5 ივლისი, 2023

გამხიარულდით გივი ბერიკაშვილთან ერთად

გამხიარულდით გივი ბერიკაშვილთან ერთად

გივი ბერიკაშვილს ცხოვრებაში უამრავი სასაცილო და მხიარული ამბავი გადახდენია თავს, თუმცა ისტორია, რომელიც ნიკო ნადირაშვილმა გაიხსენა, ნამდვილად გამორჩეულია:

“ალბათ ბევრს გახსოვთ…

1995 წელს საქართველოში კომპანია “ტრიო საუნჯემ” გამოსცა ქართული კალენდარი, რომლის ავტორი მე გახლავართ.

გივი ბერიკაშვილი კი დავითანხმე ფოტოს გადასაღებად, მაგრამ ჩოჩორის ძებნაში ძალიან დავიღალე. უამრავი სოფელი კარდაკარ მოვიარე და ბოლოს წყნეთში მივაგენი…

მოკლედ, ოფისში მოვიწვიე ტრიო “საუნჯის” მემატიანე, საქართველოს “საქინფორმის” საუკეთესო ფოტოგრაფი სერგო ედიშერაშვილი და მოვუყევი ამ იდეის შესახებ.

ედიშერაშვილი დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და გადაიღო კიდეც ეს კომპოზიცია. კალენდარი დავბეჭდე და გადავწყვიტე, რომ პირველი ეგზემპლარი ედუარდ შევარდნაძისთვის მეჩუქებინა.

ბერიკაშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ თავადაც გამომყოლოდა ბატონ ედუარდთან. ვერ გამოგყვები, რადგან შეიძლება არ მოეწონოსო. მარტო რომ ვიყო ფოტოზე ეგ სხვა ამბავია… ამ შემთხვევაში კი შეიძლება სხვანაირადაც გაიგოს და ორივე გამოგვყაროს კაბინეტიდანო…

ერთი სიტყვით მაინც დავითანხმე და მივედით პრეზიდენტის მისაღებში. სანამ შევარდნაძე მიგვიღებდა გივის იქვე ვთხოვე, რომ კალენდარზე ხელი მოეწერა… ამაზე სულ გადაირია როგორც ვხედავ შენ მაგის ხასიათი კარგად არ იციო… ერთს გაგიღიმებს და მეყოლე ვარდივითო… ბოლო-ბოლო დავითანხმე და მაიტა კალამიო მითხრა. რასაც გივი კალენდარზე აწერდა კარგად ვერ დავინახე, რადგან ამ დროს შევარდნაძის მდივანმა ქალბატონმა ცისანა ჩიხლაძემ პრეზიდენტის კაბინეტის კარები გაგვიღო და მასპინძელი უკვე კარებთან გველოდებოდა…

ბატონი ედუარდი გაღიმებული, გულთბილად შეგვხვდა და მიგვიწვია სამუშაო მაგიდასთან. დიდხანს გვესაუბრა, ძალიან დაინტერესდა ჩვენი შემოქმედების სამომავლო გეგმებით. ბოლოს „აბა, რა გაგჭირვებიათ“-ო გვკითხა…

ბატონო ედუარდ აი, ამ კალენდარის გამოშვებას ვაპირებთ და პირველ ეგზემპლარს თქვენ გჩუქნით მეთქი და მივაწოდე… შევარდნაძე ფეხზე წამოდგა და დაკვირვებით უყურებდა კალენდარს. ვხედავ, რომ მღიმარე სახე ნელ-ნელა მკაცრი გაუხდა… ზედ აღარ გვიყურებს, აიღო კალამი და კალენდარზე რაღაცის წერა დაიწყო…

არ დაგიმალავთ, გივიმაც და მეც ფერი დავკარგეთ…
ბერიკაშვილი ხელით მანიშნებს – აი ეხლა კი დაგვერხაო…
შევარდნაძემ კალენდარი უკან მომაწოდა და მშვიდად მითხრა: „თავიდან ბოლომდე ხმამაღლა წაიკითხე“…

წაკითხვის თავი კი არა ფეხზე ძლივს წამოვდექი, ხელები ამიკანკალდა, ბერიკაშვილს შევხედე და სახეზე ფერი საერთოდ აღარა ჰქონდა…

აი, რა ეწერა კალენდარზე:
„ბატონო ედუარდ, ფოტოზე მარჯვნივ როა მე ვარ –
თქვენი გივი ბერიკაშვილი“.
„ეს რომ არ მიგეწერა გარჩევა გამიჭირდებოდა –
თქვენი ედუარდ შევარდნაძე“.
ბერიკაშვილმა შევარდნაძეს კალენდარი უკან გამოართვა და უთხრა: ეხლა, ამ კალენდარს შევინახავთ და დრო მოვა ერთ მილიონ დოლარად გავყიდითო, ნიკო კი მეორე ეგზემპლარს გამოგიგზავნითო.

ეს კალენდარი კარგა ხანს ინახებოდა კომპანია “ტრიო საუნჯის” ოფისში. ამერიკაში წამოსვლის წინ კი გივი ბერიკაშვილს ვაჩუქე და დარწმუნებული ვარ, რომ მის ოჯახში დღემდე სათუთად ინახება.”