1 ივნისი, 2023

პეტრე ოცხელი – თეატრში ქუჩიდან მოყვანილი ბიჭი

ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელია, რომ გენიალურ პეტრე ოცხელზე ამბობდნენ – “ქუჩიდან მოყვანილი ბიჭი, რომელსაც სამხატვრო აკადემიაც კი არ დაუმთავრებია, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო თეატრის მთავარი მხატვარი.“

უნიკალური შემოქმედის ისტორიას “ყველაზე დიდი ქუთაისელები” გვიზიარებს:

“როგორც ადრე აღვნიშნეთ თბილისიდან გამოგდებულმა გენიალურმა მარჯანიშვილმა სულ 2 წელი იმოღვაწევა ქუთაისში და 2 გენიოსი აღმოაჩინა – გიორგი შავგულიძე თეთრ ხიდზე და პეტრე ოცხელი მუშათა თეატრის სცენაზე.

მარჯანიშვილი მაშინვე მიხვდა, რომ ახალგაზრდა მხატვრის სახით უსაზღვროდ ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი აღმოაჩინა და ის მაშინვე წაიყვანა ქუთაისის თეატრში მთავარ მხატვრად. პეტრე ოცხელის შემოქმედებას ეკუთვნის სწორედ იმ უდიდესი სპეტაკლების გაფორმება, რომლებიც მარჯანიშვილმა დადგა ქუთაისისა და თბილისის თეატრების სცენებზე. მარტო ჩამოთვლად რად ღირს მისი და მარჯანიშვილის ერთობლივად შექმნილი გენიალური სპექტაკლები: “ურიელ აკოსტა”, “ყაჩაღები”, “ოტელო”, “ბეატრიჩე ჩენჩი”…. ოპერის სცენაზე პეტრე ოცხელმა გააფორმა სტანისლავსკის დადგმული ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტო”. პეტრე ოცხელს ქუთაისის თეატრში ასევე გენიალურ ქუთაისელ მსახიობებთან მოუწია თანამშრომლობა.

პეტრე ოცხელმა მხოლოდ 9 წელი იმუშავა, თუმცა მან მაინც შეძლო, დაეტოვებინა ნამუშევრები, რომლებმაც დროს გაუძლო. კი მართალია, მასზე თავიდან ამბობდნენ: “ქუჩიდან მოყვანილი ბიჭი, რომელსაც სამხატვრო აკადემიაც კი არ დაუმთავრებია, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო თეატრის მთავარი მხატვარი“. ის კიდეც გახდა თეატრის მხატვარი და ამ 9 წლის მანძილზე თავისი ფენომენალური ნიჭის წყალობით სამუდამოდ დარჩა ქართული კულტურის ისტორიაში. ოცხელი სხვა თეატრის მხატვრებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ მხოლოდ ტანსაცმლის ესკიზების შექმნით არ კმაყოფილდებოდა. ქმნიდა სრულ სურათს სადაც მიმიკა, ხასიათი და როლი ძალიან კარგად ჩანდა. ეს იყო გამზადებული ესკიზები – როგორც კოტე მარჯანიშვილი ამბობდა “გადაღეჭილი ესკიზები მიჰქონდა მსახიობებისთვის.“

უნიკალური ნიჭის მხატვრისადმი თეატრში ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ოცხელი არა მხოლოდ რეჟისორებში, არამედ მსახიობებშიც აღფრთოვანებას იწვევდა. მოსწონდათ ყველაფერი, რაც არ უნდა მიეტანა. თუმცა, ეს მეორეს მხრივ მხატვრის გაღიზიანებას იწვევდა და ამბობდა, როგორ შეიძლება ყველაფერი მოგწონდეთ და ყველაფერი კარგი იყოსო.

პეტრე ოცხელის სიცოცხლე სხვა მრავალი ნიჭიერი და ინოვატორი ადამიანების მსგავსად სისხლიანმა რეჟიმმა შეიწირა 1937 წელს.

მისი ფენომენალური ნიჭის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ სიკვდილის შემდეგაც კი, 1939 წელს ლონდონის მხატვართა გამოფენაზე მისი ესკიზები დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

პეტრე ოცხელმა თავისი შემოქმედებით დროს გაუსწრო და მის მიერ თითქმის საუკუნის წინ შექმნილი ნამუშევრები თანამედროვე ახალგაზრდებშიც კი იწვევს უდიდეს აღფრთოვანებას, რაც მიანიშნებს და დამადასტურებელია იმისა რომ, მისი შემოქმედება მარად უკვდავია და მარად თანამედროვე.”