იამაყეთ ნინო სუხიშვილის გადაწყვეტილებით

ანსამბლ “სუხიშვილების” დირექტორმა ნინო სუხიშვილმა მტკიცედ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  არ ჩავიდეს რუსეთში და არ გამართოს კონცერტები:

“მოსკოვში არ გვიცეკვია 2005-ის მერე, მაგრამ იყო შემოთავაზება, მგონი 2012 თ 2013 წელი იყო, არ მახსოვს ზუსტად, შეიძლება 2014-იც, როცა ჩვენმა უცხოელმა პროდიუსერმა ფინეთში, ტალინში და პეტერბურგში ტური შეკრა. თავიდან ლაპარაკი იყო, რომ ტური ერთობლივად უნდა შემდგარიყო. ჩვენ ვთქვით უარი პეტერბურგში წასვლაზე და ამის გამო ძალიან დიდი ჯარიმების გადახდა მოგვიწია ~ შეიცვალა გრაფიკი, ამოვარდა კონცერტი, ამის გამო გაძვირდა გზა, შემცირდა ჰონორარი და ბევრი სხვადასხვა პრობლემა იყო.

არ ვნანობდით ამას, დაფიქრებულად გავაკეთეთ. იმ წელს იყო ზუსტად მაიდანი, როცა ჩვენ უკრაინაში ვმუშაობდით , ყველა შენობაზე სნაიპერი იდგა, მაიდანზე ისროდნენ და ჩვენ მაინც ვმუშაობდით და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად “ხორუმში” გამოგვქონდა უკრაინის დროშა. ისეთი ემოცია იყო, მთელი დარბაზი ფეხზე გვიდგებოდა.

ქვეყანას, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, იქ ჩასვლა და კონცერტის გამართვა სწორად არ მიმაჩნია. ეს ჩემი პირადი აზრია და არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს გავამტყუნებ, ვინც იქ  წავა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფოს. ჩვენ ვართ სახელმწიფო ანსამბლი და საქართველოს წარმოვადგენთ, კერძო შემსრულებელი სხვა არის, ის თავის თავზე აგებს პასუხს, მე  მაქვს ის შეგრძნება, რომ ქვეყანაზე ვაგებ პასუხს და ჩემი დასით და ჩემი კონცერტით, რომლის პროგრამაშიც დღესაც დაცულია საქართველოს მთლიანობა,  სადაც ჩვენ აფხაზურსაც ვცეკვავთ, ოსურსაც და მთელ საქართველოს წარმოვადგენთ და, აი, ამ პროგრამით გავდივართ და ხაზს ვუსვამთ, რომ ოსეთიც საქართველოა და აფხაზეთიც საქართველოა.

მე ძალიან მინდა ოდესმე შემისრულდეს ერთი მთავარი ოცნება და როცა ძალიან ვინდომებ, ყოველთვის მისრულდება – მე მინდა რომ ხორუმის ხაზით სოხუმში შევიდე, მე მინდა კონცერტი სოხუმში. ეს იქნება ქუჩაში, სანაპიროზე, თუ დანგრეულ სოხუმის თეატრში, მე მინდა იქ კონცერტი და იქ მინდა საქართველოს დროშა ავაფრიალო ხორუმში, ეს არის ჩემი დიდი სურვილი. არასდროს მითქვამს ამის შესახებ ხმამაღლა და დარწმუნებიული ვარ, ჩემი ანსამბლის თითოეული წევრის სურვილია ეს. ანსამბლში, რომელშც ძალიან ბევრი სოხუმელი და აფზახეთიდან დევნილი ცეკვავს. იმათ სახლში მინდა რომ ჩავიდე და იქ ვიცეკვოთ. ძალიან მინდა, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასე გაგლეჯილი საქართველო  დიდხანს არსებობდეს. ისინი ხომ ჩვენი ძმები არიან, ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სისხლი გვაქვს.”