ოკუპირებულ ხურვალეთში მცხოვრები ვალია ბებო – დათა პაპას მეუღლე, რომელსაც ქმარმა სიკვდილის წინ უთხრა „სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიანო“ ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა.
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწიური ჯილდოს – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკურებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ – მფლობელი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როსტომ ჩხეიძის, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“, ილიკო და ნინო სუხიშვილების, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა “ და ზურაბ კიკნაძის შემდეგ სოფელ ხურვალეთში (გორის მუნიციპალიტეტი), რუსეთისაგან ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ეთერ (ვალია) ვანიშვილი გახდა.
გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო ფონდის ჯილდოს გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღებმა სარეკომენდაციო საბჭომ, რომლის შემადგენლობაში არიან – პოეტი ლია სტურუა, ლიტერატორი და კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი, ისტორიკოსი, ილიაუნის პროფესორი ბეჟან ჯავახია, პოეტი ბაღათერ არაბული, ტელეწამყვანი და მედიამენეჯერი ნინო ზაუტაშვილი, ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი დიმიტრი შველიძე, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი, პოეტი და მწერალი ნინო სადღობელაშვილი და დეკანოზი, კაპელანი გიორგი წეროძე.
ეთერ ვანიშვილი – ვალია ბებო, მისი აწ გარდაცლილი მეუღლის დათა პაპას მსგავსად, ანტისაოკუპაციო ცნობიერების და ოკუპანტისადმი შეურდეკლობის სიმბოლოდ იქცა. 2013 წელს, რაც ოკუპანტმა მისი ეზო და სახლი მავთულხლართებით გაყო, ცოლ-ქმარმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეთმოთ მშობლიური მიწა და დარჩნენ არაოფიციალურ საზღვარს გადაღმა, პრაქტიკულად იზოლირებულნი საკუთარი სოფლისა და ქვეყნისაგან. დაქვრივებული ვალია ბებო დღემდე არ ტოვებს რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებულ მიწას და ცხოვრობს სრულ სიმარტოვეში.
მისი სწორედ ეს საქციელი, სამოქალაქო გმირობა, პრინციპულობა და პატრიოტული ქმედება აღინიშნა და მიენიჭა „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკურებული ღვაწლისათვის“. იგი, თუნდაც მისდაუნებურად, თავისი ცხოვრებით, ამ ბუნებრივი არჩევანით და ქმედებით სწორედ რომ ანტისაოკუპაციო ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და მოჭარბებული პრორუსული განწყობების ფონზე რუსეთისადმი, როგორც დამპყრობისადმი შეუგუებლობის სამოქალაქო მაგალითს იძლევა.
დაჯილდოების ცერემონია ვალია ბებოს ეზოს სიახლოვეს, შეზღუდულ ფორმატში, ნახევრად ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში, პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში, 12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს გაიმართა.