21 ივნისი, 2023

საუკეთესო წერილი მუხრან მაჭავარიანზე

ყველაზე გამორჩეულ პოეტზე მუხრან მაჭავარიანზე საუკეთესო წერილს გვიზიარებს სოსო სიგუა:

“მუხრან მაჭავარიანი: „მე დასაღვრელი მედარდვის სისხლი“

მუხრან მაჭავარიანს ყოველთვის ვრცელი აუდიტორია ჰყავდა და მხურვალე ტაში სდევდა. ლექსებს არ მღეროდნენ, მაგრამ იზეპირებდნენ, როგორც ძველ დროში. მკითხველი ინსტინქტურად გრძნობს მართალი სიტყვის ძალას, განასხვავებს გამოგონილი სამყაროსაგან, რაც უნდა მშვენიერი იყოს იგი. ამიტომ იყო მუხრან მაჭავარიანი სიჭაბუკიდანვე საყოველთაო სიყვარულით გარემოსილი. ხოლო ოფიციოზის კრიტიკა, რაც არაერთხელ უწვნევია, მხოლოდ ჰმატებდა პოპულარობას. შეიძლება ითქვას, ქართული წიგნის ბუმი, რომელიც 1992 წლამდე გაგრძელდა, იწყება მისი ლექსების კრებულით, რომელიც 1976 წელს გამოიცა. პოეტმა შეძლო დროის წარმავალ ფენებში გამოეტარებინა და დაეცვა თავისი მრწამსი, ადრევე ჩამოეცილებინა ეპოქისმიერი ილუზიები და სხვებიც საამისოდ განეწყო. მკითხველიც მასში ხედავდა თავისი იდეალების ქომაგს, თავგანწირულ ქადაგს, ჭრილობათა მკურნალს. მართლაც – მუხრან მაჭავარიანი ლიდერად არის დაბადებული, რაც განსაზღვრულია წინაპრებით, სხეულის აგებულებით, ნერვული სისტემით, ტემპერამენტით, ფსიქიკით და ვლინდება ლექსის თხზვით, დეკლამაციით თუ თამადობით.

ფორმულებივით ზუსტი და სხარტი სახეები აზრსა და ყალიბს აძლევდა ხალხის სევდასა და გულისთმას: „შენ, სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო, შენ სად არ გხვრეპდა შავი ყორანი“, „საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ისე ჰყიდიან“, „დღეს საქართველო ილტვის ზეცისკენ, მცირეღა შეგვრჩა რადგანაც მიწა“, „ვახტანგის ადგილს იჭერს ხეჩუა, გვეცლება ქართლი თვალდახელშუა“, „გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის“, „ატირდებიან ბავშვებივით ლექსები ჩემი, ოდეს ერთხელ და სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს“… მუხრან მაჭავარიანმა ქართულ ლირიკას შესძინა თავგანწირვის მოტივი, რაც არსებითად განსხვავდება ხოტბისაგან. ისტორიული გმირების გამითება და დადაფნვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათი იდეალებისათვის სიცოცხლის გაწირვას, სისხლის დანთხევას, ახალი პერსპექტივისკენ სწრაფვას, რაც აკლდათ გიორგი ლეონიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსებს. მათ ისტორიის ტკივილებს შეუხამეს კონფორმიზმი და თანამედროვე საქართველოს ბედით კმაყოფილი დარჩნენ. მუხრან მაჭავარიანის დუმილი კომუნისტური დიქტატურის წლებში მართლაც რეკავდა და ამასაც ჰქონდა მნიშვნელობა ლიტერატურისა და ერის თვითშემეცნებისათვის. მაგრამ, პირველ ყოვლისა, იგი არის პოეტი-ტრიბუნი, რომელიც აძლევს მიმართულებას მასების აზრსა და განწყობილებას. როგორც საუკეთესო დეკლამატორი, მუხრან მაჭავარიანი თავისი ლექსების კითხვითაც მოქმედებს საზოგადოებაზე. იგი ლექსის წერის დროს ითვალისწინებს, თუ როგორ აჟღერდება სიტყვა, როგორ ჩასწვდება მსმენელის გულისყურს, არა მხოლოდ მკითხველისას.

