5 ნოემბერი, 2023

აკა მორჩილაძე ქართველებზე

მწერალი აკა მორჩილაძე ქართველებზე – საკუთარ თანამემამულეებზე წერს:

“ქართველი ვარ და ქართველმა თუ წარსულის ამბები არ გადმოალაგა, დღევანდლისას რას ამბობს, ვერ გაუგებ.

საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ.

წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. ძნელია ქართველობა, როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე, ძირითადად, მთვრალები.

მე ვარ ცოდვებით დამძიმებული, საკუთარი თავის მტანჯველი მხიარული კაცი, რითაც ხანდახან სხვებსაც დავტანჯავ ხოლმე.

ტრასა არ მიყვარს, რახან ძააან სწორია. საქართველოს კიდე სწორი გზები არ უხდება. მომკალი თუ გინდა და არ უხდება. საქართველო იქ არის მაგარი, სადაც მიხვეულ-მოხვეულია. საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ-მოხვეულობა. ჰოდა, როგორია, რომ შეიტყობ, რომ თუ გორის ტრასა არ არსებობს, საქართველოც არ არსებობს. ვერასდროს წახვალ, რომ ბაბუაშენის მამის, ტიმოთეს აშენებული სახლის ჩამოტეხილ სახურავს შეხედო. საქართველო კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა.