ბორის წიფურიას სასაცილო თავგადასავალი

მსახიობ ბორის წიფურიას ცხოვრებაში არაერთი სასაცილო ამბავი გადახდა.

ერთ-ერთ მათგანს იგი ყოველთვის დიდი მხიარულებით იხსენებდა:

“ერთხანს ძალიან გამიტაცა უცხოურმა მანქანებმა და ვიყიდე კიდეც ვერცხლისფერი „ვოლვო.” მისი მომსახურება თბილისში ძალიან გაჭირდა და ორ წელიწადში ისევ გავყიდე.

მაშინ ცირკის დირექტორი ვიყავი. ერთმა სპიტაკელმა სომეხმა სამსახურში მომაკითხა. მანქანა ცირკის ეზოში გასინჯეს. მაგიდაზე 60 000 მანეთი დამიდეს და წავიდნენ (მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო).

ამ დროს მოსკოვიდან ვიღებ შეტყობინებას, რომ 2 საათზე დანიშნულია სხდომა (საკავშირო ცირკების გაერთიანების სამხატვრო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახლდით და არაფრით არ შეიძლებოდა გამოტოვება).

საგონებელში ჩავვარდი: ამდენმა კაცმა იცის, რომ მანქანა გავყიდე. ამოდენა ფული მაქვს. უკვე საღამოა და ბანკში შეტანას ვერ ვასწრებ. ხვალ დილით უთენია უნდა გავფრინდე მოსკოვში. არც ისეთი მაგარი კარი მქონდა, რომ არ გაეტეხათ. ერთხელ უკვე იყო შემტვრეული. ვზივარ და ვფიქრობ, აღარ ვიცი, სად შევინახო ეს დასაწვავი ფული.

გავედი აივანზე, ვეწევი სიგარეტს. გავხედე ჩემი საყვარელი მეგობრის, გუგული დანელიასა და ნათელა ვასაძის ბინის აივანს. ვხედავ, კიდია ორი „ჩულქი“ ხახვითა და ნივრით გატენილი. უცებ შევვარდი სახლში, მაგრამ „ჩულქი“, რომ არ მაქვს, რა ვქნა?! როგორ მოვიქცე?! და ვეცი ტელეფონს. მეზობელი რისი მეზობელია, თუ განსაცდელში არ დაგეხმარა?

– ლადო, გძინავს?

– არა, წიგნს ვკითხულობ.

– ლადო, მედიკოს ნუ გააღვიძებ (ცოლს) და, თუ ძმა ხარ, ნახმარი „ჩულქი“ მაჩუქე.

– მედიკოს „ჩულქები“ რისთვის გინდა?

– ლადო თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი, ძალიან მჭირდება და რისთვის მჭირდება, მაგას მერე აგიხსნი.

– კარგი, მოვძებნი, – მოთხრა და დამიკიდა ყურმილი.

ცოტა ხანში თვითონ მირეკავს, კოლგოტკა თუ გაწყობს, ცოტა ნახმარიაო.

მაწყობს, ჩემო ლადო, როგორ არ მაწყობს-მეთქი.

ორ წუთში თავად მომადგა კარზე. მადლობა გადავუხადე, გადავკოცნე და გამოვემშვიდობე. კოლგოტკა გადავჭერი ორ ნაწილად და ვყრი შიგ ხახვს, ნიორს, თან ვურევ გაზეთში გახვეულ ფულს. შესანიშნავი შესახედი გამოვიდა, არა მგონია, ვინმემ ეჭვი შეიტანოს. გავედი აივანზე, დავკიდე ორივე ასხმა და თან, ვფიქრობ: “შევარცხვინე ის ქურდი, ვინც ხახვებსა და ნივრებში დაიწყებს ფოთიალს.”

დილით სრულიად დამშვიდებული გავფრინდი მოსკოვში. მესამე დღეს ვრეკავ მშობლებთან თბილისში. დედა მსაყვედურობს, სად დაიკარგეო.

– დედა, მოსკოვში ვარ, საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე დარეკვა.

– დიდუ!.. – ყვირის დედაჩემი, – რა კარგია, დედა, მოსკოვში რომ ხარ, იყავი მანდ, ნუ ჩამოხვალ ერთ-ორ დღეს თბილისში, ინგრევა აქაურობა.

– რა ხდება, დედა?

– იმისთანა ქარიშხალია, ჩვენს პირდაპირ სახლს სახურავი ახადა და აივნებიდან სულ ტაშტები და ვედროები ცვივა.

მუხლები მომეკვეთა, გული გამიჩერდა. წარმოვიდგინე როგორ დააფრიალებს ქარი ჰაერში ჩემს ფულებს, როგორ დასდევს ხალხი ეზოში ასმანეთიანებს.

– დედა, მისმინე ახლა კარგად, წადი ჩემთან სახლში და ნახე ხახვი თუ კიდია აივანზე.

– შენ რა, დედა, მთვრალი ხარ? რას ჰქვია ხახვი თუა. ხახვი კი არა, ხალხი მიაქვს ქუჩაში ქარს.

– ჰოდა, დედა, დავიღუპე, წადი, შენი ჭირიმე და ნახე ხახვი თუ კიდია აივანზე.

– ვერ წავალ, დედა, გაგიჟდი, რა დროის ხახვია?!

– დედა, სხვა რამე კიდია, სხვა რამე! – ხომ ვერ ვეტყვი ფულია-მეთქი. შეძლებისდაგვარად ვუხსნი, – დედა, ჩემი „ვოლვო” ხომ გახსოვს?

– მერე?

– ის „ვილვო” ხომ გავყიდე, დედა, და ახლა იქ კიდია, ხახვში.

– დიდუ!.. – ისევ მესმის კივილი და ტელეფონი გაითიშა.

გადის ცოტა ხანი. ვრეკავ სახლში. არავინ მპასუხობს. ვრეკავ და ვრეკავ. უცებ ერთი ზარი გავიდა თუ არა, მესმის:

– კიდია, დედა, კიდია! კარგად კიდია!..

ახლა ვფიქრობ, ნეტა, მოეგლიჯა ქარს და გაფანტულიყო ხალხში ჩემი ფული. ის ფული ჩამოსვლისთანავე შევიტანე ბანკში და მიდევს დღესაც სახლში სალაროს წიგნაკი, გაშაურებული.”