1 ნოემბერი, 2023

საუკეთესო წერილი თენგიზ არჩვაძეზე

გენიალურ მსახიობზე თენგიზ არჩვაძეზე საუკეთესო წერილი გაგვიზიარა კინომცოდნე გოგი გვახარიამ:

“თენგიზ არჩვაძე – კეთილი ადამიანი

დედაჩემი მიყვებოდა, „კეთილი ადამიანების“ კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ საქართველოში გოგოები ორად გავიყავით – ნაწილი ოთარ მეღვინეთუხუცესზე იყო შეყვარებული, ნაწილი თენგიზ არჩვაძეზეო. ეს 1961 წელია.

პოსტსტალინური ეპოქის კინო პათეტიკურობას ცვლის უბრალოებით, მონუმენტალიზმს სისადავით, ძლიერისა და შეუვალის კულტს კი სირბილითა და მგრძნობიარობით. თენგიზ არჩვაძე, ეს თითქოს პრინციპულად არააგრესიული, ძალიან ჩუმი, სიტყვაძუნწი, ხანდახან ირონიული „რბილი კაცი“, არა მარტო თავს აყვარებდა მაყურებელს, არამედ მოდასაც ქმნიდა სწორედ ასეთ მამაკაცზე.

„კეთილი ადამიანის“ პრემიერას მოჰყვა ახალი როლები. 60-იან წლებში ის თამაშობს იმედას „ხევსურულ ბალადაში“, ალუდას „ვედრებაში“, არსაკიძეს „დიდოსტატის მარჯვენაში“.

სცენაზეც დგას და მარჯანიშვილის თეატრის პოპულარული მსახიობია, მაგრამ კამერის წინ არასდროს იყენებს მაშინდელი თეატრის ენას. უხმაუროა (ეს იშვიათია საბჭოთა კინოში, რომელსაც დასავლეთში ხშირად დასცინოდნენ, მაგათ ფილმებში გამუდმებით ყვირიანო), მკვეთრ მოძრაობებს ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პლასტიკურია. მონოლოგებზე მეტად უყვარს პარტნიორების შეფასება – ახლო ხედი თენგიზ არჩვაძის სტიქიაა. განსაკუთრებით მაშინ ამახსოვრდება მაყურებელს, როცა უყურებს, ხედავს, აზროვნებს და უსმენს.

70-იან წლებში ცხოვრება შეიცვალა. კეთილშობილი, სიტყვაძუნწი და გულჩვილი რაინდების დრო იწურებოდა. მოთხოვნილება ასეთ ხალხზე, ცხადია, იყო, მაგრამ დისტანცია მათ მიმართ გაიზარდა – ეს დონ-კიხოტები უფრო მითოლოგიურ პერსონაჟებად გადაიქცნენ.

და სწორედ ამ დროს გიგა ლორთქიფანიძე მუშნი ზარანდიას როლში თენგიზ არჩვაძეს იწვევს. „კეთილ ადამიანებში“ მეგობრები, რომლებსაც ერთი ქალი უყვართ, მშვიდობიანად დაშორდნენ. „დათა თუთაშხიაში“ მეღვინეთუხუცესი და არჩვაძე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. თენგიზ არჩვაძე უკვე „სიკეთედ გარდაქმნილ ბოროტ გენიას“ თამაშობს. თავისი ძველი ნიღაბი მოირგო, რათა ბოროტება ერთი საღებავით არ გამოეხატა და ეთქვა, რომ ბოროტება არაა რაღაც აბსტრაქტული. ბოროტება ცოცხალია. ჩვენ შორისაა. ჩვენშია.

2001 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 70 წლის იუბილე ერთი წლით ადრე მიულოცეს. ყველა მისი პარტნიორი დაპატიჟეს – თენგიზ არჩვაძის თაყვანისმცემლები თითქოს ხედავდნენ, რომ ეს თაობა მიდიოდა. თითქოს მადლობას გადახდა ეჩქარებოდათ. და არა იმიტომ, რომ ქართული საბჭოთა კინოს ვარსკვლავებს ჯანმრთელობა ღალატობდათ. უბრალოდ, ახალ დროში, ახალი დროის კინოში ამ ხალხისთვის – ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის, ლეილა აბაშიძისთვის, ზურაბ ქაფიანიძისთვის ადგილი აღარ იყო. კინოს ენაც შეიცვალა და ფილმის წარმოებასაც კრიზისი დაეტყო.

ის შეხვედრა ფილარმონიაში, მიუხედავად სადღეგრძელოებად ქცეული სიტყვებისა, ოხუნჯობისა, ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი ოვაციისა, მაინც სევდიანი საღამო იყო. ვფიქრობ, ყველამ გაიაზრა, რომ 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად ქართული საბჭოთა კინოს ვარსკვლავების ეპოქა დასრულდა. მაყურებელს, რომელიც უკვე 90-იან წლებში დაიბადა, ნაკლებად ექნებოდა თანაგანცდა ამ არტისტების მიერ განსახიერებული პერსონაჟების მიმართ. ახალგაზრდებისთვის მეტისმეტად სადა, მეტისმეტად გულუბრყვილო, მეტისმეტად კეთილშობილი უნდა ყოფილიყო ყველაფერი, რასაც კლასიკოსი ვარსკვლავები კამერის წინ აკეთებდნენ.

ამ დღეებში თენგიზ არჩვაძეს სამუდამოდ ვემშვიდობებით. თენგიზის ხსენებაზე სულ მისი სიტყვები მახსენდება: „პატივმოყვარე ადამიანი არ მომწონს, უამრავი ცუდი თვისება მოდის პატივმოყვარეობიდან, თითქმის – ცხრა ბოროტება. მე საკუთარ თავთან დიალოგი მშველის, სხვანაირად არ შემიძლია. ვაზროვნებ – ესე იგი ვარსებობ”.

კიდევ მახსენდება დედაჩემი, რომელმაც „კეთილი ადამიანების“ არჩევანში თენგიზ არჩვაძეს მიანიჭა უპირატესობა. აღარც დედაა ცოცხალი.”