6 ოქტომბერი, 2023

მუხრან მაჭავარიანის საოცარი ისტორია

დიდებული პოეტის მუხრან მაჭავარიანის ცხოვრებაში არაერთი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ისტორია ყოფილა, თუმცა ამბავი, რომელსაც მისი მეუღლე ლამარა ბოკერია იხსენებდა, ნამდვილად საოცარია:

“საშინელება დატრიალდა ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და ზვიადის განდევნის შემდეგ… ინტელიგენცია ორად გაიყო, მუხრანის ბევრი მეგობარი მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა… და დაიწყო მუხრანის ლანძღვა და განქიქება…

მუხრანს დაძაბულობისა და ნერვიულობისგან დიაბეტი დაემართა და შემდგომი წლები ამ ავადმყოფობას ვებრძოდით…

ექიმების დაჟინებული რჩევით, მე და მუხრანი კვლავ დავდიოდით ვაკის პარკში…

ერთხელ შორს ავედით აღმართზე, კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე… შევნიშნეთ, უცხო ავტომანქანა დაგვედევნა… მე შემეშინდა. დავბრუნდით უკან, დაღმართზე დავეშვით…
მე შიშით ფეხს ავუჩქარე და ვუთხარი: “ნამდვილად ჩვენ მოგვდევენ, ახლა გვესვრიან, გავიქცეთ-მეთქი”. მუხრანიც გამომყვა. ავტომანქანა დაამუხრუჭეს.

მოულოდნელად იქიდან მშვენიერი ახალგაზრდა ქალიშვილი გადმოვიდა, ხელში იასამნის დიდი თაიგული ეჭირა და მოწიწებით მუხრანს მიართვა:

– ბატონო მუხრან, ქართველ ხალხს უყვარხართ, გული არ გაიტეხოთო!

ჩვენ გაოცებით შევხედეთ ერთმანეთს და მადლობის თქმა ძლივს მოვახერხეთ. მუხრანმა მაშინვე მე გადმომილოცა იასამნის თაიგული და სახლამდე ნათელი ღიმილი არ მოგვშორებია ორივეს…”