6 ივლისი, 2023

გალაკტიონ ტაბიძის ხულიგნური გამოხტომა 

გალაკტიონ ტაბიძის ხულიგნური გამოხტომაქართული პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის ხულიგნურ გამოხტომას მისი  გერი, მესამე ცოლის ნინო კვირიკაძის შვილი, ნუნუ ებანოიძე იგონებდა:

“გალაკტიონ ტაბიძე და დედაჩემი – ნინო კვირიკაძე, პირველად ერთმანეთს 1916 წელს შეხვდნენ. მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც გალაკტიონიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემთან (დედის ძმა) მეგობრობდა და ხშირად ხვდებოდა მას, დედას არ იცნობდა.

მათი პირველი შეხვედრა ბაღდათში სწორედ ამ აღწერის დროს მოხდა. ნინოს დანახვისთანავე ფეხზე წამოჭრილა: „ეს ძვირფასი მტრედი ვინ მოფრენილაო“. ასე გაიცნეს ერთმანეთი დედამ და გალაკტიონმა.

მათი შეხვედრა მოგვიანებითაც მოხდა. დედა ოციოდე წლის იქნებოდა და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ერთხელ, როცა „ქრისტინეს“ წარმოდგენა მიდიოდა, მოულოდნელად ზემოდან წითელი ვარდები ჩამოცვენილა სცენაზე. ხალხი აირია და წარმოდგენა ჩაიშალა. გაოცებული დედა ვერ მიხვდა, ვინ იყო ამის მიზეზი. სწორედ ამ დროს სცენაზე გალაკტიონი აჭრილა და ხელები დაუკოცნია ნინოსთვის. თურმე, ორი ბიჭი დაუქირავებია და ჭერში ჩამოკიდებული საქანელადან კალათით მიტანილ ვარდებს ისროდნენ.

ამის შესახებ რაიონული გაზეთი წერდა: „დასაგმობია ხულიგნური გამოხტომა გალაკტიონ ტაბიძისა, რომელიც სცენაზე აუვარდა მსახიობ ქალს ნინო კვირიკაძეს და წარმოდგენა ჩაშალა“. იმ წლებში გალაკტიონი ქუთაისში ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით ანებივრებდნენ ქალები. ახალგაზრდობაც ხშირად იკრიბებოდა თურმე ხანისწყლის პირას. მღეროდნენ, საუბრობდნენ. გალაკტიონი ამ გართობების სული და გული ყოფილა. ძალზე უყვარდა სიმღერა. თავადაც შესანიშნავი ბარიტონი იყო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა.

ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას დედაჩემის თხოვნით წაუკითხავს „მთაწმინდის მთვარე“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი გზები გაიყარა. დედა თბილისში ჩამოვიდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. პროფესიით იურისტი გახლდათ, აქ ადვოკატად მუშაობდა. 1918 წელს ნინო კვირიკაძე მამაჩემის, დავით ებანოიძის მეუღლე გახდა. მამა, სამწუხაროდ, 1937 წელს დახვრიტეს. ასევე, რეპრესიებს შეეწირა გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავაც და, აი, 27 წლის შემდეგ ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს…”