მუხრან მაჭავარიანის ლექსის სრული აღქმისათვის არა კმარა თვალით წაკითხვა. იგი აჟღერების დროს აღწევს ზენიტს, როგორც ეს იყო უძველეს ჟამს, როცა ლექსი წარმოითქმოდა ან იმღერებოდა და მრისხანე სიტყვას ჰქონდა მისამართი: „თუ კი წინაპარს შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული, თუ დღესაც მღერის ქართველი ფერეიდანში ფანდურით, შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა, ვინ იყო შენი გამზრდელი, შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი“. მუხრან მაჭავარიანი არ მისდევს სასიმღერო ინტონაციებს, სიტყვის მუსიკალურ სტიქიას. იგი თითქოს საჭრეთელით კვეთს სიტყვას, სწავლობს და განიცდის მის ბიოგრაფიას, რათა ფრაზას ჰქონდეს ზუსტი მოხაზულობა, რათა ასე ჩარჩეს მკითხველისა და მსმენელის მეხსიერებაში, როგორც თავად ავტორის სახელი და გვარი _ მუხრან მაჭავარიანი. ამიტომ არ ახლავს ფერადი და იდუმალი ნისლეული, როგორც გალაკტიონ ტაბიძეს, მეტაფორული ჰიპერბოლიზება, როგორც გიორგი ლეონიძესა და შოთა ნიშნიანიძეს. საგნის ზუსტი ხატი, რომელიც დარეკავს მსმენელის გულში და ახალი ძალით აღავსებს, – აი, პოეტის მიზანი. „საბას“ ავტორის პოეზიაში ერთდება ორი სტილური და აზრობრივი ნაკადი, როგორც „ორი ცრემლიდან“ დანახული სამშობლო. ერთი მოიცავს ბავშვობის დღეთა შთაბეჭდილებებს.
პოეტი წარმოგვიდგენს იმერეთის ლანდშაფტებს, გვიხატავს მახლობელ ადამიანთა სახეებს. არგვეთის წვიმა, იზვარა და ლაშურა, წისქვილის ღამე, დედა და მამიდა _ აი, ამ გარემოს კონკრეტული შტრიხები და სახელები. ეს ის სამყაროა, საიდანაც არაერთი დიდი პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში. ამ ციკლის ლექსებში პოეტი მიმართავს სასაუბრო, მშვიდ, წყნარ ინტონაციებს, არღვევს ლექსის აკადემიურ სტილს, შემოაქვს დიალოგები, დიალექტური ფორმები, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბავშვობის ლანდურ ქვეყანას (შდრ. – კ. გამსახურდიას პერსონაჟების ბავშვობის წლები). პოეტმა უარყო ქართულ ლირიკაში გაბატონებული ჭარბი პათეტიკა და აბსტრაქცია, ოცნება და წარმოსახვა დაუკავშირა კონკრეტულ და ნაივურად აღქმულ სივრცე-დროს, თავის ბიოგრაფიას, ჯეჯილად გაშლილ ზეცას თუ ტირიფების შრიალს, ქართა ზუზუნს თუ ლაშქარივით მიწაზე გართხმულ ყანას. ამ ლექსებმა მიმბაძველთა მთელი ლეგიონი მოიყოლა, მაგრამ შემოქმედებითი გარდასახვა ჰპოვა მხოლოდ შოთა ნიშნიანიძისა და მურმან ლებანიძის ლირიკაში. მეორე ნაკადი მთლიანად პატრიოტიკას ეფუძნება და ამჯერად სწორედ პათეტიკური ხდება სიტყვა. ამ ციკლის საყრდენია „ნადიდგორალი, ნაშამქორალი“ ძველი საქართველო, გარდასული დროის გმირები თუ უჩინარი მოყმეები, ხოლო საწყისია „ძალაუფლების ნება“, გამოვლენილი თავისუფლების წყურვილით, ოღონდ ეს ეხება დაპყრობილი ქვეყნის მომავალს, მის ხსნას და არა პიროვნებას, ან სხვათა დამორჩილებას. ქართველი პოეტები ისტორიულად ომთან და ხმალთან იყვნენ დაკავშირებული (რუსთაველი, თეიმურაზ I, არჩილ II, თეიმურაზ II, ვახტანგ VI, ბესიკი, დავით გურამიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი…). როგორც მეფეები, სარდლები და მეომრები, ისინი თავიანთ შინაგან ნებას ომებში ავლენდნენ, იცავდნენ სამშობლოს თუ რუსთა იმპერიის ინტერესებს. ახალმა დრომ ომის არქაული წყურვილი არაცნობიერ ფსიქიკაში ჩაძირა და ოცნებაში აღადგინა. მუხრან მაჭავარიანი ხან ირონიით, ხანაც რისხვით ლაპარაკობს თანამედროვეობაზე, გადაგვარებულ და სიტუაციას შეგუებულ ადამიანებზე, რომელთა იდეალია კომფორტული ცხოვრება. ამიტომ მას თავდადების მაგალითები შორეულ წარსულში ეგულება, სადაც განისვენებენ ერის სათაყვანებელი გმირები. გიორგი ლეონიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეტმა გახსნა „აკლდამების კარები“ და „ძველი გმირები„ „მკვდრეთით გამოიძახა“. მათ ხსენებას თავისთავადი ინტიმიც ახლავს. მაგრამ ეს არ კმარა პოეზიისათვის, თუ არ იქნა ნაპოვნი სულის იდუმალი სიმი, თუ „სისხლმა ფიქრიდან სიტყვა“ არ გამოიყვანა.

