12 ივნისი, 2023

დიმიტრი ყიფიანის საოცარი ისტორია

რუსების მიერ სასტიკად მოკლული დიმიტრი ყიფიანის საოცარი ისტორია, მართლაც რომ შთამბეჭდავია:

“მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით, ლუკმა-პურით, რომელსაც ვსჭამ, და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით.
საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული.
საჭიროა ამ ორი სიტყვიდან – რუსი და ქართველი – ერთი სიტყვის შემუშავება, მათის მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში სიტყვით და საქმით.”

როდესაც პავლე ეგზარქოსმა საქართველო და ქართველები დაწყევლა, დიმიტრი ყიფიანმა მას წერილი მისწერა:

„თქვენო უსამღვდელოესობავ! მოიღეთ ჩემზე მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, გატაცებული ხმებით, ვცოდავ, შემინდეთ შეცოდება, მაგრამ ეს ხმები ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც ამიტომ მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან. იგივე ხმები, არ კმაყოფილდებიან რა თქვენი ღირსების ამგვარი შეურაცხყოფით, იმასაც ამბობენ, ვითომ თქვენ განზრახვა გქონდეთ ბოდიში მოიხადოთ სამწყსოს წინაშე იმ უცოდვილეს სიტყვების გამო, რომელნიც თქვენ წარმოგითქვამთ. თუ ყოველივე ეს, მეუფეო, მართალია, თქვენი ხარისხის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ გავიდეს შეურაცხყოფილ ქვეყნიდან. ამას მოგახსენებთ თქვენ წმინდა გულით და წრფელის სურვილით, თავიდან ააცილოს ქვეყანას ახალი დიდი შეცოდება, თქვენი სამწყსოს ერთი წევრი. ხოლო, თუ ყოველივე ეს მართალი არ არის, შემინდეთ მე და მიიღეთ ჩემზე თქვენი მწემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი მეუფების მორჩილი მსახური დ.ი. ყიფიანი“.

დიმიტრი ყიფიანი სათანადოდ დაისაჯა – დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს:

„პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვათავებ! უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდი! ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდ კაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალი მე ვიყო!”

მართლაც დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მოკლეს.  იმდროინდელი პრესა წერდა, რომ იგი მძინარეა მოკლული, გვამს თავში მძიმე ნივთი – სასწორის ქვა ჰქონდა ჩარტყმული და ხელ-ფეხი შეკრული.

აკაკი წერეთელი:

„ქართველობას მისთვის, სიცოცხლის გარდა, არა მიუცია რა!.. ყოველიფერი რუსობამ მოახვეჭინაო.“

ილია ჭავჭავაძე:

“იგი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა “ჰოს”, როცა მისი გული ამბობდა, “არა”.