22 აგვისტო, 2023

რეზო ინანიშვილის არაჩვეულებრივი წერილი

მწერალი რეზო ინანიშვილი ერთადერთი და უძლიერესი ნოველისტია ქართულ მწერლობაში.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ნოველას “სიამაყე”, რომელიც მწერლის მათემატიკის მასწავლებელს ეძღვნება:

“დღეს მე ჩემს მათემატიკის მასწავლებელს ვიგონებ. ეს იმ სკოლაში იყო, ახლაც რომ არის ცხრა ძმის ქუჩაზე. – შალვა გაბადაძე, ქუთაისელი კაცი, უცოლო! – ასე ეცნობოდა თურმე ყველას. ორმოცის არ იქნებოდა, შეიძლება ოცდათხუტმეტი წლისაც არა, მელოტი კი იყო, დაბალი, სქელი და მელოტი. მიუხედავად ამისა – მკვირცხლი, ენერგიული, სახენათელი.
ეცვა ყოველთვის გატკიცინებული მუქი ლურჯი კოსტიუმი, რა თქმა უნდა, ერთი, შავი ფეხსაცმელი, ისიც, რა თქმა უნდა, ერთი წყვილი. დაატარებდა პორთფელს. ენერგიული ნაბიჯით შემოვიდოდა კლასში, მოქნევით დადებდა პორთფელს მაგიდაზე, ჯიბიდან ამოიღებდა ოქროსფერ მოზრდილ საათს (იქნებ ოქროსიც იყო?!), იმ საათსაც დადებდა მაგიდაზე და სწრაფად დაასვამდა ციფერბლატზე კალმით წერტილს. ეს ნიშანი იყო, რამდენ წუთსა და სეკუნდსაც დავკარგავდით ბავშვები დაწყნარებამდე, იმდენ წუთსა და სეკუნდს დაგვიტოვებდა ზარის შემდეგ კლასში. ჩვენ სწრაფად ვსხდებოდით, სწრაფად ამოგვქონდა რვეულები ჩანთებიდან და გადავშლიდით “საშინაო დავალებებზე”.
ბატონი შალვა (აჰ, არა, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სიტყვა “ბატონი” ), პატივცემული შალვა გაფრთხილების გარეშე იწყებდა მერხებს შორის ჩამოვლას, “საშინაო დავალებების” შემოწმებას. ეს ჩამოვლაც იყო სწრაფი, ენერგიული. დავალებების უქონლობა ვერ წარმოედგინა ვერავის. შეიძლება, გაკეთებული გვქონდა ცუდად, მაგრამ უქონლობა…

ცუდად გაკეთებულსაც დააჩერდებოდა მკაცრი თვალით, მერე გადაგვიხევდა მთელ ფურცელს, – “გააკეთებ თავიდან!” თუ კიდევ არ მოეწონებოდა შემდგომ გაკვეთილზე, გადაგვიხევდა სამ ფურცელს ერთად, – “გააკეთებ თავიდან!” საათზე შეამოწმებდა ჩამოვლაზე დახარჯულ დროს, დაჯდებოდა მტკიცედ, იწყებდა გაკვეთილის გამოკითხვას.
დაფასთან გამოსულ მოსწავლეს თან უნდა ეწერა, თან უნდა ემსჯელა ხმამაღლა. თუ დაავიწყდებოდა ეს, პატივცემული შალვა ბრძანებდა: – ბავშვო, გაიმეორე ხუთჯერ, “თან ვწერ, თან ვილაპარაკებ”. მოსწავლე იმეორებდა. ზოგი იმეორებდა ათჯერაც. არავითარი ფარგალი და სახაზავი არ გვჭირდებოდა არცერთს, მშვენიერ წრეებს და მონაკვეთებს ვხაზავდით დაფაზე. თუ ვინმეს არ გამოსდიოდა კარგად, სტოვებდა გაკვეთილების შემდეგ და ავარჯიშებდა, როგორ უნდა გაევლო ხაზი, როგორ უნდა გაეკეთებინა წრე. ვიდექით დაფასთან შესვენებებზე და ვატრიალებდით ცარცებს…

იყვნენ ჩვენს კლასშიც ცოტათი სუსტები მათემატიკაში, მაგრამ უცოდინარი – არავინ. სუსტებს მუდმივად ამეცადინებდა გაკვეთილების შემდეგ. ცულით უჭედავსო თავში ცოდნას, – ასე ამბობდნენ პატივცემულ შალვაზე.