მუხრან მაჭავარიანს აქვს სიტყვის, სტრიქონთა განლაგების, ლექსის კომპოზიციის, უჩინარ ნიუანსთა პოვნისა და აქცენტთა გადანაცვლების განსაკუთრებული გრძნობა, ძველი მასალისა და თემების უჩვეულო აჟღერების უნარი. იგი არ ენდობა სიტყვათა ტალღას, რომელიც თავის ნებაზე მიგაქანებს და არ იცი, როგორ დასვა წერტილი. მათ უძებნის ფუნქციას და უმორჩილებს ლირიკული სიუჟეტის განვითარების ლოგიკას, წესრიგსა და სინათლეს. ხოლო ამგვარი დისციპლინა ავტორის მტკიცე ფსიქიკისა და ნერვული სისტემის შედეგია, რაც იშვიათია პოეტების პრაქტიკაში. მაგრამ, ამასთან ერთად, სწავლობს სიტყვის ბიოგრაფიას, წარმომავლობას, პირველად, არქაულ წრეს, რაც უკვე სხვა ინტერესების სფეროა. ისტორია პოეტისათვის თანამედროვეობის არქეტიპია და აინტერესებს არა მხოლოდ თავითავად, არამედ – მომავლისათვის, როგორც სარკე, შთაგონება და გაკვეთილი. ამიტომ „ედარდვის დასაღვრელი სისხლი“, რადგან ყველა დიდი საქმე სისხლით კეთდება. პოეტმა წამოსწია თავგანწირვის პათოსი, ერისათვის თვითგამატების სულისკვეთება, არა დითირამბი და ხოტბა, რათა შევიცნოთ საკუთარი შესაძლებლობა და ასე ვიაროთ წინ (მაგ., ციკლი „1832“, „ანდუყაფარო, ლიპარიტო“, „პასუხი“). ჰემინგუეის სიტყვები რომ გავიხსენოთ, როცა გესმის ზარის ხმა, შენ არ იკითხო, ვის ეძახის იგი – ეს ზარი შენ გეძახის! სიტყვა გუგუნებს, როგორც ბრძოლის წინ მეომრის ნაღარა: „დღემდეა თუმცა წყალწითელა სისხლით წითელი, მომხდურს ქართველის არ უნახავს რადგანაც ზურგი; მაგრამ, ჯერ კიდევ, ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი, – კვლავ რომ დავღვაროთ, – დასჭირდება სამშობლოს თუკი!“ ხოლო ორივე ნაკადის – ნაივურისა და ჰეროიკულის – სათავეა პოეტის ფსიქიკა, ტემპერამენტი, ხასიათი, ამოზრდილი მშობლიური მიწის სილამაზისა და ტკივილისაგან. გმირობის კულტი არის მუხრან მაჭავარიანის დრამატული სიტყვის განმსაზღვრელი. ამიტომაა, რომ თითქმის არა აქვს სატრფიალო ლირიკა. ხოლო დიდაქტიკურ-მორალისტური ლექსები ნაგვიანევი, მეორეული მოვლენაა.

