10 ივნისი, 2023

საგანგებო ვიდეო ინგა ფერაძეზე

ბრიუსელის თავშესაფარში მყოფ მომღერალ ინგა ფერაძეზე საგანგებო ვიდეოს ავრცელებს ირაკლი კორძაია:

“ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო უნდა ჩავწერო და გიამბოთ ინგა ფერაძის მდგომარეობის შესახებ. ბევრმა იცით, რომ ინგა იმყოფება მოხუცთა პანსიონში, ქალაქ ბრიუსელში უკვე 3 წელია. იქ არის ძალიან ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები იმისათვის, რომ ადამიანმა ფიზიკური ცხოვრება განაგრძოს. ჩამოვედი 10 დღით ბრიუსელში იმისთვის, რომ ინგაზე დოკუმენტური ფილმი გადამეღო, მაგრამ ერთ თვეზე მეტია აქ ვარ და ვერ ვტოვებ ინგას. თუ რატომ ვერ ვტოვებ ამასაც მოგიყვებით: ინგა განიცდის საოცარ მარტოობას. თუ მარტოობაში არის სტადიები და ხარისხები, ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხის მარტოობა. რომ ნახოთ ჩვენი შეხვედრის პირველი ვიდეო და შემდეგ მე-5, მე-7- მე-10 ვიდეო, ეს არის ცა და მიწა. ადამიანი გამოცოცხლდა, ტვინი ვარჯიშობს, მახსოვრობა უბრუნდება, ჩემს სახელს ვერ იმახსოვრებდა ძალიან დიდი ხანი. ახლა უკვე ახსოვს. მშობლიური გარემო, რომელშიც გაიზარდა, ძალიან აკლია. ქართული ენა, ურთიერთობა, იმიტომ რომ იმ საერთო ოთახში, სადაც მოხუცები სხედან, ძალიან კარგი სივრცეა – ტელევიზორი კიდია, ჩაის სვამენ – მაგრამ 35 მოხუციდან 34 საუბრობს უცხო ენაზე, რომელიც იგნამ არ იცის. როცა შედიხარ, აბსოლუტურად მოწყვეტილია სამყაროს. ჩემი გამოჩენა მისთვის არის სიხარული.
ახლა ალბათ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ინგასთვის დახმარებას კი არ შეეცდებიან, არამედ მასზე და მის ოჯახზე ჭორაობას დაიწყებენ. ოჯახიდან მას ჰყავს ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც ჰყავს 5 მცირეწლოვანი შვილი, ქალები განსაკუთრებით მიხვდებით, რას ნიშნავს 5 ბავშვის მოვლა… ის სხვა ქალაქში ცხოვრობს და დედა რომ ნახოს, რამდენიმე საათი სჭირდება. არც ძიძა ჰყავს, არც დამხმარე… ეს გოგო როგორც ახერხებს, გარბის დედის სანახავად, რომ ტკბილეული მიუტანოს, ესაუბროს. ეს არის და ეს… 10 სიტყვაში ერთი, რომელიც ინგასგან ისმის, ეხება საქართველოს, თბილისს, მეგობრებს – ეს არის საოცარი სევდა, სიტყვით აღუწერელი. მაქსიმალურად ვცდილობ გესაუბრობთ სტერილურად, არაემოციურად, მაგრამ ამის ყურება არის ძალიან ძნელი.
ეს ვიდეო გადავწყვიტე ჩამეწერა იმიტომ, რომ ინგასთვის საქართველოში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ მისი ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია და მას შეუძლია რეალობის აღქმა, მოდით, ნუ გავუშვებით ამ ქვეყნიდან გულნატკენს და სევდიანს. ნუ დაველოდებით სანამ არ მოკვდება… სანამ არ მოკვდება, არ გაცოცხლდება, როგორც ვხვდები. რომ მოკვდება, მერე ალბათ მის სურათებს და სიმღერებს გამოვფენთ, სახეს ჩამოვიხოკავთ და მაშინ გაცოცხლდება. აგერ, ცოცხალია და ნუ მოვკლავთ რა. მგონია, რომ ერთი ინგა ფერაძის შენახვა არ უნდა იყოს რთული საქართველოსთვის. არავის მისამართით არ ვისვრი კენჭებს, არავის არ ველაპარაკები ნიშნის მოგებით, მაგრამ ვინც არიან საქართველოში, თუ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ინგა ფერაძის ბოლო წლები და შეიძლება ბოლო თვეები რაღაცნაირად გაალამაზონ, იქნებ რამ გავაკეთოთ, თუ არ არიან და ჩვენ გავაკეთოთ. ისე ნუ გავაკეთებთ, როგორც ერთი ჩვენი თანამემამულე მომღერლის შემთხვევაში მოხდა, რომელიც ამერიკაში გარდაიცვალა, შემდეგ მისი საქართველოში გადმოსვენება იყო მთელი პრობლემა, რომ გადმოასვენეს, ფილარმონიასთან მიასვენეს და ძეგლი გაუსხნეს… მოვრჩეთ რა ამას.
განა რა უნდა იყოს ერთი ინგა ფერაძის შენახვა, არაფერს არ ჭამს, არაფერს არ სვამს განსაკუთრებით, არც ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება. არ მინდა, რომ ეს სირცხვილი ვჭამოთ. ამას რომ ვამბობ, ბოდიშს გიხდით, არავისზე მაღლა არ ვაყენებ თავს, უბრალდოდ ამა შევესწარი, ამას ვხედავ და ამაზე რეაგირების არმოხდენა წარმოუდგენელია. ნებისმიერი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს ადგილას. იგივეს იტყოდა.
3 წლის განმავლობაში არავინ მისულა მასთან აქაური ქართველებიდან, 24 მაისს ჰქონდა დაბადების დღე. ვნახე ფეისბუქში 2 გჯუფი ქართველი ემიგრანტების, წინასწარ დავდე ინფორმაცია, რომ ინგას დაბადების დღე აქვს, შეიძლება იყოს ბოლო დაბადების დღე, თუ ვინმეს გაქვთ დრო და სურვილი, იქნებ ნახევარი საათით მიხვიდეთ, იმიტომ რომ მართლა ეს არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იცვლება ადამიანი, როცა ესმის ქართული ენა… ერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც იმ დღეს მოვიდა და ვარდები მიართვა. არავის განვიკითხავ, ვიცი, რომ ყველას საქმეები გაქვთ, ყველას გაგიმარჯოთ…
ამ შემთხვევაში, იმ ქართველებს მოგმართავთ, ვინც საქართველოში დარჩით – რამე გავაკეთოთ ამ ქალისთვის, რამე მოვიფიქროთ, ნუ დაველოდებით მის სიკვდილს და სანამ ცოცხლია, სანამ საღ გონებაზეა, რამე გავუკეთოთ… ვინანებთ მერე, შეგვრცხვება. აქედან იმიტომ არ მივდივარ, რომ ჩემთვის უკვე მეორე და მესამეხარისხოვანია რას გადავიღებ ინგას შესახებ, ფილმი იქნება თუ საერთოდ არ იქნება…
ასე მგონია, რომ რაც დაშავებული მაქვს ცხოვრებაში, რასაც უკვე ვეღარასოდეს ვერ გამოვასწორებ, იქნებ ინგათი მაინც გამოვისყიდო. ვიცი გამოჩნდებიან ისეთები, ვისაც ეს სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ ასეა. ალბათ არც თქვენ ხართ იდეალურები, რაღაცეებს ნანობთ, რაღაც შეცდომებს და მოდით, რა ერთად  გავაკეთოთ. მადლობა და ბოდიში.”