23 აპრილი, 2023

საუკეთესო მიძღვნა ივანე ჯავახიშვილს

საქართველოზე სულით ხორცამდე შეყვარებულ ივანე ჯავახიშვილს საუკეთესო წერილი მიუძღვნა ლელა ანჯაფარიძემ:

“ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ის დღეა, როდესაც განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ…

მართალია დედა უკრაინელი მყავდა, მაგრამ ეს ჩემი სიტყვები მას გაახარებდა… თვითონაც ამაყობდა იმით, „რომ ქართველი იყო“… და ისეთი ფაქტები იცოდა საქართველოს ისტორიიდან, რომ ზოგ ქართველსაც კი შეშურდებოდა…

სწორედ ამ დღეს 1876 წლის 23 აპრილს დაიბადა დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადოებრივი მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის ერთერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილი. კაცი, რომელიც ქართველი კაცის ეტალონად მიმაჩნია…

ლამაზი, ძლიერი, ნიჭიერი, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი და კარგი ოჯახის შემქმნელი, უდრეკი და ამავე დროს საოცრად თბილი და გულდაუცველი…

კაცი, რომელიც ცხოვრობდა საქართველოთი და საქართველოსთვის…

სამწუხაროდ, ჩვენი თაობაც კი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში… ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ახალგაზრდებმა ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად მაინც არ იამაყონ ასეთი ბუმბერაზი ადამიანებით…

მახსოვს, როდესაც გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და რაღაცა ანკეტას ვავსებდი, ჩავწერე – „ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“… მამამ გადახედა ანკეტას და მეკითხება ი.ჯავახიშვილი ვინ არისო?“ მე გავიღიმე, მეგონა ხუმრობს და ომახიანად გამოვაცხადე – „ივანე ჯავახიშვილი“! ჯემალიკომ შემომხედა და „მერე ამ კარგ კაცს სახელში 4 ასო რატომ დააკელიო? ახლა შენზე როდისმე რომ დაწერონ ლ.ანჯაფარიძე – მოგეწობნებაო? არ მოგეწონებაო, რადგანაც ლ კი არა ლელა ანჯაფარიძე ხარო“.

იმის შემდეგ, ყოველთვის როცა ვწერდი უნივერსიტეტზე, აუცილებლად ვწერდი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის“, როცა ვწერდი ოპერაზე, „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის“… არასდროს არ შემიმოკლებია სახელები… ალბათ, პატარა ნიუანსია, მაგრამ…

ბატონი ივანეს მამა, თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი გახლდათ გიმნაზიის მასწავლებელი და წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სკოლების ზედამხედველად. ყვებიან, რომ იყო ძლიერი ინტელექტის, მტკიცე ნებისყოფის კაცი, რომელსაც ახასიათებდა პირდაპირობა და ხასიათის სისპეტაკე და თავმდაბლობა…

ივანეს დედას – თელავის თავადის, ათანასე ვახვახიშვილის ასულს, სოფიოს აღწერენ როგორც მაღალ, ლამაზ, უაღრესად სათნო და კეთილი ზნის ქალს, მორწმუნეს და დარბაისელ მანდილოსანს…

ქართველი ხალხი ბრძენია… ტყუილად კი არ შექმნა ანდაზა – „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე“.

რა თქმა უნდა, ასეთ ოჯახში განსაკუთრებული აურა ტრიალებდა… ივანეს 5 და-ძმა ჰყავდა – ეკატერინა, გიორგი, დათა, ალექსანდრა, მიხეილი… მშობლები მათი ქართული ადათ-წესით ზრდიდნენ უღვიძებდნენ ინტერესს სამშობლოს ისტორიისადმი და უნერგავდნენ ქართული ენის სიყვარულს…

ბატონი ივანე იხსენებდა, რომ მათ სახლის ბიბლიოთეკაში ყველა წიგნი მოიპოვებოდა, რაც კი კავკასიაში და საქართველოში იყო გამოცემული… მომავალში ივანე ჯავახიშვილი დაწერს – „ვერასდროს ვუგებდი იმ თავადებს, რომელთა ოჯახშიც ქართულ ენაზე საუბარი ეთაკილებოდათ. დედ-მამამ, და-ძმა ყრმობიდანვე დაგვაჩვია ქართულ საუბარს და უცხო ენას მხოლოდ ცოდნის გასაღრმავებლად ვიყენებდით, მაგიტომაც ჰქვია, ჰო ალბათ, უცხო ენას უცხო, და არა მშობლიური“…

ერთხელ მამამ პატარა ივანე თეძმის ხეობაში წაიყვანა, რკონის მონასტრის შესასწავლად და არქეოლოგიური მასალების შესაგროვებლად… ივანე კარგად ხატავდა და ჩაიხატა მონასტრის ჩუქურთმები… ჩუქურთმები ჟამთა სვლამ გაანადგურა და ისინი შემორჩნენ მხოლოდ მის ნახატებში… სავარაუდოდ, ეს იყო პატარა ივანეს პირველი ისტორიული ექსპედიცია… ის პირველი საფეხური, რომელიც წლების შემდეგ, 1902 წელს, მას და მის პედაგოგს, საოცარ მეცნიერსა და კაცს, ნიკო მარს აიყვანს არაბეთში სინას მთაზე, ქართული ხელნაწერების შესასწავლად… მაშინ მათ არაერთი ფასდაუდებელი ძეგლი გამოავლინეს…
ალბათ, ბევრი „ძალიან დილა მშვიდობის“ არ მეყოფა, დაახლოებით მაინც რომ ავღწერო ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი და ამაგი…