ო, რა მშვენიერება იყო მის მიერ გაკვეთილის ახსნა. დაფასთან იდგა უმკაცრესი სარდალი, ჭახაჭუხი გაჰქონდა ცარცს. ლაპარაკობდა მტკიცედ, თან თვალი ჩვენსკენ ჰქონდა. თუ ვინმეს შეატყობდა უყურადღებობას, – გაიმეორე, ბავშვო, რა ვთქვიო. თუ ვერ გაიმეორებდა, განაღდებული ჰქონდა ორიანი, ორიანი და გაკვეთილების შემდეგ დარჩენა.

გაკვეთილის ახსნას რჩებოდა ზუსტად ზარის დარეკვის დროს. ერთი წუთი ხომ მაინც გვემართა მისი, იმ ერთ წუთში გვაძლევდა საშინაო დავალებას. საათზე წაშლიდა წერტილს, ჩაიდებდა ჯიბეში, აიღებდა პორთფელს, გამოგვხედავდა ერთხელაც, – კარგადო, – და გავიდოდა კლასიდან.

თითქოსდა უნდა გვშინებოდა, გვჯავრებოდა პატივცემული შალვა, მაგრამ ვაღმერთებდით. კედელს ვეკვროდით აღტაცების ღიმილით, ის რომ შემთხვევით გამოჩნდებოდა. ეს იმიტომ რომ, ამ დროს ღვთაებრივად კეთილი სახე ჰქონდა. ძალიან უყვარდათ მასწავლებლებსაც.

ერთხელ მე და ჩემმა ამხანაგმა სკოლის სასადილოს ღია კარიდან დავინახეთ – შალვა გაბადაძე ლობიოსა და კომბოსტოს წითელ მწნილს მიირთმევდა მადიანად. სახტად დავრჩით ორივე. მასწავლებელი და ლობიო და მწნილი! ახლაც ვერ გავრკვეულვარ, რას ვფიქრობდით, რით უნდა ეარსებათ მასწავლებლებს?! ყოველ შემთხვევაში, მაშინ ლობიო და მწნილი ჩვენს ბავშვურ თვალებში ამცირებდნენ მათ – მით უფრო ისეთ მასწავლებელს, როგორიც შალვა გაბადაძე იყო, და გვტკიოდა გული…

ომი რომ დაიწყო, ჩვენი სკოლა ჰოსპიტალად აქციეს. ჩვენ დაგვშალეს და ზოგი რომელ სკოლაში შეგვხიზნეს, ზოგი რომელში. მე იმ სკოლაში არ მოვხვდი, სადაც შალვა გაბადაძე გადავიდა. ჩემი ამხანაგებიდან მესმოდა მის შესახებ. ბოლოს ომმა, მგონია, სკოლაც მიატოვებინა პატივცემულ შალვას…

ომი ახალი დამთავრებული იყო. ჯერ კიდევ ყველაფერი ჭირდა, გამორჩევით, ბილეთები მატარებლებზე. დიდ რიგებში გვიწევდა დგომა, თან რა რიგები იყო, ზედახორა, ჭყლეტვა.

ერთხელ ამგვარ ზედახორაში ჩაჭედილმა დავინახე: ძლივს გამოვიდა წინიდან ერთი დაბალი, ტანსაცმელდაჭმუჭნული მელოტი კაცი, ბურტყუნით დაჰყურებდა ბილეთს, დაიხურა დაჭმუჭნულივე შლაპა და წავიდა. მომეჩვენა, რომ ის კაცი გაბადაძე იყო. თავზარი დამეცა, მაგრამ მერე უარვყავ – არ შეიძლებოდა, ის კაცი შალვა გაბადაძე ყოფილიყო, არ შეიძლებოდა! შალვა გაბადაძე ისეთად დარჩა სამუდამოდ, როგორიც ჩვენს კლასში შემოდიოდა. და მე ორმოცდაათი წლის შემდეგაც კი ვამაყობ, რომ იგი ჩემი მასწავლებელი იყო. მრავალს ეამაყოს ჩემს ქვეყანაში თავისი მასწავლებლით!”