22 ოქტომბერი, 2023

ნუცა შანშიაშვილი ადამიანის ყველაზე დიდ ჯილდოზე

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ადამიანის ყველაზე დიდ ჯილდოზე გვესაუბრება:

“გასაოცარ ვერსიებს ვუსმენ იმ სიტუაციებზე, რაც დღეს ხდება მსოფლიოში! აბსოლუტურად გარეკილი აქვს თითქმის ყველას, თან ისეთ ვერსიებს დებენ საბოოლო ექსპერტების სახით, როდესაც ვუსმენ, არ ვიცი ვიცინო, თუ ვიტირო!

სინამდვილეში მოხდება ის, რასაც არავინ არ ველოდებით, გადაწყდება და გაირკვევა იქ, სადაც ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შესაძლებელი იყო! და, საერთოდ, კონსპირაციული აზრების ფრქვევას, ჯობია შევხედოთ სიტუაციას ისეთს, როგორიც რეალურად არის!

ტერორისტი ტერორისტია, კარგი ადამიანი – კარგი!

მსოფლიო უზარმაზარი არასაჭირო, უფუნქციო ადგილებით არის სავსე, ხოლო პატარა ტერიტორიები კი არის გენიალური ადამიანებით დასახლებული!

ძალიან საინტერესოა, რად უნდა შემქმნელს ამდენი გაუნათლებელი, ბნელი აზროვნების მქონე ადამიანი, თუგინდ პაწაწინა ისრაელთან მიმართებაში! ვერ იტანენ და ებრძვიან იმ ხალხს, ვისგანაც პრინციპში მთელ სამყაროს აქვს გადაცემული რელიგიებიდან დაწყებული, ყოველგვარი განათლების უმთავრესი ფუნდამენტალური საწყისები! და ეს ხალხია ებრაელი ხალხი! კი, რა თქმა უნდა, ებრაელ ხალხშიც არის უთანხმოება და დაუნდობლობა, მაგრამ ზოგადად მეფე დავითიდან დაწყებული, ქრისტეთი დამთავრებული, შუაში აღარ ჩავწერ რაოდენობრივად უთვლელ ფიზიკოსს, მეცნიერს და ხელოვანს, ხომ იყვნენ და არიან ებრაელები?

ბევრი კითხვა მაქვს, რომელზედაც აქვს პასუხები მარტო შემქმნელს, რომელიც დგას ყველაფრის სათავეში და ერთადერთი რამ რაც მრჩება, ეს არის გაუთავებელი ლოცვა ყველგან და ყოველთვის, სცენაზე ვარ, საჭესთან თუ სამზარეულოში! ამ გზით ვპოულობ შვებას და სიწყნარეს ამ ტრაგიკომიკულ, უტვინო სამყაროში!

მიუხედავად იმისა, რომ სიმშვენიერის და სინათლის წყაროს წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლე, მაინც ვიტოვებ ტვინში იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია სწორედ სულების გამოსასწორებელ კოლონიასაც წარმოადგენს ჩვენი დედამიწა და, სავარაუდოდ, ყველა სულს თავისი მისია გვაქვს!

ყველაზე დიდი ჯილდო კი ადამიანისათვის არის სიცოცხლე და ამ განძს ვერ ვუფრთხილდებით, სწორ კონტექსტში ვერ ვიყენებთ და იმის მაგივრად, რომ ჩვენი არსებობის საფეხურიდან ავიწიოთ უმაღლეს სამყაროებამდე, ვრჩებით ისევ და ისევ დაძირულ კოლონიაში, სადაც სამართალი არის მარტო სამაგიეროს გადახდა, წაგლეჯვა, მითვისება და ცხოველური გამარჯვებით ზეიმი.”