იგი კიდევ ერთი პოეტი – სპასალარია, რომლის სიტყვათა ლაშქარი ქართლის აღსადგენად დარაზმულა, „მახვილით ხელში წინაპრის გვერდით“ ბრძოლა რომ ენატრება. დრომ ამჯერადაც, როგორც ზოგიერთი სხვა თანამოკალმის ცხოვრებაში, მახვილი კალმით შეცვალა და პოეტიც თავის ოცნებას, რისი რეალიზების საშუალება არ იყო ან ვერ შეძლო, სტრიქონებად ძერწავს. სამშობლოს ცნებაში მრავალი ნიუანსი იყრის თავს, მაგრამ უმთავრესია ტერიტორია, რომლის დაცვას მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შესწირვია. ვისაც ტერიტორია დაუკარგავს, იგი გადაშენებულა კიდეც (მაგ., ხეთები, ალბანელები, კაბადოკიელები, ურარტუელები, ეგვიპტელები, ელინელები, რომაელები…). საკუთარი და წინაპართა მიწის დაცვა პიროვნების უმაღლესი მოვალეობაა, რაც ჯერ კიდევ აფორიაქებს ჩვენს გონებას. ეს არის ბიოლოგიურად გადმოცემული კოდი. ცხოველთა და ფრინველთა სამყაროშიც კი არსებობს საკუთარი ტერიტორიის გრძნობა, რაც არის საარსებო სივრცის განცდა. თურმე ლომსაც შიში იპყრობს, როცა სხვა, უცნობ მიწაზე გადადის. ხოლო უმწეო ბეღურა გააფთრებით იცავს თავის ბუდეს და შეიძლება შეაკვდეს თავდამსხმელს. „როცა სამშობლო აღარ არსებობს, ღირსეული მოქალაქე უნდა მოკვდეს“, – ამბობს ნაპოლეონი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცოდა გამარჯვების ფასი და დამარცხების სიმწარე.

