასობით პოეზიის მოყვარული მის ახალ ლექსებს დიდი ინტერესით ელის.
“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:
“ყველაფერი და არაფერი
სარკმელზე მთვარე ჰკიდია თაღებს,
არ იგვიანებს არასდროს ბინდი,
სემირამიდას დაკიდულ ბაღებს
თუ დაიჯერებ მე თავად ვქმნიდი.
მერე მინდოდა დამეწვა რომი,
თან დამყვებოდა ნერონის ლანდი
ღმერთო, ვინ იცის რამდენი ომი
გამოვიგონე რაც ქვეყნად გავჩნდი.
ჩუმად გავხსენი პანდორას ყუთი,
და ვხარხარებდი ტკივილთა გამო
ბოროტს არასდროს უჩანდა კუდი,
ღიმილი ჰქონდა საოცრად ამო.
მერე ვატარე მიწაზე ქრისტე,
და მივუჩინე იუდა ავად
კაცობრიობა რასაც კი იტევს
მინდა გაიგოთ მე ვქმნიდი თავად.
იცი, სიკეთეც მახსოვს მრავალი,
ზეთსხილის რტოს მოგიტანს მტრედი,
მე დავამარცხე ყველა მტარვალი
და სიკვდილის წინ ვამღერე გედი.
ახლა მომინდა აფრენა ცაში,
და დამიღამდა ვატყობ ძალიან,
სიკეთე უკვე გავცვალე ვალში
აღარაფრისთვის აღარ მცალია.
სარკმელზე მთვარე ჰკიდია თაღებს
არ იგვიანებს არასდროს ბინდი,
მე არა მარტო დაკიდულ ბაღებს,
რასაც მინდოდა სულ იმას ვქმნიდი.”