1 მაისი, 2023

ნუცა ბუზალაძის საუკეთესო შესრულება

ნამდვილად რთულია უნიჭიერესი ნუცა ბუზალაძის გამოსვლებიდან საუკეთესოს დასახელება, თუმცა “ამერიკის ვარსკვლავში” ერთ-ერთი ბოლო შესრულება ნამდვილად საუკეთესოა.

ნუცამ  ფრედი მერკურის უკვდავი ჰიტი “The Show Must Go On” იმღერა და  ტრადიციულად, ჟიური ფეხზე წამოუდგა, დამსწრე საზოგადოებამ კი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნუცა “ამერიკის ვარსკვლავს” დაემშვიდობა, ლაიონელ რიჩიმ მისი შეფასებისას აღნიშნა – რომელ ადგილზეც არ უნდა გასულიყო ნუცა, მან “ამერიკის ვარსკვლავის” მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიას დაანახა, რომ ის არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი და აბსოლუტურად მზადაა ამერიკულ შოუ-ბიზნესში მუშაობისათვის.

ნუცა ბუზალაძე:

“ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი.

ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!

ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცენდენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს “ამერიკის ვარსკვლავის” ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი, რაც მივიღეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გამარჯვება!

დიდი მადლობა თქვენ – ჩემს გულშემატკვრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს – საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!

ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა” ან #nutsfornutsa.
მიყვარხართ!”