9 ივნისი, 2023

მოუსმინეთ ტარიელ ხარხელაურს

პოეზიის ხევისბერად წოდებული ტარიელ ხარხელაური საჯაროდ და ყველას გასაგონად საუბრობს მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – სამშობლოზე:

“მე შევცვალე მთვარე წუხელ,
დავცქეროდი ნარიან მთას!
სთქვი, მამულო! რა გაწუხებს,
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დიდგორზე დავიქუხებ,
ბებერ კრწანისს ავაღელვებ.
სთქვი, მამულო! რა გაწუხებს
და წამოვშლი არაგველებს.
ტკივილებით მინამულო,
სთქვი, თუ უნდა დარი ამ მთას.
სთქვი, მამულო!
სთქვი, მამულო!
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია?!
შემოგევლე.
ვდგავარ ცივი გარინდებით,
მშფოთვარ მიწას გადავყურებ,
სისხლიანი ამინდებით
შენს მოშუღარს დავაპურებ.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია,
შემოგევლე!”