ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ–დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა. „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებ“, ოპტიკური ილუზიის სახალისო სკეჩი შეასრულეს, ასევე ისაუბრეს ფერადი და აქრომატიული ფერების მონაცვლეობაზე .
მასტერკლასი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე შშმ პირმა მიიღო.
„ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანების დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა.სამხატვრო ხელმძღვანელი კი – გიორგი ისაკაძე.ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელია, ორგანიზატორი – კომპანია „არტ ალიანსი“.
ნინო მირიანაშვილი, მხატვარ-დიზაინერი:
„ჩვენ გვქონდა ძალიან ემოციური და ძალიან თბილი მასტერკლასი. „მშობელთა ხიდი“ არის ასეთი ორგანიზაცია, სადაც მოდიან უნარშეზღუდული ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა აქტივიობებში ერთვებიან და ცდილობს ყველა იქ მყოფი ადამიანი, რომ მათი უნარები ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს.
ასეთ ბავშვებთან შეხვედრა იყო ძალიან ემოციური, იმიტომ რომ ანთებული თვალებით გიყურებენ, ერთვებიან პროცესში, აკეთებენ ყველაფერს. არაჩვეულებრივი გულის ადამიანები არიან.
ჩვენ ოპტიკური ილუზიის გამოყენებით არტ სკეტჩი გავაკეთეთ. ეს არის აქრომატიული ტონალობიდან უცბად ფერში გადასვლა. ეს ყველაფერი სწორედ ოპტიკური ილუზიის მეშვეობით ხდება. ბავშვების რეაქცია იყო სრულიად ფანტასტიური, დიდებსაც კი უკვირთ და მათ საერთოდ, საოცარი და არაჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ. სიხარულით აფერადებდნენ ხილის და ბოსტნეულის პრინტებს. შემდეგ გააკეთეს აქრომატიულიდან ფერში გადასვლა, რაც იყო ამ მასტერკლასის ქვაკუთხედი. ძალიან იხალისეს, ერთმანეთს აჩვენებდნენ, მეძახდნენ და მეკითხებოდნენ, მაჩვენებდნენ, ვუსწორებდი. ეს იყო ემოციების სრული ფოიერვერკი.
დარწმუნებული ვარ, მათ ეს ემახსოვრებათ, იმიტომ რომ მათთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. შეიძლება ითქვას, მე უფრო მჭირდებოდა ამ ბავშვებისგან ამდენი სითბო. ფანტასტიური ბავშვები არიან, ძალიან ნიჭიერები და ძალიან თბილები. ყველა და ყველაფერი უყვართ.
დიდი სიამოვნებით ვიქნები კიდევ შემდეგი მასტერკლასის წამყვანი. თუკი მომიწვევენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ბედნიერება იქნება.“