28 მაისი, 2023

ნინო სურგულაძის ულამაზესი ზღაპარი საქართველოზე

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ სამშობლოს – საქართველოს ულამაზესი ზღაპარი მიუძღვნა:

“გუშინ ღამე დავწერე და გიზიარებთ.

ზღაპარი საქართველოზე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა, ლამაზი ქვეყანა… სამოთხის სადარი და ამ ქვეყანას საქართველო ერქვა. თავისი ენა ჰქონდათ სრულიად განსხვავებული სხვათაგან… თავისი ადათ-წესები ასევე განსხვავებული და მომხიბვლელი. თურმე ღვთიური სასმელი ღვინოც კი მათ, ქართველთ დიდ წინაპართა შვილებს მოუგონიათ და მათ პირველად შეიგრძნეს თრობა და ნეტარება… ამ პატარა და ნატიფ ქვეყანაში ჰყოლიათ დიდი რუსთაველი, თამარ მეფეზე, დიახ, არ მოგესმათ, მეფეზე შეყვარებული ჯადოსნურ კალმით რომ ამკობდა მის სიდიადეს… სწორედ საქართველოში ჰყოლიათ 9 ძმა ხერხეულიძეები, 300 არაგველი, 100000 მოწამე, დიმიტრი თავდადებული… დავითი მეფე და მამა ერისა, რომელიც მართა რწმენითა და მახვილით. და გაშლილიყო საზღვარი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ქართველთ შვენოდათ ჩოხა… აბჯარი, ხმალი… მრავალრიცხოვან მტერთან შერკინება მედგრად უფლის სახელით…. ეკლესიები ჰქონიათ ბევრი ლამაზ და წმინდა ხატებით მოფენილი ტაძართ კედლები… მოციქულები… ნინო ჰყოლიათ ფრთა დახრილი ჯვრით ხელში ზედ ნაწნავითვე შემოხვეული უფლის მადლით და ძალით…

მანდ უყვარდათ გალობა ღვთიური და ხალხური მრავალხმიანობა…  ცეკვა ქართული ვეფხვთა და გავაზთა მიხვრა-მოხვრითა და სისწრაფით. ამ ქვეყანაში უყვარდათ თავდავიწყებით ქეთოს და კოტეს ერთმანეთი… ქართველებს სუფრა ჰყვარებიათ დალოცვილი მრავალფრთიანი თამადობით შემკული… გალაკტიონი მეფე პოეტი სიტყვათა, აზრთა დიდი გრძნეული… და გაზაფხულზე…. საქართველოში ატმის რტოზე ბულბულთან ერთად იქვე თურმე ჰამლეტი უმღეროდა ამ ქვეყნის შვილებს. ამ ზღაპარს არ აქვს დასასრული და საზღვარი… რადგან ქვეყანა პატარა იყო სამოთხის სადარი, მაგრამ ნაყოფი მისი დიდი იყო მუდამ და განუზომლად მნიშვნელოვანი დიდ ასევე ზღაპრულ სამყაროში… სადაც ამდენი განსხვავებული თანაარსებობს…

ამ ზღაპრის ბოლო კეთილია, რადგან მას ასე სურს, საქართველოს და ღვთისმშობელსაც ვისი წილხვედრობაც ერგო მას წილად… მეზღაპრე ყვება, ბავშვები უსმენენ და სიყვარულით იმეორებენ: ჰოი, საქართველო! ჰოი, საოცრება! ჩვენც გვინდა მათი ლამაზი ენა, მათი გალობა და ღირსებები… მეზღაპრე ამბობს ეს ზღაპარია იმ ქვეყანაზე, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ყველა ზღაპარი ხომ სიმართლეა დავიწყებული დიდი ხნის წინათ… თქვენ შეგიძლიათ ის გააგრძელოთ და გაიხედოთ ზღაპრების მიღმა… თქვენი სიკეთით, თქვენი სიმართლით, თქვენი ნიჭით და თქვენი ჰანგებით იბრძოლოთ ისე, როგორც დავითი, იმღეროთ ისე, როგორც ჰამლეტი… შექმნათ ახალი ძველთან მიბმული… ფეხბედნიერი განახლებული ერი… არ დაგავიწყდეთ რომ ეს ზღაპარი ბოლოს კეთილად უნდა დამთავრდეს… რომ ისევ საქართველო მზის სადარი გაბრწყინდეს საკვირველი ძალით და რწმენით.

რომ თქვენ ხართ ძალა და გენი… უდიდესი ერის შთამომავალნი! იარეთ სანთლით დღისით და ღამით ეძიეთ მსგავსნი თქვენი და კარგნი… ზღაპრად აქციეთ თქვენი ქვეყანა ძველი დიდება რომ დაუბრუნდეს! რომ მტერი შედრკეს… და მოიხიბლოს ქართველთ ღირსების უდიდესი ძალით, სიკეთის სხივით, სინდისის ძარღვით და ვაჟკაცობით წინაპრის ბანით! და იმ ვაჟებით სისხლადუღებულთ რომ უცემთ გული…

ამ ზღაპრის ბოლო კეთილი უნდა იყოს!
რომ კვლავ გაბრწყინდეს ივერია მიწიდან ცამდე…
მხოლოდ წერისას არ დაივიწყოთ, რომ შემდეგ სხვები, თქვენი შვილები წაიკითხავენ, გააგრძელებენ და ამ ზღაპარში თავისი ზღაპრით იარსებებენ…

დიდმა პოეტმა ეს სამყარო და მისი დროება სიზმარს შეადარა… მე კი მეზღაპრე ზღაპარს ვადარებ… რომელსაც ჩვენ ვწერთ…. მეზღაპრეები…

წაუკითხეთ თქვენს შვილებს სწორი ზღაპრები, რომ ეს ზღაპარი ნამდვილ ამბად აქციონ შემდეგ… რომ ეს ზღაპარი ნამდვილ ამაბად აქციონ შემდეგ… და გააცოცხლონ ძველი დიდება მართლაც ზღაპრულად.”