11 ივლისი, 2023

საუკეთესო იგავი გიორგი ლობჟანიძისგან

მთარგმნელმა და პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ საუკეთესო იგავი შემოგვთავაზა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის დიდ ირანელ პოეტს აბუ საიდ აბულ ხეირის შეეხება. მისმა იგავმა ფილოლოგ გია მურღულიას დიდი ინტერესი და საინტერესო მსჯელობა გამოიწვია:

“ეს შესანიშნავი აღმოსავლეთმცოდნის, პოეტისა და, უბრალოდ, კარგი ადამიანის, გიორგი ლობჟანიძის დღევანდელი პოსტია:

“მეთერთმეტე საუკუნის დიდი ირანელი პოეტი აბუ საიდ აბულ ხეირი დიდი სუფი მოძღვარიც იყო. ერთი მისი მოწაფე ერთხელ მასთან მისულა და უთქვამს: მოძღვარო, სამოგზაუროდ წასვლა მინდა და საამისოდ თქვენი კურთხევა მსურსო. აბუ საიდს უკითხავს: სამოგზაუროდ წასვლა რატომ გსურსო. მოწაფეს აუხსნია: იცით, წყალიც რომ დიდხანს დადგეს ერთ ადგილას, დამყაყდება და დაჭაობდებაო.
აბუ საიდს გაუღიმია და უთქვამს: ზღვა იყავი და დაჭაობების შიში აღარ შეგაწუხებს!
ეს ჩემი უსაყვარლესი სუფიური იგავია, თუმცა ჩემს თავს ამის მერე მუდამ ვეუბნები: ზღვობის პრეტენზია თუ არ გექნება, იმიტომ, რომ ძალიან დიდია; იყავი თუნდაც ტბა, ოღონდ სათავე სიცოცხლის წყალში გქონდეს! რადგან მთავარია, არა ის, სად ხარ და რამხელა ხარ, არამედ ის, თუ რა გაცოცხლებს და რითი იკვებები!”

ეს მოწოდება (“ზღვა იყავი”) თავისი არსებით ძალიან ჰგავს დიდ ქრისტიანულ მოწოდებას: “იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს.” (მათე, 5, 48)

მუდმივი განვითარება და უმაღლესი მიზანი – ეს, ზოგადად, კაცობრიობის ბრძნული ხედვაა, რომელიც ადამიანის ბუნებას იქნებ ყველაზე მეტადაც გამოხატავს.

ამას ამბობს ბევრი ბრძენი.
ამიტომ ჩემს ძვირფას გიორგის (რომელსაც გულწრფელ მადლობას ვეტყვი ამ საგულისხმო ტექსტისთვის) მხოლოდ სანახევროდ დავეთანხმები დასკვნით სიტყვებზე (“მთავარია, არა ის, სად ხარ და რამხელა ხარ, არამედ ის, თუ რა გაცოცხლებს და რითი იკვებები!”)
რა გაცოცხლებს და რითი იკვებები, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმასაც მნიშვნელობა აქვს, სად ხარ და რამხელა ხარ – ადამიანები და ისტორია მხოლოდ იმ პერსონით ინტერესდებიან, ვინც რაღაცას (ეს “რაღაცა” გარკვეულ მასშტაბს უნდა გულისხმობდეს) წარმოადგენს.
არარაობანი და “მცირედ მნიშვნელნი” მათი ყურადღების მიღმა რჩებიან და “სამოგზაუროდ”მიიწევენ, რადგან ვერც ზღვად იქცევიან და ვერც ტბად.
ყველა ადამიანის სიცოცხლე და ღირსება განუმეორებელია, თუნდაც უბრალო “გუბე” იყოს, მაგრამ ისინი ისტორიას ვერ ქმნიან.
და ძალიან ცოტანი არიან ისინი, რომლებსაც დაჭაობების შიში არ აწუხებთ.

ეს სუფიური იგავი გამორჩეულ ადამიანებზე მიანიშნებს – რაც უნდა სევდიანად ითქმოდეს, ყველა “ზღვა” ვერ იქნება.

ახლა კი გიორგის ერთი მადლობაც უნდა ვუთხრა – იმისთვის, რომ, ყველაზე ცოტა, ორგანზომილებიანი (დავამატებ – მეტიც!) იგავი შემოგვთავაზა!
მართალი ვთქვი წეღან – ყველა “ზღვა” ვერ იქნება-მეთქი?
დიახ, ეს მართალია ჩვეულებრივ განზომილებაში.
აბა, “არაჩვეულებრივი” რომელია?
ის არის, რომელშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ისეთი სამყარო შექმნას, რომელშიც ზღვად გარდასახვა – ეს დიადი ფერისცვალება – შეეძლება.
ყოველ “მეს” პიროვნული დრო-სივრცე უტოვებს ამ შესაძლებლობას – მიემსგავსოს ღმერთს და ახალი სამყარო შექმნას.
ოღონდ – საკუთარ თავში.
მაშინ ზღვა კი არა, ოკეანეც შეგიძლია გახდე და აღარსად წასვლა არ მოგინდება, რადგან სამყაროს ნებისმიერ წერტილს, სადაც გინდა მიხვიდე, შენს სულში აღმოაჩენ.
სწორედ ამიტომ, ამ საღამოს გიორგი და მე ყაიმზე შევთანხმდებით, რადგან ორივენი მართლები ვართ.
მგონი, აბუ საიდ აბულ ხეირიც არ იქნება წინააღმდეგი.”