5 მაისი, 2023

რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის აზდაკი

რობერტ სტურუას ლეგენდარული სპექტაკლი “კავკასიური ცარცის წრე” ერთ-ერთია რუსთაველის რეპერტუარში, რომელიც სრული ანშლაგებით მიმდინარეობდა.

მთავარ როლს – აზდაკს – ტრიუმფალური მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე ასრულებდნენ.

გერმანიაში გასტროლზე ყოფნის დროს ეროსი მანჯგალაძემ სპექტაკლში თამაშზე  უარი განაცხადა.

მომხდარს რამაზ ჩხიკვაძე ასე ხსნიდა:

“ხალხში არის მითქმა-მოთქმა, რომ რაღაც გაუკეთეს ეროსის… მე რომ ფეხი ვიტკინე, სპექტაკლი “კავკასიური ცარცის წრე” ძალიან დიდ მაყურებელს იკრებდა და გაჩერება რეპერუატრში მაგისი ცოტა ძნელ იყო. თაბაშირში მქონდა ფეხი და როდის ვითამაშებდი ამ სპექტაკლს? რობერტმა შესთავაზა ეროსის აზდაკის როლი ითამაშეო. ეროსი დათანხმდა. ითამაშა თბილისში 5, 6 თუ 7 სპექტაკლი, ზუსტად აღარა მახსოვს.

თეატრი მაგ დროისთვის გერმანიაში მიდიოდა საგასტროლოდ. ფეხი მომირჩა, უკვე შემეძლო თამაში და თბილისშიც ვითამაშე – ერთ სპექტაკლს მე ვთამაშობდი, მეორე სპექტაკლს ეროსი თამაშობდა. იყო პირველი შემადგენლობა და მეორე შემადგენლობა. მეორე შემადგენლობაში დუბლიორები თამაშობდნენ. დუბლიორად ითვლება კაცი, რომელიც სპექტაკლში მეორედ შემოდის, ე.ი. ჯერ შენ ითამაშებ პირველ სპექტაკლში და მერე ის შედის მეორე სპექტაკლში. ეროსი მეორე შემადგენლობაში იყო, მე პირველში ვიყავი…

ჩავედით გერმანიაში. ყველა ვნერვიულობთ, როგორ მიიღებენ გერმანიაში – ბრეხტი გერმანელი ავტორია და არაერთხელ დადგმული მსოფლიოში და მით უმეტეს გერმანიაში. გვინდა, დაიქუხოს გერმანიაში ამ სპექტაკლმა, მაშინ მაინც პირველი გასვლები იყო თეატრის და გვინდა რეცენზიებიც კარგი იყოს და შეფასებაც.

პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშეთ, ვითამაშე მე, იმიტომ რომ პირველი შემადგენლობა ვიყავი და არა იმიტომ რომ ეროსი ვიყავი თუ რამაზი ვიყავი. დიდებული მიღება იყო, საოცრად მიიღო გერმანელმა მაყურებელმა ჩვენი სპექტაკლი, ძალიან მოეწონათ. რობერტს ისე აქვს გაკეთებული ეს სპექტაკლი, რომ არ შეიძლება ცუდად მიიღო. ბრეხტის სპექტაკლები ითვლება უფრო მოსაწყენ სპექტაკლებად, მაგრამ მან ეს მოწყენილობა მოხსნა და პირიქით, საოცრად საინტერესო სანახაობა გააკეთა.

ვითამაშეთ ეს სპექატკლი და თქვეს, რომ დღეს პრესიდან არავინ ყოფილაო, არც კრიტიკოსები იყვნენ, დღეს არ შეეძლოთ, ხვალ მოდიან ყველანიო. რობერტმა და ნოდარ გურუბანიძემ გადაწყვიტეს, რომ რადგან ასე მოხდა, მეორე სპექტაკლიც ითამაშოს მაინც პირველმა შემადგენლობამ, იმიტომ რომ პირველი შემადგენლობა არის სპექტაკლის ის სახე, რომელიც რეჟისორმა გააკეთა. მესამე სპექტაკლი ეროსიმ ითამაშოსო. ეროსი ის არტისტია, რომ… რა გამოვიდა? კრიტიკოსები რომ მოდიან, მე ისე ცუდად ვთამაშობ, რომ არ უნდა ვითამაშო?! სიცუდეზე არ იყო, ეროსი თავისთავად კარგი იყო, მაგრამ როლს მე უფრო მორგებული ვარ, უფრო დიდი პრაქტიკა მაქვს, რამდენჯერ ვითამაშე და ეროსის სულ 5-6-ჯერ ჰქონდა ნათამაშევი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ უნდა ითამაშოს რამაზმა. ეს რომ მე გავიგე, შევედი მაგათთან და ვუთხარი, ეს რომ მოხდეს, ეს სასკანდალო ამბავია, არ ვიცი კრიტიკოსები მოვლენ თუ არ მოვლენ, უნდა ითამაშოს ეროსიმ. ყველანაირად გავაკეთე ისე, რომ დავითანხმე, დღეს თამაშობს ეროსი. შევედი ეროსისთან, ის უკვე გაბრაზებულია, გაუგია ეს ამბავი, ვუხსნი, რომ არ ყოფილა არაფერი, ამათმა მექანიკურად თქვეს, რომ დღეს პირველმა შემადგენლობამ უნდა ითამაშოს, არ იყო შენზე ლარაპაკი, შენ თამაშობ, ძმაო, წადი და გაიგე თუ გინდა-მეთქი. დედაჩემი რომ ადგეს საფლავიდან, აღარ ვითამაშებო, თქვა და არ ითამაშა და არ ითამაშა. ეს იყო სულ.

რომ ვთქვა, რომ აქ დამნაშავე არის რეჟისურა და ის ხალხი, ვინც გადაწყვიტა, რომ ასე იყოს, ვერ ვიტყვი. შეიძლება ასეთი აზრი მოუვიდეს კაცს თავში, რომ პირველმა შემადგენლობამ ითამაშოს მაშინ, რადგან კრიტიკა არ მოსულა. აქედან დიდი ნაწყენობა არ უნდა იყოს. მაგრამ ის, რომ ეროსის ეწყინა, არც მას ვადანაშაულებ, ალბათ გულში გაივლო, რა ჯანდაბად ვითამაშე ეს როლი, რად მინდოდა, თუკი პირველ შემადგენლობას ათამაშებდნენ ყველგან და ჩვენ მეორეხარისხოვნები ვიქნებოდით. ეს გაღიზიანება იყო.
თბილისში ააგორეს ამბავი, აწყენინეს, ეს უქნეს… არავის არაფერი არ გაუკეთებია ეროსისათვის, ვერ გაბედავდა ვერავინ ეროსისათვის რაიმე ცუდი გაეკეთებინა. მერე ისე აეწყო რეპერტუარი, ერთი-ორი გამარჯვება იყო, იქ კავკასიურიდან მოყოლებული, რიჩარდი…

ამ პერიოდში ეროსის არაფერი არ ჰქონდა სათამაშო, “ხანუმაც” გაჩერდა, განახლება გვინდოდა, თითქოს განვაახლეთ, მაგრამ არ გამოვიდა. ეროსი დარჩა ისე, რომ იმ პერიოდში არ ჰქონდა სამუშაო. ამან გაანაწყენა. რა თქმა უნდა, განაწყენდებოდა იმიტომ, რომ ის ისეთი ძალისა და ისეთი ნიჭის მსახიობი იყო, მას უნდოდა, რეპერტუარში ყოფილიყო და ახალი ეკეთებინა. ის არ ტყუის ამაში…”