6 ნოემბერი, 2023

 ორიგინალური “მამაო ჩვენო” 

ლოცვა “მამაო ჩვენო” ყველა მორწმუნემ ზეპირად იცის, მაგრამ ალბათ ცოტას თუ წაუკითხავს გიო საჯაიას ორიგინალური “მამაო ჩვენო”:

“ერთი არცთუ ისე ცნობილი რუსი მწერლის ასევე ნაკლებად ცნობილი მოთხრობაა, სახელი არ მახსოვს. პატარა გოგოზეა. ამ გოგომ ლოცვა არ იცის და თავისებურად ლოცულობს დილა-საღამოს. დილით, გაღვიძებისას, “დილა მშვიდობისა, ღმერთო!”-ო, ესალმება. ღამით, ძილის წინ, “ძილი ნებისა, ღმერთო!”-ო, ემშვიდობება. რაზე გამახსენდა და… არც მე ვიცი ლოცვა.

სიყვარულით, წილხვდომილიდან

მამაო ჩვენო, როგორა ხარ ცათა შინა?
რა ხანია, არაფერი მსმენია შენგან.
შენგან-მეთქი, ვამბობ,
თორემ შენზე იმდენი და ისეთები მესმის,
მათგან,
ვინც ერთხელ ტაძრიდან განდევნე,
მათგან,
ვინც მალევე მიხვდა,
რომ შენი მართალი სიტყვა
ყველაზე ძვირფასი და უშრეტი განძი იყო,
რომელსაც ნებისმიერ საქონელზე ძვირად გაასაღებდა,
ვინც სახე იცვალა და უკან შებრუნდა ტაძარში,
რომ ეს სიმართლე საკუთარ ტყუილში შეეფუთა,
ზედ ოქროს ფასი დაედო და
შენი სულიერად და ფიზიკურად ერთნაირად მშიერი შვილებისთვის მიეყიდა,
რათა მეტი სიმდიდრე მოეხვეჭა
და უკეთ ამოევსო გაუმაძღარი მუცელი,
იმდენი და ისეთები მესმის,
ზოგჯერ, გულწრფელად მეცოდები.
მამაო ჩვენო, როგორა ხარ ცათა შინა?
დაეშვი მიწაზე და მოდი ჩემთან,
ჩვენ ბევრი დაგვიგროვდა სალაპარაკო,
ჩემზე, შენზე, მათზე…