ამიტომ არის მოაზროვნე არსებისათვის ყველაზე დიდი ტრაგედია სამშობლოს დამხობა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა. ძველ დროში მტერთან დამარცხება ნიშნავდა სიკვდილს, ცოლ-შვილის დამონებას ან ამოწყვეტას, ქვეყნის აოხრებას ან წინაპართა მიწის სხვათა სამკვიდროდ ქცევას. ხალხის დამცველი და მხსნელი იყო გმირი (რომლის სახელის გარშემო იქმნებოდა ლეგენდები და თქმულებები), ომი კი _ წმიდათაწმიდა. მუხრან მაჭავარიანის პოეზია საომრად მიმავალი ლაშქრის სიმღერაა, რომელსაც თან ახლავს ზეციური საქართველოს აჩრდილები. მაგრამ 90-იანი წლების ლექსები გოდებათა და ტრაგედიათა წიგნია, რაც მოჰყვა ახდენილი ოცნების დამხობას და ქვეყანაში გამეფებულ ქაოსს („გიკვირს? – ნუ გიკვირს!“). ამ წიგნის ძირითადი საგანია საკუთარი შვილების მიერ ყელგამოჭრილი საქართველო, გადამწვარი თბილისი და გაძარცვული სამეგრელო: „გადაპოხილა ტვინით ქოჩორი! ცაში ავარდა ნაღმით ჯარგვალი! საქართველოა ახლა როგორიც მე საქართველო არ მსურს ამგვარი!“ – წერს სამშობლოს იავარქმნით შეძრწუნებული პოეტი და ამიტომ არიან მისი სულიერი წინაპრები არა მხოლოდ სულხან-საბა და ვაჟა-ფშაველა, არამედ – დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილიც, რომელთა ფიქრსა და ოცნებას არ სცილდებოდა ქართლის ჭირი და ბედი ქართლისა.
საპირისპირო პოზიცია დაიკავა შოთა ნიშნიანიძემ, რომელიც მიესალმა მოძალადე ხელისუფლებას და ვერც თავისი სათაყვანო კოლხეთის ტრაგედია განიცადა… მუხრან მაჭავარიანის გმირი არ არის რევოლუციონერი და კომუნისტი. მან ადრევე დაინახა, რომ სამშობლოს დამამხობელი და დამთრგუნველი ძალა ვერ იქნებოდა ქვეყნისათვის დაღუპული და წამებული შვილების მემკვიდრე. პოეტს არ ევალება იყოს პოლიტიკოსი ან სარდალი, ბარიკადებზე მდგარი ან მიტინგების ლიდერი, თუმცა მკითხველი ამასაც მოითხოვს მისგან. ნამდვილად კი მისი საქმე არის თხზვა და რამდენადაც მკვეთრად გამოავლენს სიტყვაში ერის გონსა და ადამიანურ ვნებებს, იმდენად არის გამარჯვებული და ნაციონალური სულის მედაფდაფე. ამიტომ მიმართავდა მუხრან მაჭავარიანი შურისძიების ჟინით აგზნებულ ინტელიგენციას: თქვენთან გამარჯვებას ზვიად გამსახურდიასთან დამარცხება მირჩევნიაო, რადგან ზვიადი იყო საქართველოს თავისუფლების სიმბოლო. პოეტის სიტყვაც ხომ საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა. გიორგი ლეონიძისა და შოთა ნიშნიანიძის დარად, არც მუხრან მაჭავარიანს მოჰკლებია სახელმწიფოებრივი დაფასება (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, რედაქტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, სსრკ სახალხო დეპუტატი, აკადემიკოსი, საქართველოს უზენაესი საბჭოს და პარლამენტის წევრი). მაგრამ კომუნისტების პერიოდში ჩრდილში იდგა. მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჟამს მოხდა მისი აღზევება, ოცნების რეალიზება.

ხოლო როცა დამარცხდა ეროვნული მოძრაობა, ისევ დევნილი აღმოჩნდა, ხელისუფლებისაგან გარიყული და მივიწყებული, თუმცა ხალხის სიყვარული არ მოჰკლებია. მუხრან მაჭავარიანი ბიოგრაფიულადაც „შეეხორცა“ ქართლის ბედს, არა მხოლოდ პოეზიით. „საბას“ ავტორის სახელი, ლექსი და ხმა გადაეცემა მომავალ თაობებს და მათ გულსაც ისეთივე წმინდა ცეცხლით აღანთებს, როგორც ის გმირები, რომელთა სული არყოფნის ღამიდან გამოიხმო პოეტმა და რომელთა სისხლსა და ძვლებზე დგას საქართველო.”