14 აპრილი, 2023

წითელი პარასკევის სიმღერა გიორგი კეკელიძისგან

giorgi-kek.jpgწითელი პარასკევის სიმღერა – შფოთვის საგალობელი – ასე უწოდა გიორგი კეკელიძემ თავის ახალ ლექსს:

“რადგან ტკივილი ნიშნავს სულის შიგნიდან კაკუნს,
როცა წასვლა სურს და მე სული მიჭირავს კბილით,
სულის ნაფლეთად კბილებში ვცრი სიტყვების უკუნს,
და მზეს ვიღამებ, თვალებს ღრუბელს ვახურავ დილის.
ყველაზე შორს ხომ დახუჭული თვალები ხედავს –
ხედავს ჯოჯოხეთს და დახურულ კარებს სამოთხის
და ფიქრი მეწვის, ფიქრი მტკივა და მხედავთ მხედარს,
უსიხარულო ღამეების ტვირთით დაოთხილს.
დღეს დაღლილი ვარ შიშისაგან და შიშიც მიჭირს,
და გული მიჭერს, გული მგუდავს, გული ორგულობს
და თითქოს თავის გადარჩენის დავკარგე ნიჭი,
თავი დავკარგე და დარდად მაქვს ყელზე მობმული.
მაღალო ღმერთო, შენ ტკივილი ისწავლე მაშინ,
როცა ცოტა ხნით ჩვენად ყოფნა დაიზეპირე –
ჩვენ კი თხრობითაც გვიჭირს შენი მოყოლა ცაში,
როცა მოაფრენს სამსჯავროზე სულებს ზეფირი.
შენ იცი – რადგან ხმას კი არა, ჩვენს თვალებს უსმენ,
და იცნობ – რადგან ასე მიწად ყოფნის წესია –
ადამიანის თვალებიდან წამოსულ ლურსმნებს,
რომ ეს ლურსმნები ჯვრის ლურსმნებზე უარესია.
ჩვენ ხომ შეგვეძლო თბილი წყალი ჩაგვესხა ტაშტში
და გაყინული დაგვეთბილა სახლში ფეხები –
ხომ უბრალოა, მაგრამ მზის სწორ სასწაულს ვადრი –
წყალზე გავლას ჰგავს ვარცლზე ცივი ფეხის შეხება.
ოფლად ვიშრობდით ჭიანჭველის დახოცილ მოდგმას,
შემთხვევით ქუსლით რომ გავსრისეთ და სულ ვნანობდით
და ტოტებს, როგორც უნებლიედ გამოსხმულ ცოდვებს
ვასხეპდით ხეებს ბნელ დილიდან ღრმა საღამომდე.
და ეს გვყოფნიდა სიხარულად, სიზმრების საგზლად,
დილით მაძღრები ვიღვიძებდით რადგანაც ძილით,
და ვაკითხავდით მივიწყების უშორეს ვაგზალს,
რომ სიკვდილამდე გაგვეწელა წლების მანძილი.
მაგრამ ცხოვრებამ მოულოდნელ ჯვარზე გაგვაკრა,
დაღვრის მაგიერ, ჩვენ სხეულში სისხლი გაგვიშრა
და ვერ ნახავდით სადმე ჯვარზე გაკრულ ავაზაკს,
ავაზაკები იქვე გვესხდნენ ლოგინთან ურცხვად.
მაღალო ღმერთო, აქ მრავალი ჯვარი ასვია,
ჩვენც ვიმეორებთ ჩვენს საკუთარ წითელ პარასკევს,
იცი, ეს კაცთა დაყოლილი ბედი და სვეა –
ჯვარზე გავაკრათ, სანამ ჩვენვე ჯვარზე გაგვაკრეს.
და ისიც იცი, აღსადგომად რა ცოტა გვყოფნის –
გარდაცვალებით სიხარულში სანამ გვამხილე –
გთხოვ, დაგვიბრუნო მკლავში სისხლი და მკლავზე ოფლი,
მოგვეცი თოხი, ოთხი ძირი მოგვეცი თხილი.
რომ ძალა ვიგრძნოთ, გემო ვიგრძნოთ უმწიფარ ხილის,
რომ ისევ ისე დაგინახოთ თხილის ჩეროდან –
გვყოფნიდეს ქარი დასათრობად, ვიჯდეთ დაღლილი,
ვიჯდეთ დაღლილი, ვიღიმოდეთ და გიმღეროდეთ.”