12 აპრილი, 2023

ზურაბ ანჯაფარიძისა და ბიძინა კვერნაძის დაუვიწყარი ისტორია

ოპერის მომღერალს ზურაბ ანჯაფარიძესა და კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ. მათ კარიერული წინსვლა ერთმანეთზე იყო დაკავშირებული – ბიძინა კვერნაძის პირველი რომანსი ზურაბ ანჯაფარიძემ შეასრულა და არაჩვეულებრივი რომანისის არაჩვეულებრივმა შესრულებამ კომპოზიტორსაც და მომღერალსაც უდიდესი წარმატება მოუტანა.

განუყრელი მეგობრების შეხვედრებს კი ზურაბ ანჯაფარიძის ძმიშვილი – ლელა ანჯაფარიძე იხსენებდა:

“მახსოვს: როცა ბიძაჩემი, ზურაბ ანჯაფარიძე იტყოდა ხოლმე- „ბიძინა მოვაო“, ყველას გვიხაროდა. არა, მე საერთოდ მიყვარდა ზურიკოს ყველა მეგობრის მოსვლა, მაგრამ ბიძინას, მართლაც, რაღაც დღესასწაული შემოჰქონდა და, გეფიცებით, ახლა ვხდები, რომ ზურიკო თავისი ძმაკაცის მოსვლისთვის, როგორც სპექტაკლისთვის, ისე სერიოზულად ემზადებოდა. ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა იუმორში პაექრობისას არავინ იცოდა წინასწარ, ზურიკო გაიმარჯვებდა თუ ბიძინა.
ერთი სცენა კი დღემდე თვალწინ მიდგას, და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მისი გათამაშების შემდეგ (თანაც დუეტად გათამაშების) პირველად ვიგრძენი, რომ სიცილისგან კაცი მართლა შეიძლება მოკვდეს…

სცენა კი ასეთი გახლდათ: ზურიკო თამაშობდა ბიძინას როლს საბაჟოზე, ანუ პასიურს… იგულისხმებოდა ბიძინას ბოლო გასტროლების დროს ჩასვლა კაპიტალისტურ ქვეყანაში. ბიძინა კი ასრულებდა ზრდილობიანი და კულტურული კაპიტალისტი მებაჟის როლს… და, აი, ის მიდის ზურიკოსთან, ლაღად უღიმის, გახარებული ეუბნება — „კეთილი იყოს თქვენი ფეხიო“, ოდნავ ამოწმებს, ფორმალურად და ეკითხება — „საიდან ხართო?“ ზურიკოც პასუხობს — „Soviet Union!“ აქ ბიძინა (ანუ მებაჟე) ისტერიულად წამოიკივლებს — „Soviet Union?!“ და უცებ ერთ წამში მებაჟე – ბიძინა იცვლება – იღებს მხეცური სახის გამომეტყველებას, უვარდება ზურიკოს ფეხებში და გააფთრებულ ჩხრეკას უწყებს… აი, ხომ არაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას სახით ქართულმა სცენამ ძალიან ძლიერი მასახიობი დაკარგა…

ზურიკო და ბიძინა ხშირად კამათობდნენ, ვის რა წვლილი ჰქონდა შეტანილი ერთმანეთის შემოქმედებაში. ზურიკო აბრაზებდა ხოლმე — შენი მუსიკალური კარიერა ჩემით დიწყოო, რადგან თავისი პირველი რომანსი ვაჟას ლექსზე ბატონმა ბიძინამ, ნიჭიერთა ათწლედს რომ ამთავრდებდა, მაშინ დაწერა და ზურიკოს სთხოვა მისი შესრულება. ბიძინაც არ რჩებოდა ვალში — შენ მაგ დროს საერთოდ არავინ გიცნობდაო (ზუსტად ტოლები იყვნენ) და ჩემი რომანსით დაიწყო შენი აღმაფრენაო.

ერთი სიამოვნება იყო მათი ამ კამათის და შეხუმრებების მოსმენა… ხომ არ გგონიათ, რომ რამეში მეორდებოდნენ, არა, ყველაფერი იმპროვიზაციაზე იყო აგებული…”