7 ივლისი, 2023

ადამიანის არაჩვეულებრივი განმარტება გიორგი კეკელიძისგან

ადამიანს არაჩვეულებრივად განმარტავსგიორგი კეკელიძე ადამიანს არაჩვეულებრივად განმარტავს:

“ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე.
და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.
ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ უდრის, რადგან სინდისი სიტყვაა ანგელოზთა სახელმძღვანელოდან, ადამიანთა წიგნში შემთხვევით მოხვედრილი.
ადამიანის არის ამოცანა, დედამიწის დაფაზე მეზობელი ოთახიდან ნათხოვარი ცარცით დაწერილი. არავინ იცის რა იწერებოდა ამ ცარცით მეზობელი ოთახის დაფაზე და კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერესებს.
და ადამიანი უდრის მომდევნო ადამიანს, რომელიც დაფასთან გამოდის და წინა ადამიანის ამოცანას შლის.
ადამიანი უდრის ქარს.
ადამიანი უდრის წვიმას.
ადამიანი უდრის მზეს.
ადამიანი უდრის მთვარეს.
ძაღლს ვერ უდრის ადამიანი.
ვერც თოლიებს უდრის, რომლებიც ორ ლურჯ ფურცელს შორს ზოლად გაფენილან სარჩევივით,
ორ ლურჯ ფურცელს – ცასა და ზღვას შორის.
და ვერც ციცინათელას უდრის,
რადგან ციცინათელას არ აქვს მიზეზი ანათებდეს და ანათებს,
ლამაზი იყოს და ლამაზია,
კვდებოდეს და კვდება.
ციცინათელა უმიზეზოა, ადამიანი – არა.”