31 ოქტომბერი, 2023

გინახავთ თენგიზ არჩვაძის ნახატი?

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლეგენდარული მსახიობი თენგიზ არჩვაძე არაჩვეულებრივად ხატავდა.

ნანა ჭრელაშვილი:

“თენგიზ არჩვაძის მიერ დახატული ნოდარ მგალობლიშვილის პორტრეტი… ბატონი ნოდარი თავისი შემოქმედების, ფოტოების და სტატიების მიმართ ყურადღებას არ იჩენდა, მაგრამ ბატონი თენგიზის ნახატი საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული. რამდენჯერაც უნდა გვენახა, სულ სიყვარულით და დიდი სითბოთი აღნიშნავდა – ეს თენგიზმა დახატაო…

ბიოგრაფიული ალბომისთვის შემონახულ ამ გენიალურ რელიქვიას პირველად ვაქვეყნებთ, როგორც დიდი ადამიანების სიყვარულისა და ურთიერთობის ოდას… ნინო ჩხიკვიშვილი ნინო შენი მოგონებებიდან ველი ერთ საინტერესო ეპიზოდს.”

ნინო ჩხიკვიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლე:

“ამ ფოტოზე ნოდარი სვერდლოვის როლში დაუხატავს თენგიზ არჩვაძეს.
( სპექტაკლი სულ სამჯერ ითამაშეს, ლენინის დაბადების თარიღთან დაკავშირებით.
და ამა სამი წარმოდგენიდან ერთ-ერთს დავესწარი კიდეც და მგონი ზუსტად მაშინ შემიყვარდა ნოდარი…)
მაგრამ ახლა მთავარი, რაც ამ ფოტომ მომაგონა, სხვა ამბავია:
საღამო ხანია, ძველ ფილმს ვუყურებთ მასტროიანის მონაწილეობით.
ჰოდა… ნოდარს ვეუბნები:
_ მაინც რა კარგი იყო ეს მასტროიანი, არა?!
_ კი, კარგი იყო, მაგრამ…
_ რა მაგრამ?
_ ჩვენი თენგიზი ნაკლებია?
_ ჰო, ეგეცაა…
_ ეგეცაა? ეგ არის თუ არის! შენ არ იცი თენგიზი, რა მსახიობია! საბჭოთა კავშირში რომ არ გვეცხოვრა, მაშინ ნახავდი შენ თენგიზის პოპულარობას მსოფლიოში.
_ ანუ ამბობ რომ ჰოლივუდის დონის მსახიობია?
_ აბა რაა! რომელი მასტროიანი დაუდგება გვერდით, რას ამბობ, შენ?!
_ ჰო!..
_ კი, ასეა! – ეღიმება ნოდარს და ჩამოთვლის ფილმებს თენგიზის მონაწილეობით, იქ როგორია, ან იქ… როგორია გაიხსენე.
მეც ვიხსენებ და … ვეთანხმები!”