3 ივნისი, 2023

ლევან უჩანეიშვილის საოცარი წერილი სესილია თაყაიშვილს

მსახიობმა ლევან უჩანეიშვილმა არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა კინოსა და თეატრის ლეგენდას – სესილია თაყაიშვილს. წერილი გაზეთში “ახალგაზრდა კომუნისტი” 1984 წლის 26 მაისს დაიბეჭდა.

ლევან უჩანეიშვილი სესილია თაყაიშვილს გამოემშვიდობა:

“,ჩაკვდა ეზო, ჩვენი ეზო, სიზმარივით ლამაზი და სიცოცხლით სავსე ეზო.
რა, ბატონი ეროსი არ კმაროდა? მის შემდეგ თქვენ დაგვრჩით, ჩვენი ეზოს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის ბებია.

დედა რომ დედაა, ის არ მტუქსავდა იმდენს, რამდენსაც თქვენ. “ყველასთან თავმდაბალი იყავი, ნუ ათქმევინებ: ჯერ არაფერი გაუკეთებია და ცხვირს მაღლა სწევსო.” დიახ, თავდაბლობა იყო თქვენი ცხოვრების პრინციპი და მეც ამას მასწავლიდით.

თქვენი ოთახი მიყვარდა, ის ოთახი, სადაც პირველად მომისმინეთ და მითხარით “ხელების ქნევა და ყვირილი არ ნიშნავს ლექსის კითხვასო…” ის ოთახი, სადაც პირველად წაგიკითხეთ შანდორ პეტეფის “მიყვარხარ…” საცემრად გამომიდექით ვითომ, დამიჭირეთ და… მაკოცეთ. თქვენი სურათი მაჩუქეთ წარწერით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა მაშინ.

ის პატარა ოთახი მიყვარდა, სადაც გვიან ღამემდე ჩემი შეკითხვებით არ გასვენებდით. “კაი დავიღალე, მეძინება და წაეთრიე ახლა სახლშიო…” ამას ისე ტკბილად მეტყოდით, რომ თქვენგან წამოსულს რაღაც განსაკუთრებული, დიდი რამ მინდოდა გამეკეთებინა.

რამდენს გასცემდით, თქვენი სიცოცხლის რა დიდ ნაწილს და მეც ბედნიერად ვთვლიდი თავს. მეც მეამაყებოდა, რომ თქვენი “სესილია ბებიას” მეზობელი ვიყავი, ამით თიქოს რაღაც მემატებოდა, თითქოს რაღაცით ვმაღლდებოდი.

ერთი წლის წინ, საავადმყოფოში ჩემი ინტერვიუ მოგიტანეთ. ბავშვივით გიხაროდათ, სანამ თქვენს გვარს მოკრავდით თვალს. მერე ხმამაღლა წაიკითხეთ:
– “თქვენი საყვარელი მსახიობი?”
– “სესილია თაყაიშვილი”. ხელმეორედ გადაიკითხეთ.
“ჩემს მეტი ვერავინ ნახე გაზეთში გასაწერიო” მეჩხუბეთ და დაუმატეთ “უჩემოდ აწი არაფერი დაწეროო.”

ახლაც რომ თქვენზე ვწერ თქვენი თხოვნის მიუხედავად? მაპატიეთ, სესილია ბებია. მაპატიეთ, რამეთუ ვეღარ გაჩვენებთ ამ გაზეთს, ვეღარ წაგაკითხავთ და ვეღარ “გაგალანძღიებთ” თავს.

ერთი ოცნება კი მქონდა – თქვენთან ერთად მეთამაშა…
ჩაკვდა ჩვენი ეზო, სესილია ბებია და ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი…

თქვენ, ბატონი ეროსი და… ნახვამდის, სესილია ბებია! თქვენი “ზურიკელა” ლევან უჩანეიშვილი.”