18 ივლისი, 2023

კავკასიძეების ციხის ეკლესია ჩაიძირა

ტაოში მდებარე უნიკალური კავკასიძეების ციხის ეკლესია ჩაიძირა. ფოტოები და ვიდეო ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა:

„მწუხარება თუ ასე სასწაულად ლამაზი იქნებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
თავი სიზმარში მეგონა და გამოღვიძება არ მინდოდა.

არ ვიცი, სიტყვებით როგორ უნდა გადმოვცე, რასაც ამ მწვანედ განათებულ ტაძარში ლივლივისას ვგრძნობდი.

კარი აღარაა და მხოლოდ სარკმლებიანია ეკლესია. და ტაძარშიც სარკმლიდან შეცურდები…
ცურვა ეკლესიაში… ღმერთო ჩემო…

დიდი ტკივილი და დიდი სიხარული ერთად. საოცრება, თუ რამ მინახავს წუთისოფელში, ეს იყო.

იქნებ დროდადრო, ზამთრობით, წყალმცირობისას გამოჩნდეს ხოლმე…

ტაძარმა იქნებ კვლავ გაძლოს. მხატვრობავ და წარწერებო – მშვიდობით.

მშვიდობით. ტაო, კავკასიძეების ციხის ეკლესია.”