26 ივნისი, 2023

პოეზიის საოცარი განმარტება მარინა ბედოშვილისგან

პოეზიის საოცარი განმარტება მარინა ბედოშვილისგანპოეზია უპირველეს ყოვლისა! – ბრძანა გენიალურმა გალაკტიონ ტაბიძემ და რთულია მას ამ დიდებულ სიტყვებში არ დაეთანხმო.

მაინც რა არის პოეზია? – კარგად გარითმული სიტყვები? რომანტიკოსი ადამიანის ფიქრები? გულისტკივილის სტროფებში გადატანა?

მის უდიდებულესობა პოეზიას არაჩვეულებრივად განმარტავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ბედოშვილი:

“ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა ასეთი რაღაც: ისეთი ფრაზა გამიგონია, არ ვიცი ვისზე თქვეს, მაგრამ მე შენ გეტყოდიო – “ის ხომ ყველაფრით პოეტი არის, მერე რა რომ ლექსებს არ წერს”. დააკვირდით რა საოცარი სიტყვებია – ყველაფრით პოეტია, მაგრამ ლექსებს არ წერს, მერე რა.

პოეზია არ არის მხოლოდ გარითმული სიტყვები, პოეზიაა, როცა შეგიძლია სილამაზე დაინახო, პოეზიაა, როცა შეგიძლია საკუთარ სევდას ელაპარაკო, პოეზიაა, როცა შეგიძლია სხვის ტკივილს მუსიკასავით მოუსმინო და დააამო, ესეც პოეზიაა. პოეზიაა, როცა გრიგალში, სიცივეში და უამინდობაში შეგიძლია სითბო დაინახო. პოეზიაა, როცა სიკვდილში სიცოცხლის მარცვალს იპოვნი.

არ არის პოეზია მხოლოდ ლექსი, პოეზია არის თითოეულ ადამიანში, უბრალოდ ზოგმა არც იცის, რომ მასში არის პოეტი.

ბევრჯერ მითქვამს, რომ არ მაქვს ლექსების წერის ნიჭი და ვამბობ ხოლმე, მე პოეტი და მწერალი არ ვარ, მე მკითხველი ვარ და მკითხველის ამპლუა ჩემთვის ძალიან კარგია, მომწონს.

თუ დოჩანას გაიხსენებთ – რამდენი კაცი მყვარებია, რამდენჯერ მოვმკვდარვარ, რამდენჯერ ხმალამოღებულს მიბრძოლია, რამდენჯერ სიყვარულისთვის თავი მომიკლავს და რამდენჯერ დავბადებულვარ – ეს არის პოეზია ზუსტად. პოეზია არის ყველაფერში, რაც შენს გარშემოა დაინახო რაღაც მშვენიერი. ყველაზე მწირ ქოხში რომ ცხოვრობ, ჩამოძონძილი რომ დადიხარ… გაიხსენეთ – დიდებული ხელგამხმარი ესპანელი ინვალიდი – სერვანტესზე ამბობს ამას დოჩანაშვილი. 2 კაციაო – ქუჩაში ერთი ესო – დიდებული ხელგამხმარი ესპანელი ინვალიდი სერვანტესი დონ კიხოტის ავტორი და ვიღაცა ვიგინდარა, რომელმაც ჭამა-სმისა და მონელების მეტი არაფერი იცის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ იყავით პოეტები, იყავით სულით პოეტები, შეეცადეთ.

ერთ რამეს გეტყვით – ცხოვრება არ იქნება თაფლი, ცხოვრება არ იქნება როგორც ვამბობენ ხოლმე ია-ვარდით მოფენილი გზა, არც ტაშს დაგიკრავენ ბევრჯერ და შეიძლება სიმართლის გამო ლახვარიც გკრან ზურგში, ამისთვის იყავით მზად. იყავით სულით პოეტები, ყველაფერში დაინახეთ სინათლე და ყველაფერში იპოვეთ ძალა, რომ მშვენიერებას ეთაყვანოთ, მაშინ არის ლამაზი ცხოვრება. წარმოადგინეთ როდის შეხვდით განთიადს, როდის უყურეთ ვარსკვლავებიან ცას, როდის დააკვირდით როგორ იკვრიტება და სკდება ხეებზე კვირტები. ჩემი ფანჯრის წინ 2 ალვის ხეა, ჩემს ძმებს ვეძახი, ჩემი ძმობილები არიან ეს ალვის ხეები. უკვე დაებერათ კვირტები, მალე დასკდება ეს კვირტები, მატლები დაეკიდებათ და მერე შეიფოთლებიან.

რაღაც-რაღაცეები თქვენ თვითონ უნდა გაილამაზოთ ცხოვრებაში, არ ელოდოთ სხვას, რომ ვიღაცა გამილამაზებს ცხოვრებას, აი, ქმარი შემხვდება ისეთი… ღმერთმა ინებოს, ისეთი ქმარი შეგხვდეთ, რომ სულ ხელის გულზე გატაროთ. ან ცოლი შემხვდება ისეთი, რომელიც ნახევარი სიტყვით გამიგებს ყველაფერს…

საერთოდ ერთი რამე იცოდეთ – ადამიანი იბადება მარტო, ცხოვრობს მარტო, კვდება მარტო და უფალთან არის მარტო. ის ყველაფერი დანარჩენი – მეგობარი, შეყვარებული, ცოლი, ქმარი, შვილი, კოლეგები – ეს არის ძალა, რომელიც გეხმარება მოერიო სიმარტოვეს, თორემ შენი სათრევი შენ უნდა ათრიო. რაც ნაკლები გაქვს მოლოდინები ცხოვრებაში, მით ნაკლები გაქვს გულისტკენა – ეს იცოდეთ.

გახსოვთ ჯავახიშვილზე რომ გითხარით – რა უთხრა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის გოგოს ქეთოს – ჩვენი დროის 10 მცნება რომ დაუწერა – ისე იცხოვრე, თითქოს არც მოვალე გყოლია და არც მშველელი, მარტო ხარ, დაბლა შენა ხარ და მაღლა ღმერთი და მუდმივად შენი თავის იმედი გქონდესო. ასე ცხოვრეთ და იყავაით სულით პოეტები, პოეზია არ არის მხოლოდ ლამაზად ნათქვამი სიტყვა, პოეზია არ არის მხოლოდ ლექსი. მუსიკაა პოეზია, მხატვრობაა პოეზია, შენი ფიქრია პოეზია. შენ რომ გიყვარს და უყურებ ქალს და შენთვის ის სამყაროზე ლამაზია, ესეც პოეზიაა. შენ რომ შენს შვილს, პირმშოს ხელში აიყვან და ხვდები, რომ შენი ნაწილია, ესეც პოეზიაა. მეგობარს ძალიან რომ სჭირდება შენი დახმარება და სანამ გეტყვის, რომ მიხვდები, მას შენ სჭირდები და რომ არ ათქმევინებ და ისე დადგები მის გვერდით, ხმას არ ამოიღებ, უბრალოდ ეტყვი, მე აქ ვარ, ესეც პოეზიაა.

ასეთი პოეზია არ მოგიშალოთ ღმერთმა, იცხოვრეთ პოეზიით! გაუმარჯოს პოეზიას!”