12 ივნისი, 2023

ალეკო შუღლაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

მწერალი ალეკო შუღლაძე თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანეს და ძალიან საყურადღებო წერილს გვიზიარებს:

“გაგანია 90-ანებში ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მოვხვდი უცხო სასტავში და პისტოლეტს ვინც ათამაშებდა, იმან მკითხა: ვაფშე რას ფიქრობო?

მეთქი რამე არ შემეშალოს, და ასეთი პასუხი გავეცი: დრო მაგრად აირია, ვისი ვისშია ვერ გაიგებ, შენ თვითონ რას ფიქრობ-მეთქი?

იმან კი, იცით, რა მიპასუხა: ცოტაც დაველოდოთ, ბოლომდე როცა აირევა, ორი საკაიფო ნაკოლი მაქვს, ორი ოჯახი, ჩაქცეულები არიან, მაგათი დედები რომ მოვტ*ან და ეგრევე დავეცეთო.

ხვდებით, ჩემთვის რაც კოშმარი იყო, ის გარემო პისტოლეტიანისთვის ქერით სავსე ორმო აღმოჩნდა. მე წესრიგზე და მშვიდობაზე ვფიქრობდი, ის კი ქაოსზე და ყაჩაღობაზე. მე სიბნელის მეშინოდა, იმას კი სინათლის.

ახლაც ასეა. როგორც ჩანს, ძალიან დიდ ნაწილს მოუწესრიგებელი, კორუმპირებული, ქაოსური ქვეყანა სჭირდება, რეალურად ასეთი სამყარო სჭირდება, ამ მღვრიეში თევზაობს, აქ გასდის, ასეთია მისი არსებობა. ჩვენ გვგონია, რომ ვაი, საწყლები, შეცდომაში არიან შესულნი, როცა საბჭოეთს და ქურდულს მისტირიან, ჩაწყობებს და ნეპოტიზმს. მაგრამ არა კაცო, რა შეცდომა… რეალურად ეს უნდათ. რით ვერ გაიგეთ?!

ერთი სული აქვთ, უფრო აირიოს და მერე ნახე, ახალი მხედრიონი და უპრაგონობა. ხელოვნებაში აირია, აკადემიაში აირია, სასამართლოში აირია, გზაც აირია დანარჩენი მსოფლიოსკენ. ანუ ზონაში ვართ. ჩვენ დაჩაგვრას უკვე აღარაფერი უდგას წინ. და რადგან ასეა და აღარაფერი გამოგვდის, ორი ვარიანტი დაგვრჩენია: ან უბრალოდ მამაცნი გავხდეთ და ისე შევაკვდეთ, ანდა ჩვენც უფრო მეტ არეულობას დაველოდოთ და იქით მიუვარდეთ ვინმეს.”