ამიტომ ვეცდები, რაღაცა მთავარი და საკვანძო მომენტები შეგახსენოთ…
1895 წელს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, რომელშიც, ქართული ენისა და კულტურის დევნის გამო სწავლა არ მოსწონდა, მაგრამ იმდენად მაღალი მიზანი ამოძრავებდა, რომ მაინც წარჩინებით სწავლობდა და პარალელურად ეცნობოდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს, ივანე ჯავახიშვილმა ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთერთი ძლიერი აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფოლებაზე, სადაც მას ლექციებს უკითხავდნენ ცნობილი მეცნიერები -ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ვიქტორ როზენი…

უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე, ივანე ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც ცდილობდნენ და საკმაოდ წარმატებულად – აღედგინათ ქართული ენისა და კულტურის პოზიციები… ცოტა ხანში კი, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, დამყარდა ამიერკავკაიიდან ჩაული სხვა ეროვნებების სტუდენტთა მონაწილეობით, – „ამიერკავკასიის სათვისტომო“…

იცით, რატომ მიყვარს ეს კაცი კიდევ უფრო?
რომ „იმ დროს”, რუსეთის კულტურისა და განათლების ცენტრში – სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სამეცნიერო საბჭომ ის დააჯილდოვა ოქროს მედლით ნაშრომისთვის, რომელიც ბოლომდე ქართული იყო – „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“…
ბატონი ივანე ოცნებობდა თბილისისში უნივერსიტეტის გახსნაზე… თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, ხოლო 30 იანვარს თავისი პირველი ლექცია უნივერსიტეტში წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა….
მისი 1918 წლის აგვისტოს ჩანაწერებში კი ვკითხულობთ – „დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თვეების მსჯელობის შემდეგ საკითხი დადებითად გადაწყვიტა და უნივერსიტეტს სახელმწიფო სტატუსი მიანიჭა და ეწოდა მას “ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”!

ცალკე საოცარი ისტორიაა – ივანე ჯავახიშვილის ადამიანური თვისებები…
(თუ არ შეწუხდებით, გახსენით და ნახეთ, – რა სხვანაირი ხელმოწერა ჰქონდა – ლამაზი და მიამიტი)…
ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ სწორედ ის ჩაუდგებოდა სათავეში უნივერსიტეტს… მან კი ამ თანამდებობეზე რეკომენდაცია გაუწია მეგობარსა და შესანიშნავ მეცნიერს – პეტრე მელიქიშვილს, რადგანაც ჩათვალა, რომ ის მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი იყო და თბილისის უნივერსიტეტისთვის მას უნდა ეხელმძღვანელა… თავად ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა…
1919 წლის 16 დეკემბერს უნივერსიტეტის საბჭომ რექტორად აირჩია ივანე ჯავახიშვილი… როგორც აღმოჩნდა, თავის დროზე პეტრე მელიქიშვილი რექტორობაზე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ მას მალე შეცვლიდა გავახიშვილი…

აი, ასეთი ურთიერთობები იყო მაშინ…
სამწუხაროდ, მათაც ვერ გადაარჩინეს ივანე ჯავახიშვილი გულისტკივილისგან. როდესაც ის …1931 წლის 28 მაისს უნივერსიტეტიდან გააძევეს…
მართალია, მაშინ იძახდნენ, რომ ჯავახიშვილი დაპატიმრებას გადაურჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მის ბედში პირადად სტალინი იყო დაინტერესებული…
არა მგონია, რომ სტალინს ის არ ესმოდა, რომ ივანე ჯავახიშვილისთვის უნივერსიტეტიდან წასვლა ყველა პატიმრობაზე მძიმე იყო…
ივანე ჯავახიშვილი იყო მებრძოლი, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის საკუთარი თავის დაცვა ყველაზე ძნელი საქმეა…
ის მაღალი ზნეობით გამოირჩეოდა და საოცარი შინაგანი კულტურით… ასეთი ადამიანები უკულტურო ხალხს ვერ ებრძვიან…

ივანე ჯავახიშვილი სხვანაირად სათუთი და ფაქიზი სულის კაცი იყო… როცა დრო გექნებათ, წაიკითხეთ მისი დახვეწილი მეუღლისადმი, თავადი ანასტასია (სტაზია) ორბელიანისადმი, (რომელიც მევიოლინე გახლდათ და თავად პაგანინის მოსწავლე!) მიძღვნილი წერილები… რამხელა სითბო და სიყვარულია…
თავის შვილებს – ნათელას, კახას და ალექსანდრეს – „ჩიტებს“ ეძახდა… და ახლა, ასეთი კაცი როგორ და რა ხერხით უნდა შებრძოლებოდა რაღაცა მისთვის გაუგებარ საშინელებას… დარწმუნებული ვარ, ეს პროფესორი კაცი, უცხო მტერს პირველი დახვდებოდა, იარაღით, მაგრამ როცა მტერი შენიანია, გაუსაძლისია…

მართალია, შემდგომში მოხდა ბატონი ივანეს რეაბილიტაცია, ის გახლდათ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, გააგრძელა მუშაობა ისეთ ნაშრომებზე, როგორიცაა „საქართველოს სამართლის იტორია”, „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“… 1937 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა შოთა რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორის და მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თანამდებობებს…

მაგრამ, გულმა ზოგჯერ ისეთი გატეხვა იცის ხოლმე, ვეღარ მიაწეპებ…
ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა 1940 წელს, 64 წლის ასაკში, ლექციის კითხვის დროს… დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში…

1947 წელს მიენიჭა სტალინის სახელობის პრემია… უკომენტაროდ…”